ქართულ-ებრაული

ექსკლუზივი! იაკობ გაგულაშვილი: გაუფრთხილდით ერის სულიერ მამას, გახსოვდეთ, რომ ის ჩვენი დროის ნამდვილი გიბორია!

    გუშინ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღებაზე ხალხმრავლობა იყო. მოწვეულნი იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, ებრაული თემი, ქართული საზოგადოება. ხანუქის პირველი სანთელი რაბინებთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ აანთო. განსაკუთრებულად ემოციური მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის გამოსვლა გახლდათ. ღონისძიების დასასრულს, შეხვედრამ არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლა, სადაც რაბი იაკობმა თავის გამოსვლა მცირე განმარტებებით განავრცო, სპეციალურად ჩვენი რუბრიკისათვის.

,, მაშ ასე, მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი, ხანუქის დღესასწაული, თბილისის დიდი სინაგოგა, 2019 წ. 22 დეკემბერი, დღეს ებრაელებისთვის დიდი დღესასწაულია – ხანუქა, გახახლების, კურთხევის, სინათლის დღე. ხანუქა ჩვენთვის დიდ რამეს ნიშნავს, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ უმცირეს შუქს შეუძლია დიდი სიბნელე გადევნოს, უიმედოს იმედი მისცეს, ამასთან დაკავშირებით, თბილისის დიდ სინაგოგაში ბევრი საპატიო სტუმარი გვეწვია. მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მთავრობის წევრებს, ისრაელის ელჩს საქართველოში, მივესალმები ჩვენს რაბინებს, ერისკაცებს, ებრაული თემის წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას.

 დღეს ისტორიული საღამოა, არა მარტო ქართველი ებრაელებისთვის, არამედ ყველა ებრაელისთვის და თქვენ ამ საღამოს ესწრებით დღეს. იდგა ისეთი პერიოდი მაშინ ებრაელებისთვის, რომ დიდი სიბნელე ჩამოწვა ჩვენს თავზე, ბევრი დევნა გაიარა ჩვენმა ერმა, მაგრამ მაშინ გამორჩეული დევნის ხანა იყო, გამორჩეული გალუთი და დევნა ვიგრძენით – სულიერი დევნა. დამპყრობლებს ქონდათ იმის მცდელობა, რომ ჩვენი კულტურა წაეშალათ, დაევიწყებინათ და ეს კი ებრაელებისთვის ჩვენი ერის და ეროვნულობის წაშლას ნიშნავდა, აი იმ პერიოდში გამოგვიშუქა გამჩენმა და სასწაულით გამოგვიყვანა სინათლეზე. ქართველებს მინდა ვუთხრა: ქვეყანა მოგცათ ღმერთმა უმდიდრესი, ხალხი – განათლებული, რა გვჭირდება? მხოლოდ ერთმანეთის გაგება, დათმობა, სიბნელე უნდა მოვიშოროთ, ბოროტი უნდა განვდევნოთ, მოვუსმინოთ გვერდზე მდგომს და დამყარდება მშვიდობა ოჯახშიც, ერშიც, პოლიტიკაშიც და მთელს ქვეყანაშიც. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიპოვნოთ სინათლე. გვახსოვდეს სინათლის ბუნება, მისი უპირატესობა ისაა, რომ მცირე ნათელსაც კი შეუძლია დიდი სიბნელის განდევნა. დღეს რომ შევხედავთ მსოფლიოს, და განსაკუთრებით საქართველოს, თითქოს სიბნელეა გამეფებული და ვიხსენებწინასწარმეტყველ იეშაღიას სიტყვებს: აგერ, დიდი სიბნელე ჩამოწვება ქვაყანაზე, დაიბურება ირგვლივ ყოველი, მაგრამ გვაძლიერებს მისივე სიტყვები, რომელსაც შემდეგ ამბობს: წამოდექი შენ და განათლდი, რადგანაც მოვიდა გამშუქებელი შენი. და ღმერთმა ქნას გვაპოვნინოს დღევანდელი დღის მადლით სინათლე, რომელიც შესძლებს საქართველოს სიბნელიდან გამოყვანას. თუ ჩვენ შევხედავთ რუქას საქართველოს ადგილი, ისევე როგორც ისრაელისა – მსოფლიოში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ, სიბრძნე გვმართებს, რომ საქართველოს გეოსტრატეგია მის სისუსტედ კი არა, სიძლიერედ ვაქციოთ. ამის გამო, ისრაელსაც და საქართველოსაც ჰყავს მტერიც და სიკეთის მსურველიც. და ჩვენ ამ საკითხს გონებით უნდა მივუდგეთ. ახლა კი ამ საპატიო ადგილიდან, სადაც გამჩენს ვესაუბრებით ხოლმე, მინდა შევეხმიანო საქართველოს უძლიერეს გმირს, დიდებულ ადამიანს, მსოფლიოში ცნობილ პერსონას, მე მოგახსენებთ საქართველოს გამაერთიანებელ უხუცეს მამაზე, ღვთის კაცზე, ამ ასაკის მატარებელს თორა აჯილდოვებს გმირის ტიტულით, ივრითულად მას „გიბორი“ ქვია, „გიბორი“, ანუ მხცოვანი გმირი. და როგორი გიბორი პატრიარქი მამა ყავს საქართველოს?! ძლიერი! ფალავანი! გამაერთიანებელი – იგი აერთიანებს ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იყოს ის. არის თავმდაბალი და მოსიყვარულე, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, უბოროტო, ქართველი ებრაელების და ყველა ებრაელის უდიდესი მეგობარი და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

 ახლოვდება პატრიარქის ტახტზე აბრძანების დღე – 25 დეკემბერი, ასევე ამ დიდებული ადამიანის დაბადების დღე – 4 იანვარი და მინდა განსაკუთრებული პატივისცემით დავლოცო იგი, ვუსურვო დღეგრძელობა, ასოთხმოცი წელი ჯანმრთელად, ძლიერად ყოფნა, მშვიდობა სხეულში, ირგვლივ და გამჩენთან. ჩვენს უწმინდეს პატრიარქს აქედან შევეხმიანები: როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, არაფერი ყოფილა ისეთი ამ ცისქვეშეთში, რაც არ მომხდარა და არ გამეორდება კიდევ. მე 4 წლის წავედი საქართველოდან და ჩემი გული ისევ აქ მოიწევს, ბავშვი წავედი და რაბინი დავბრუნდი, ახლა მე ვასწავლი იმას, რაც აქ მასწავლეს და მე ძალიან კარგად ვხედავ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს საყვარელ საქართველოში. და გეუბნებით, ბოროტი იმას ებრძვის განსაკუთრებულად, რაც ყველაზე წმინდაა. აი, მოსეს საკუთარი ოჯახის წევრები აუმხედრა ბოროტმა და ცილი დასწამეს იმაში, რა თვისებაც ყველაზე მეტად გამოარჩია გამჩენმა. უახლოესი ადამიანები მოსეს დააბრალებენ იმას, რაც რომ ყველაზე შორს იყო მისგან. თორა მოწმობს, რომ ყველა ადამიანზე უფრო თავმდაბალი ბრძანდებოდა ის, ამას უფალი მოწმობს, მისიანებმა კი რა ცილის დასწამეს? რატომ ხარო შენ ამპარტავანი და დიდგული და რატომ ამაყობო შენს ხალხზე.

ჰოდა, ისმინეთ ქართველნო: გამგები გაიგებს, გაუფრთხილდით ერის სულიერ მამას, გახსოვდეთ, რომ ის ჩვენი დროის ნამდვილი გიბორია! მე საქართველოს მთავრობასაც მივმართავ. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველაფერი უფლისგანაა. ბატონო პრემიერო, თქვენი გამორჩევაც გარკვეული გარემოებების შედეგად კი არ მოხდაა, არამედ მოხდა პირიქით – გარემოებები შექმნა უფალმა, რომ მათ შედეგად თქვენ გამოერჩიეთ! პასუხისმგებლობის თქვენ თავზე აღებით, ბევრჯერ გადაარჩინეთ ქვეყანა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ვისაც უფლისაგან ბევრი მიეცემა, მას ბევრიც მოეთხოვება. გარემოებები იცვლება, ნეტარია ის, ვინც მყარად დგას თავისი სამშობლოს და უფლის სამსახურში. ჩვენ ველოდებოდით დღეს ბატონ ბიძინას, რომელმაც ვერ შეძლო მობრძანება, ვაფასებ მის გადაწყვეტილებას – პრემიერს დაუთმო საპატიო მისია ხანუქის პირველი სანთლის ანთებისა. ვულოცავთ მას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ვუსურვებთ სიკეთეს, სიხარულს, წარმატებას, ჯანმრთელობას და განსაკუთრებულად კეთილი სურვილებით ვულოცავთ პირველი შვილიშვილის შეძენას. იხარეთ და იმრავლეთ, ბატონო ბიძინა! მაზალ ტოვ!!
 ამ დღესასწაულზე ჩვენ სიკეთეს და სინათლეს ვუსურვებთ ყველა გაჭირვებულს საქართველოში და მთელს მსოფლიოში – დევნილს, სნეულს, ხელმოკლეს, ყველა პატიმარს. განსაკუთრებით მინდა შევეხო ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პრობლემას და ვუსურვო მშვიდობით დაუბრუნდეს სულ მალე თავის ოჯახს. ერთი იგავი მინდა გიამბოთ, ისტორიული ამბავი: ავსტრიის იმპერატორი გლახაკის სამოსში გადაცმული ხშირად დადიოდა თავის სამფლობელოში ღამ-ღამობით, უნდოდა უკეთ გაეგო უბრალო ხალხის პრობლემები. მიაქცია ყურადღება, რომ ერთი ოჯახიდან მუდმივად სიმხიარულე გამოდიოდა. დაინტერედა და ეწვია მათ. აღმოჩნდა ებრაელი კაცის, აბრაამის ოჯახი. და ჰკითხა: – მიამბეთ რას შოულობთ იმდენს, რომ ასე ბედნიერად ცხოვრობთ? და უპასუხა აბრაამმა: – სულ 600 მანეთს ვშულობ. 200 მანეთით ვალებს ვისტუმრებ, 200 მანეთს ვალად გავცემ, 200 მანეთით კი გაჭირვებულებს, ხელმოკლეებს, ავადმყოფებს და ყველას იმას ვეხმარები, ვისაც ეს სჭირდება, მადლად გავცემ. – ეგ როგორ, აბრაამ, თუ ვალი გაქვს, მაშინ ვალს როგორღა გასცემ, რა ლოგიკაა? თანაც გაჭირვებულებსაც ეხმარები და თუ სულ 600 მანეთი გაქვს შემოსავალი, რითიღა ცხოვრობთ?..
– ოხ, ბატონო ჩემო, თქვენ ვერ ჩასწვდით ჩემს სიტყვას. მე მართლა ვალი კი არ მმართებს ვინმესი, ჩემი სირცხვილ-ნამუსის ვალში ვიწვები და მშობლებს, ჩემს წინაპრებს ვუბრუნებ ვალს. გავალებული კი ჩემი მომავალია – ჩვენი შვილები. ისინი ხედავენ ჩვენს დაბრუნებულ ვალებს და არც თავად დაარღვევენ ტრადიციას. ამითი ვცხოვრობთ ჩემი ოჯახი. ჩვენი წარსულით და აწმყოთი ვირჩენთ თავს და ამიტომაა, მამა და დედა სუფრის სათავეში დამიჯენია, ჩემი შვილები კი – მათ ირგვლივ. დაე ნახონ, როგორ უნდა სცენ უფროსს პატივი, რომ თვითონაც პატივი მიეგოთ.
 არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი საკუთარი მშობლები, ვინც გაგვზარდა და არც ის უნდა დავივიწყოთ, სად გაგვზარდეს. ზურგი არ უნდა ვაქციოთ ჩვენს სამშობლოს. აი, თითოეულმა შეეკითხოს თავის სინდისს: როგორ შემიძლია მოვიხადო ვალი მშობელთან და სამშობლოსთან?…ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენს გვერდით გაჭირვებულს რომ დახმარება სჭირდება. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ღმერთიც ჩვენს შორის იქნება. ჩემი სიტყვის დასასრულს მინდა ჩემი პირადი მეგობარი და ძმასავით საყვარელი კაცი დავლოცო. ისრაელის ელჩი საქართველოში, შაფთაი ცური თავის მეორე მოწვევას ასრულებს და მიემგავრება ისრაელში მინდა გზა დავულოცო, ვუსურვო წარმატებები. თუმცა შენ არსად მიდიხარ შაფთაი, საქართველო შენშია და შენ საქართველოში რჩები. სამუშაო ადგილს იცვლი მხოლოდ და ხშირად, ძალიან ხშირად ჩამოხვალ აქ. მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ: უწმინდეს პატრიარქთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს და ქართველებს და ქართულ–ებრაულ ურთიერთობებს სრულიად განსხვავებული რეალობით დაანახებს მსოფლიოს. ამაზე როცა დრო მოვა, ჩვენ ერთად მოგახსენებთ”.
სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი–იოსებაშვილი

Related Articles

Back to top button
Close