საზოგადოება

,,ეს ფულიც 90-იანი წლების ანაბრებივით გაქრება”- ის, რაც დაგროვებითი პენსიის შესახებ არ იცით

,,მთავრობამ დაიწყო სათავისოდ ჭკვიანური რეფორმა _ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის სახით. რეალურად, რეფორმა გათვლილია დასაქმებულ და გადასახადის გადამხდელთა ჯიბეზე. ხელისუფლება გვეუბნება, დამატებით, კიდევ 2 % მოგვეცით და ჩვენ შეგინახავთო. აქვე, დამსაქმებელსაც აქვს ვალდებულება, რომ 2 % დამატებით გადაიხადოს. მოკლედ, არის დიდი რისკი იმისა, რომ ისევ დასაქმებულის ხელფასის შემცირების ხარჯზე მოხდეს ამ ფულის გადახდა. დამსაქმებლისთვის ასეთი ვალდებულების დაკისრება სხვა არაფერია, თუ არა ახალი, დამატებითი გადასახადი” _ გვითხრა ,,სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ და საპენსიო რეფორმის კანონპროექტიდან ისეთი ნიუანსები გაგვაცნო, რასაც, რიგითი ადამიანები ჯერჯერობით ვერ ხვდებიან.

თეონა ჭალიძე: 

 _ 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ამ სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება, ბიზნესი კი დაჯარიმდება, თუ დროულად არ გადაიხდის თავის წილ 2 %-ს. სადავოა, რამდენად არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში აღნიშნული კანონპროექტი.
 _ რატომ არის სადავო?
 _ იმიტომ, რომ ამ სისტემაში თავისთავად ვერ ჩაერთვებიან თვითდასაქმებულები და უმუშევრები. შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა ამ კატეგორიაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. მათ ისევ საბაზისო, ე.წ. სოციალური პენსიის სახით, 180 ლარი შეუნარჩუნდებათ. რეალურად, რეფორმა გათვლილია ისევ დასაქმებულ და გადასახადის გადამხდელთა ჯიბეზე. ხელისუფლება გვეუბნება, დამატებით, კიდევ 2 პროცენტი მოგვეცით და ჩვენ შეგინახავთო. აქვე, დამსაქმებელსაც აქვს ვალდებულება, რომ 2 პროცენტი დამატებით გადაიხადოს და არის დიდი რისკი იმისა, რომ ისევ დასაქმებულის ხელფასის შემცირების ხარჯზე მოხდეს ამ ფულის გადახდა. დამსაქმებლისთვის ასეთი ვალდებულების დაკისრება სხვა არაფერია, თუ არა ახალი, დამატებითი გადასახადი.
 საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო აკუმულირებული თანხების ინვესტირებას აპირებს. შედეგად კი, საპენსიო ასაკში, სისტემაში ჩართულმა პენსიონერებმა სარგებელი უნდა მიიღონ. კანონპროექტში ასეა ნათქვამი. თუმცა ძალიან ბუნდოვანია, ვინ და როგორ უნდა მართოს ეს თანხები, ან რა გარანტიები გვაქვს, რომ 90-იან წლების მსგავსად, ანაბრებივით არ გაქრება ჩვენი ნაგროვები ფული და გაუგებარი საფინანსო ორგანიზაციებივით არ გაკოტრდება არასწორი ნაბიჯების შედეგად. ისიც არის შესაძლებელი, რომ თანხები რაიმე კრიზისულ სიტუაციაში იქნეს გამოყენებული და ა.შ.
 კონკრეტულად, იმის თქმაც უჭირთ, როგორ დაანგარიშდება ეს თანხა. შესაბამისად, ახალი სსიპ-ის შექმნა საპენსიო სააგენტოს სახით, სადაც დასაქმებული ადამიანები ისევ ბიუჯეტის ხარჯზე ჩვენ უნდა ვარჩინოთ, მოქალაქეების ინტერესებში ნაკლებად შედის.
_ წინასწარ არ არის ცნობილი, რა სახის ფორმულა ამუშავდება პენსიონერების პენსიის გამოსათვლელად? მაგალითად, თუ 40 წლის განმავლობაში დავაგროვებ თანხას, პენსიას რამდენს მივიღებ, ეს ცნობილია?
_ საბაზისო 180 ლარი ყველას შეუნარჩუნდება. ამას დაემატება დაგროვებული თანხა. უბრალოდ, არავინ იცის, ზუსტად რამდენი იქნება ეს და საერთოდ იქნება თუ არა. ძალიან გრძელ ვადაზეა გათვლილი და გარანტიებიც ნაკლებია. მთავრობა რომ შეიცვალოს და ახალმა მთავრობამ თქვას, მე რა ვიცი , წინამ გახარჯა და იმას მოსთხოვეთო, პასუხისმგებელი ვინ იქნება?
 უფრო მარტივად აგიხსნით, რას გულისხმობს დაგროვებითი პენსია. მაგალითად,  ადამიანი იღებს დაუბეგრავ ხელფასს 500 ლარს. ყოველ თვე, ამ თანხის  2 პროცენტი ანუ 10 ლარი უნდა გადარიცხოს საპენსიო ფონდში. ასევე, ამ ადამიანმს 10 ლარს გადაურიცხავს ყოველ თვე დამსაქმებელი და კიდევ 10 ლარს დაუმატებს სახელმწიფო. ეს პიროვნება ყოველთვიურად დააგროვებს 30 ლარს.  ხელფასის სახით კი, 400-ის ნაცვლად აიღებს 392 ლარს (საშემოსავლო 20 პროცენტი დაექვითება 490 ლარიდან). 500 ლარი ხელფასის მქონე პირი ყოველ წელს დააგროვებს 12×30 = 360 ლარს.
 30 წლის მდედრობითი ასაკის მოქალაქეს, რომელსაც  საპენსიო ასაკამდე ასეთი ხელფასი ექნება (ქალები კაცებისგან განსხვავებით 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე) პენსიის მიღების დროს დაგროვილი ექნება 30 წელი × 360 ლარზე = 10 800 ლარი.
_ დაგროვილი თანხა პენსიონერს ერთიანად გადაეცემა? 
 _  გვეუბნებიან, რომ საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, ამ თანხით, წლების განმავლობაში ინვესტიციებს გააკეთებს და მისგან მიღებულ მოგებასაც დაუმატებს პენსიონერს. რამდენი იქნება ეს მოგება, ჯერჯერობით უცნობია და არც თვითონ იციან. რა თქმა უნდა, ინფლაციაც იქნება გათვალისწინებული, რომელიც  ამ წლების განმავლობაში მოხდება და არ არის გამორიცხული,  როცა გავხდებით 60 წლის გვითხრან, თქვენი დაგროვებული ფული გაუფასურდაო.
 ამ ეტაპზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 72 წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ 60-დან 72 წლამდე, ანუ 12 წელზე გაიყოფა გამოზოგილი თანხა და ეტაპობრივად გადაგვიხდიან. ღმერთმა დაიფაროს და ვინმე თუ 72 წლამდე გარდაიცვალა, დაგროვებულ ფულს  მემკვიდრეს მისცემენ. ვისაც მემკვიდრე არ ჰყავს, მის მიერ დაგროვებულ პენსიას სახელმწიფო დაიტოვებს.
ამბობენ, თუ პენსიონერი შშმ პირი გახდა ან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა,  ერთიანად გამოიტანსო, მაგრამ ამ ნაწილში პროექტი ასევე ბუნდოვანია.

 _ 72 წლის შემდეგ რა მოხდება? უფრო ასაკოვან პენსიონერებს პენსიას არ მისცემენ? 

  _ 72 წლის მერე, მათ პენსია ისევ 180 ლარი გაუხდებათ.
  40 წლამდე პენსიის დაგროვების პროცესში მონაწილეობის მიღება  სავალდებულო იქნება და  40-დან ზემოთ _ ნებაყოფლობითი. ქვედა ზღვარი არ იარსებებს, ანუ საშემოსავლოს გადახდას დაიწყებს თუ არა მოქალაქე, პირდაპირ ჩაერთვება პროექტში.
გადასახადის გადამხდელების იმედზე არიან, ბიზნესს ავალდებულებენ პენსიონერების შენახვას, რაც აუცილებლად შექმნის პრობლემებს.
   _ პროექტის განხილვას პარლამენტი როდის გეგმავს?
   _  სავარაუდოდ, 2018-ის მესამე კვარტალში დაიწყებენ მუშაობას.
   _ პროექტის ავტორი ვინ არის?
 _ პროექტზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთობლივად  იმუშავეს.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close