საზოგადოება

,,ეს ტერიტორია ეპიდემიის კერა გახდება… დაგვეხმარეთ, მერე გვიან რომ არ იყოს!”

საინფორმაციო სააგენტო ,,ევრონიუს ჰოლდინგი”-ს რედაქტორი, ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტოს, ასევე, კომპანია GWP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს – ეკა ბერიძეს ღია წერილით მიმართავს:

,,საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის სამინისტროს!
ეს ღია წერილი მართალია პირადად თქვენ არ გეკუთვნით, მაგრამ თქვენც გეხებათ!
ვაზისუბანში (მე-3 მ/რ; მე-2 კვარტალი) წყალი ორ კვირაზე მეტია თითქმის არ გვაქვს. სიცხე და ანტისანიტარია სუფევს. არ არის გამორიცხული, ეპიდემიის კერა გახდეს ეს ტერიტორია.
დაგვეხმარეთ, მერე გვიან რომ არ იყოს!!!
ღია წერილი ეკა ბერიძეს!!! (მას პირადშიც მივწერე) 
ეკა გამარჯობა. მე ვარ თქვენი კოლეგა, მაგრამ გადარეული იმ კომპანიისგან, სადაც თქვენ მუშაობთ. ვგულისხმობ GWP -ს. აქამდე თქვენთვის არ მომიმართავს, რადგან ვთვლი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოსახლეობის წყალმომარაგებას ვერ მოაწესრიგებს და ჟურნალისტებს სხვა საქმე გვაბარია. ახლა, როცა უკვე თითქმის ყველას მივმართე და შედეგი ვერ მივიღე, როცა კომპანიისგან მიღებული უამრავი წერილი მაქვს სახლში და ყველა წერილს აქვს ფარატინა ფურცლის ფასი, მინდა, რომ თქვენც იცოდეთ არსებული მდგომარეობა.
ვცხოვრობ ვაზისუბანში, სადაც, ბოლო პერიოდში წყალი ყოველდღე წყდება სხვადასსხვა მიზეზით. სიკვდილმა რომ თქვა, კაცს ისე არ მოვკლავ, მიზეზი ვერ დავასახელოო, სწორედ ასეა ჩვენი და ამ კომპანიის საქმე. მიზეზი არ ილევა, ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ კომპანია მიზეზების დასახელებაზეა ორიენტირებული და არა მდგომარეობის გამოსწორებაზე, რადგან მოსახლეობისთვის სასურველი შედეგი არა და არ დგება.
როცა საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ პიკს მიაღწია, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ხალხს ურჩევს ბევრი წყლის მიღებას, გაგრილებას წყლით, ორი კვირაა ჩვენს ონკანებში წყალს იშვიათად ვხედავთ. სხვა რომ არაფერი, ,,ტრაპები”-დან ამოსულმა სუნმა შეგვაწუხა. აი ახლა, გეფიცები, აივანზე ვდგავარ და ოთახში ვერ შევდივარ სუნის გამო. ვიმეორებ, ყოველ დღე წყალს წყვეტენ, ყოველ დღე და მერე, ერთი ან ორი დღე არ გვაქვს წყალი. დაწერენ საიტზე, რომ ამა და ამ დროს მოვა, მაგრამ როცა წყლის მოსვლის დრო დგება, ახლა სხვა დროს ასახელებენ. გეფიცები, გავგიჟდიიიით.
სანამ პასუხს გამცემ (საერთოდ თუ მიპასუხებ) როგორც GWP-ს თანამშრომელი, მანამ საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ამ დღეში და ალბათ მიხვდებით ჩვენს მდგომარეობას.
ანტისანიტარია, სიცხე, უწყლობა… ადამიანებად არ გვთვლის GWP!!!
იმის გამო, რომ ეს კომპანია ძალიან ხშირად გვიწყვეტავს წყალს, პირადად მე ძალიან ხშირად ვყიდულობ მაღაზიაში ბოთლის წყალს, თუმცა მაინც ვუხდი GWP- წყლის გადასახადს. რატომ? რაიმე ვალი მაქვს ამ კომპანიის? ასეა ჩემს უბანში ყველა მოსახლე.
ჩვენგან წყლის გადასახადი (მით უფრო ივლისი-აგვისტოში) კომპანიას არ ეკუთვნის და ეს არის დაუმსახურებელი, მითვისებული, წაგლეჯილი ფული, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, ვიხდით, რადგან მერია ეხმარება ერთიანი გადასახადებით კომპანიას დაუმსახურებელი თანხების ამოღებაში. თუ არ გადავიხადეთ, ელექტროენერგიასაც შეგვიწყვეტენ და კიდევ უფრო სწრაფად ამოგვხოცავენ.
ასე, რომ კომპანია, სადაც თქვენ მუშაობთ აწამებს ხალხს და სულაც არ იმსახურებს იმ პიარს, რომელსაც თქვენ ხშირად უკეთებთ. ახლა, როცა ამ წერილს გწერთ, ჩემს სახლში საშინელი სუნია (,,ტრაპიდან”) და ვერაფერს ვშველი (ამას გამდინარი წყალი სჭირდება). ჰაერის ტემპერატურა დილიდან 34 -ია და შუადღეს, ალბათ 40-ს მიაღწევს… ორი დღეა წყალი კიდევ არ გვაქვს… არ ვიცი მეტი რა გითხრა და როგორ აღვწერო ჩვენი ყოფა. უბრალოდ წარმოიდგინე, როცა კურორტიდან საქართველოში დაბრუნდებით …!!!
ნელი ვარდიაშვილი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close