საზოგადოება

,,ეს იყო სასწაული, ბარბარე ღმერთმა გვაჩუქა…”- ,,დედების ფონდი”-ს კიდევ ერთი გამარჯვება

მინდა დღეს ერთი გამარჯვების ისტორია გიამბოთ, ჩემი, ჩვენი და თქვენი გამარჯვების ამბავი. დაახლოებით 2 თვის წინ, ფონდს დაუკავშირდა მამა პანტელეიმონი და დახმარება სთხოვა. სთხოვა კი არა, თითქოს შესთხოვა ცხოვრების თანამგზავრის და მისი სამი შვილის დედის გადარჩენა.

ონკოლოგიურში მისულ ფონდის გოგონებს მძიმე სურათი დახვდათ – ახალგაზრდა ქალი საწოლზე იწვა, თავზე კი მფარველი ანგელოზივით ედგა მამაო და მისი ხელი ეჭირა. ისტორიაც საკმაოდ მძიმე იყო, ხელების ტკივილის ჩივილით აბასთუმანიდან ჩამოსული მამაო და მისი 27 წლის მეუღლე, სახსრების ანთების დიაგნოზით ალბათ კვლავ გულდამშვიდებულები დაბრუნდებოდნენ შვილებთან, რომ არა მამაოს დაჟინება, კომპიუტერული კვლევა გადაეღოთ. კვლევის შედეგები საშინელი იყო, მე-4 სტადიის სიმსივნე ხერხემალზე, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა.

ბარბარე ონკოლოგიურიდან აღარ გამოუშვეს. მასთან დარჩა მამაოც და გვერდიდან არ მოსცილებია. დედების ფონდმა მიუხედავად რამდენიმე მძიმე ბენეფიციარისა გადაწყვიტა, ბარბარეს სიცოცხლისთვისაც ებრძოლა. ბარბარეს მდგომარეობა ორ დღეში ისე დამძიმდა, რომ ფეხზე დგომაც კი არ შეეძლო. სასწრაფოდ საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და ხერხემალზე ოპერაციის გაკეთება. 10 სექტემბერს, სწორედ ამ დღეს იგეგმებოდა საქველმოქმედო საღამო ბარბარეს დასახმარებლად, როდესაც მამაომ დაგვირეკა და გვაცნობა, დღესვე თუ არ გადავიყვანთ მომიკვდებაო.

10 სექტემბერს საღამოს ბარბარე გავაცილეთ თურქეთში. გზადაგზა ახვედრებდნენ თავის პატარებს დატანჯულ ქალს და ისიც ემშვიდობებოდა შვილებს და ისიც კი არ იცოდა, დაბრუნდებოდა თუ არა, კვლავ შეძლებდა საყვარელ ოჯახთან ცხოვრებას თუ არა. ჩვენი პირველი დახმარებაც სწორედ რეანომობილით მგზავრობის ღირებულების დაფარვა იყო, რომელიც თქვენი შეწევნით ზუსტად 1 დღეში შევაგროვეთ. ჩვენც არ ვიცოდით! ონკოლოგიურ საავადმყოფოში ბარბარე ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლებოდა და მის სართულზე სულ მდუმარება იყო, თითქოს ყველას ერიდებოდა ზედმეტი სიტყვის თქმა, მაგრამ იმედი დედებო, იმედი რომელსაც არასდროს ვკარგავთ და რწმენა, რომელიც გვაძლევს ძალას ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე.

გაემგზავრა ბარბარე და თან წაიღო ჩვენი შიშიც და იმედიც. გაემგზავრა უფულოდ, უსახსროდ და ძალაწართმეული, გვერდით კვლავ მფარველი ანგელოზი ეჯდა. თურქეთში, პარკ ჰოსპიტალმა მიიღო ბარბარე და მაშინვე კვლევები დაინიშნა, რამდენიმე დღეში კი ოპერაცია გაკეთდა, რომელმაც იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე წარმოიდგენდნენ. 4 დღის შემდეგ ბარბარემ ფეხზე ადგომა შეძლო! ეს იყო სასწაული, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა!

დღეს ბარბარე საქართველოშია, თავის ძვირფას შვილებთან და მეუღლესთან. მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბარბარე უკეთ არის, ცხოვრობს და ზრუნავს თავის პატარებზე, რომლის ნახვის იმედიც აღარ ჰქონდა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ სიკეთისთვის, ამ თანადგომისთვის და მადლისთვის, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე გვაჩუქა. სიკვდილისთვის განწირული ადამიანი წავიყვანეთ და ბედნიერი, გამარჯვებული დავაბრუნეთ უკან. თქვენი 1 ლარით, 1 ზარით შევძელით ეს ყველაფერი!

მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ბარბარეს გამარჯვებით გავლილი გზა და გთავაზობთ სურათებს მისი პირველი ნახვიდან, დღემდე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close