,,ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი” _ შინდისში დაღუპული გმირების მემორიალთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და მათ სამაგალითო შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა.
„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას. მათ სწორედ ამ ადგილებში, რუსეთის ჯართან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში დაუფიქრებლად გაწირეს თავი სამშობლოს ღირსების დასაცავად. ეს იყო თავდადების გამორჩეული მაგალითი, რომელიც მუდამ დარჩება ჩვენთვის მოუშუშებელ ტკივილად, მაგრმა ამავდროულად ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების სულისკვეთებამ და თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, უფრო მეტი შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გაძლიერებაზე, ასევე მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებასა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არც ერთ ოჯახს არასდროს მოუწიოს მსგავსი ტრაგედიის გადატანა. სწორედ ამ მიზნების წარმატებით მიღწევა იქნებოდა ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცების ხსოვნის ყველაზე საუკეთესო დაფასება. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს მშვიდობიან მიზნებს”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მოგვიანებით, შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა. ეპარქიის სამღვდელოებამ დაღუპულთა სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.
მინისტრებმა ასევე ბრძოლის ადგილი დაათვალიერეს და მადლობა გადაუხადეს შინდისელ ბადრი ხუციშვილს, რომელმაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაჭრილი რამდენიმე ქართველი სამხედრო ბრძოლის ველიდან გაიყვანა, სახლში შეიფარა და გადაარჩინა.