საინტერესოსიღნაღის ამბები

სად არის ტაძარი, სადაც წმინდა ნინომ წმინდა მიქაელს დახმარება შესთხოვა

დღეს მართლმადიდებლობა უდიდესი წმინდანის, მიქაელ მთავარანგელოზის დღეს ზეიმობს. საქართველოში, მთავარანგელოზის სახელზე უამრავი ტაძარია აშენებული. ერთ-ერთია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში. შევძელით და ამ ტაძარს დღეს ჩვენც ვესტუმრეთ.

დაახლოებით 3 კილომეტრიან, აღმართიან, მოხრეშილ გზაზე, წვიმასა და სიცივეში ბევრი მომლოცველი  ფეხით მიდოდა მოსალოცად უფლის საბრძანებელში. ზოგსაც შესაწირი- ცხვარი ან მამალი ადრიანად ჰყავდა აყვანილი და ტაძართან ახლოს, სუფრაც უკვე ჰქონდა გაშლილი. როგორც მითხრეს, ამ სალოცავს, ძირითადად, წმინდა მიქაელისთვის მადლობის ნიშნად მამლებს სწირავს ხალხი, შესაწირს იქვე კლავენ, ხარშავენ და სტუმრებთან ერთად მიირთმევენ. წმინდანის ხსენების დღეს ამ ადგილზე მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან მოდის ხალხი, ასევე, მოდიან მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც.

  ტაძრის ეზოში ამჟამად მამათა მონასტერია.  ტაძრის ისტორიაც ერთ-ერთმა ბერმა გაგვაცნო.  მისი თქმით, წმინდა ნინო როდესაც საქართველოში შემოვიდა და ბოდბისკენ მიეშურებოდა, გზად ავად გამხდარა და სწორედ იმ ადგილზე შეჩერებულა, სადაც ამჯამად მთავარანგელოზის ტაძარია. ნინოს წმინდანისთვის დახმარება უთხოვია, – შემაძლებინე გზის გაგრძელებაო, რაც, ცხადია, შეძლო უფლისა და წმინდანის დახმარებით. ამის მერე, აღნიშნულ ადგილზე ჯერ ნიშა გააუკეთებიათ, მე-13-14 -ე საუკუნეებში კი ტაძარიც აუშენებიათ. ტაძრის ჭერი ვარსკვლავებით ყოფილა მოხატული.  რესტავრაციას დიდი თანხა სჭირდება და ამისი საშუალება არ გვაქვსო, მითხრა ბერმა.

ტაძარს საკუთარი ხატიც აქვს- ანაგის  მთავარანგელოზის ხატი, რომელიც ათწლეულების წინ პატრიარქს უჩუქებია მონასტრის მამებისთვის.

მომლოცველებმა მითხრეს, რომ ეს უძველესი ტაძარი სწრაფშემწეა- რასაც გულით შესთხოვ, აუცილებლად აგისრულებს. ბევრი ავადმყოფი გამოუჯანმრთელებია და ბევრისთვის მოუმართავს ხელი, ამიტომაც არის, ცუდ ამინდშიც ამ დღეს უამრავი ადამიანი მოდის ძღვენითო. თუმცა ზოგი წინასწარ სწირავს შესაწირს და წარმატებებს სთხოვს წმინდანსა და ტაძარსო. ამ სიტყვების სისწორეში მალევე დავრწმუნდით. ოჯახმა, რომელსაც შესაწირი ცხვარი ჰყავდა მიყვანილი ტაძარში, გვითხრა, რომ შვილის ბედნიერებისთვის შეუთქვა და რასაც შეპირდები წმინდანს, უნდა გააკეთო კიდეც. წმინდა მიქაელს ტყუილი დაპირებები არ უყვარსო.

შეეწიოს წმინდა მიქაელი სრულიად საქართველოს და ჩვენს ოჯახებს. გილოცავთ!

.

.

.

.

.

.

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close