დიდი ტრაგედია ხაშურში
9 წლის ლუკას გარდაცვალების მიზეზებს სამართალდამცავები იკვლევენ - „ნაჭამი აქვს სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი, მგონი ძეხვიც... აიღეს ნიმუშები, პასუხს ელოდებიან ექსპერტიზის“

ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ.
უმძიმესი ტრაგედია, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. დღეს დილით, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამას ოჯახში საშინელი სურათი დახვდა – მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, მეუღლე კი – უგონო მდგომარეობაში.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალი კომატოზურ მდგომარეობაშია და ჯერ გონზე არ მოსულა. ის კლინიკაში იმყოფება.
.
ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მისი გარდაცვალების მიზეზი. დედა-შვილს არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობა, ამიტომ ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა გაზით ინტოქსიკაცია გამოირიცხა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ კვებითი ინტოქსიკაცია მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ლუკას მამა რკინიგზის თანამშრომელია, წუხელ იგი ღამის მორიგე იყო, ცვლაში მუშაობდა და დღეს დილით დაბრუნებულს ეს ტრაგედია დახვდა.
ლუკა ბარბაქაძე ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მის სკოლაში გლოვაა.
_არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, საშინელება მოხდა, უდიდესი ტრაგედია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ლუკა გუშინ ჩვეულებრივად იყო სკოლაში, ჩვეულ ხასიათზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, სახლშია რაღაც მომხდარი, ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დასკვნა უნდა დაიდოს. სავარაუდოდ, მოწამვლის შემთხვევაა.
ლუკა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. უდიდესი ტრაგედიაა, გაუბედურებულები ვართ, ჩაგვშხამდა სასწავლო წელი, ვერაფერს გეტყვით, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩვეულებრივ იყო სკოლაში ბავშვი, კარგ ხასიათზე, ნორმალური, სიცოცხლით სავსე, გავუშვით სახლში და დღეს გავიგეთ ეს ტრაგედია, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“, – საუბარში სკოლის დირექტორი.
-ეს თავზარდამცემი ამბავი დღეს დილით მეზობელმა მითხრა. ძალიან კარგი ოჯახია, მშრომელი ხალხი. მამა წუხელ სახლში არ იყო, რკინიგზაში მუშაობს და მორიგე ყოფილა, დილას მოვიდა და ეს უბედურება დახვდა. ბავშვი გარდაცვლილი იყო, დედა – უგონოდ. ამბობენ, რაღაც ჭამეს და ცუდად გახდნენო. დამატებით ჯერ არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველანი, – ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.
-ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ აქვს ნაჭამი. ნაჭამი აქვს სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი, მგონი ძეხვიც. აიღეს ნიმუშები. პასუხს ელოდებიან ექსპერტიზის. ბავშვის დედა კომაშია, გულია ცოტა დაზიანებული. შეიძლება ბავშვი ნახა ამ მდგომარეობაში და მერე უფრო იმოქმედა ალბათ გულზე ამან, – ამბობენ ადგილობრივები.
ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიქოვანი, ამბები.ჯი-ისთან ყვება:
– ჯერ ვერაფერს გეტყვით, ზუსტად არაფერი არ არის დაზუსტებული და დადგენილი. ახლა ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში დედის პირნაღებ მასალას და ასევე მუშაობს სურსათის უვნებლობის სამსახურიც, ჩართულია კრიმინალური პოლიცია, რომელიც არკვევს კიდევ დეტალებს. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
– ამბობენ, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ბოტულიზმია…
– ამას ასე ვერ ვიტყვით. თუ არ იქნა ბაქტერია აღმოჩენილი, როგორ ვიტყვით, რომ ბოტულიზმი იყო. საეჭვო არის, ჩვენ ბევრ რამეზე ვეჭვობთ. ამიტომ ვაგზავნით ახლა პირნაღებ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში. მე არ ვყოფილვარ შემთხვევის ადგილზე. პოლიციის მიერ არის მოტანილი სახლიდან პირნაღები, ასევე დედას ზონდით ამოუღეს კუჭის შიგთავსიდან მასა და ვაგზავნით ორივე მასალას ახლა ლუგარის ლაბორატორიაში. რა დრო დასჭირდება და რა კვლევები დასჭირდება, ეს ჩვენ არ ვიცით, თავად ლაბორატორიამ იცის. ამას გარდა სურსათის უვნებლობის სამსახური პროდუქტებს თავად აგზავნის ლაბორატორიაში და ისინი ცალკე გააკეთებენ კვლევებს. სურსათიც ამოღებულია პოლიციის მიერ. ყველაფერზეა ეჭვი. ფიზიკურად კომუნიკაცია ვერ ხერხდება დედასთან, რადგან ქალბატონი გონზე არ არის.
…
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.