სხვა

ზურა ყიფშიძის მოგონებები

„თეატრალურის რექტორმა მითხრა, დაანებე თავი ინსტიტუტს, დედაშენმა სოფელში წაგიყვანოს და თოხი გარაკუნებინოსო“

მსახიობი ზურა ყიფშიძე თბილისობის დღესასწაულზე საპატიო თბილისელის წოდებით დააჯილდოვეს. „უბრალო, თან ბრალიანი“ – ასე დაახასიათა მსახიობმა თავისი ახალგაზრდობისდროინდელი თბილისი, როცა მას „კვირის პალიტრამ“ მიმართა კითხვით, თუ როგორი იყო ძველი თბილისი.

.

ზურა ყიფშიძე:

– ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გემოვნებას, განათლებას. “კაჩაობა” და კუნთებზე ყურება მაშინაც იყო, მაგრამ ულმობელი და ასეთი სასტიკი არ ყოფილა. უფრო ზრდილობიანი იყო. არა, არც უზრდელობა გვაკლდა, მაგრამ რა შედარებაა. მაგალითად, მე და ჩემი ძმაკაცი თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით, გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა, სიმყუდროვის და თავისუფლებისათვის მიგვეღწია.

დედაჩემი საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე – მოშვებული თმა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა…

ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით. ლენამ, ჩემმა “ტიოტკებმა” და ბიძაჩემმა მოილაპარაკეს, მოდი, რაღაც გავაგებინოთ სახელმწიფო მოხელეებს და სამართალდამცავებსო… მოგვადგა “ვარონკა”, ყველა გაიქცა და მე და თემური შევრჩით ხელში. თემურმა იქ ისეთები მოაწყო, ესაო, ისაო, პროტესტიო და ასე შემდეგ. მილიციის უფროსი გაგიჟდა, რის წინააღმდეგ გამოდიხართო, გვკითხა. თემურმა უთხრა, ამერიკის აგრესიის ვიეტნამშიო. რაღაც სისულელე დაახეთქა. პირველ მაისს ტრანსპარანტებით ვაპირებდით გამოსვლასო. არადა რა ტრანსპარანტები, რის ტრანსპარანტები! მილიციის უფროსი მთლად გადაირია, თქვენ ვიღაც გმართავთ ზემოდან, ანტისაბჭოთა ელემენტიო. მილიციიდან ისევ ლენამ გამოგვიყვანა. როცა გვიშვებდნენ, მილიციის უფროსი ლენას თემურზე აფრთხილებდა, ამას არ გააკაროთ თქვენი შვილიო.

-ალბათ, თავად ქართული თეატრის ლეგენდას უნდოდა შვილიც მის გზას გაჰყოლოდა…

– არა, ასე არ იყო, არავის არაფერი არ უნდოდა, მხოლოდ მე მინდოდა. ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა, თავისთავად. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის რექტორი თავაძე იყო, კა-გე-ბეს პოლკოვნიკი. გვეჩხუბა, შეურაცხყოფაც კი მიაყენა ლენას, კაცმა არ იცის, რას აკეთებსო. მერე მე მომადგა, დაანებე თავი ინსტიტუტს, დედაშენმა წაგიყვანოს სოფელში, თოხი გარაკუნებინოს და დაგადგეს თავზეო. ცრემლები წამსკდა და სამელნე თუ რაღაც ვესროლე. გამომაგდეს ინსტიტუტიდან. ჩემი ბრალიც იყო. მოუსვენარი ვიყავი, ვაცდენდი ლექციებს. მეორე წელს ისევ თავიდან ჩავაბარე თეატრალურში, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი და კარდინალურად შევიცვალე. მივხვდი, რომ თეატრალურში სწავლა არც დიპლომის აღება იყო და არც უბრალოდ კინოში გადაღება. გარდატეხა მოხდა ჩემში, მივხვდი, რომ ეს მთელი მეცნიერება იყო. რომ არა ისევ კინო, “როცა აყვავდა ნუშის” გადაღებები, ისევ გაცდენები და კონფლიქტები, ალბათ, არც წავიდოდი მოსკოვში სასწავლებლად.

– ვინ არის ზურა ყიფშიძე?

– ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს. თუმცა დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც სხვებს­ მოსწონთ. მერე? მერე, აი, როგორც “Art”-შია – “თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა იქ, სადაც შემდეგ ფერისცვალება ელის!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close