საზოგადოება

,,დაუჭირა თავი, გაახელინა თვალები და თითები შეარჭო…ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი”

ლიფტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ახლობლები  შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, მოძალადე, რომელმაც მოზარდს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, იმავე სადარბაზოში, მე-7 სართულზე ცხოვრობდა, სადაც თავდასხმა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს და თავად დაზარალებულსაც აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ახლობლები ორ ვერსიაზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მოძალადეს ფსიქიკური აშლილობა აქვს ან რომელიმე სექტის წარმომადგენელია.

“ბავშვი ბრუნდებოდა სკოლიდან და როგორც თვითონ ამბობს, მასთან ერთად ლიფტში შევიდა თავად მოძალადეც, რომელიც ამავე კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. მან ლიფტი სართულებს შუა გააჩერა და ბავშვს დაუწყო ცემა. როგორც ბავშვი ყვება, მანაც გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც ამ პიროვნებამ დაუჭირა თავი, გაახელინა თვალები და თითები შეარჭო. ამის შემდეგ ბავშვი ყვება, რომ მან თვალთან იგრძნო დატკაცუნება და დაკარგა მხედველობა. ეს მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი. ამის მერე მეზობლებმა გაიგეს ბავშვის ყვირილის ხმა, დაიწყეს ლიფტის კარების გაღება, რასაც დაჭირდა გარკვეული დრო. ის ბავშვს ამ დროის განმავლობაშიც ფიზიკურად უსწორდებოდა. ამ დროისთვის ბავშვი კონტაქტურია, თუმცა, მას აქვს ძლიერი ტკივილები და უკეთებენ გამაყუჩებლებს. შინაგანი ორგანოები გადარჩენილია, როგორც ექიმები გვეუბნებიან, სახეზე აქვს მრავლობითი დაზიანებები, ფაქტობრივად ბავშვს სახე არ უჩანს, ვერაფერს

ხედავს. ერთადერთი რეაგირება აქვს სინათლეზე. იმედი გვაქვს, რომ მხედველობა დაუბრუნდება და ეს უბრალოდ დარჩება ცუდ მოგონებად”, – აცხადებენ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დაშავებულის ახლობლები, რომლებიც ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან.

დაშავებულის ახლობლებისთვის ასევე უცნობია, როდის მოინახულებს ბავშვს ოფთალმოლოგი. არსებული ინფორმაციით, მოწვეული ოფთალმოლოგი ბავშვთან 22.00 საათზე შევა. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები. თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა დაშავებული მოზარდის გამოკითხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.
შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close