საინტერესო

„დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვსო“

კირა ანდრონიკაშვილი: „მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ნატო ვაჩნაძე, როგორ ამზადებდა სადილს“

მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი ულამაზესი ქალების გარემოცვაში გაიზარდა. მისი მამიდები კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი (უფროსი) იყვნენ. კირა ანდრონიკაშვილი ყვება:

.

-ახლა მეც ხშირად მეუბნებიან, არ გამოგიყენეს რეჟისორებმაო. საქმე ისაა, რომ მეტად ვერც გადამიღებდნენ. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. 18 წლის ვიყავი პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა. შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი. სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ისეთი პირობები, როგორიც ახლაა. მაგალითად, სოფელში რომ მივდიოდი, ყველაფერს ცივ წყალში ვრეცხავდი. ამის შემდეგ “მოდელების სახლში” სამოსი უნდა მეჩვენებინა, პოდიუმზე და დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?..

ჩემი თვალით მინახავს, როგორ ხეხავდა იატაკს ნატო ვაჩნაძე, როგორ ამზადებდა სადილს და რა სიყვარულით ზრდიდა შვილებს. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ჩიტაძის ქუჩა და ის სახლი, სადაც ნატა (ნატო ვაჩნაძე)  მამიდა ცხოვრობდა: ერთი ნავთქურა ჰქონდა, რომელსაც “კერასინკას” ეძახდნენ და იმ ნავთქურაზე უგემრიელეს ღვეზელებს აცხობდა. მისი მომზადებული მწვანე სალათის გემო დღემდე არ მავიწყდება. ძალიან ხშირად ვიყავი მასთან. მართალია, პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, როგორ შრომობდა. ქმარი – ნიკოლოზ შენგელაია, ავარიაში დაეღუპა და სამი ვაჟის გაზრდა ხუმრობა ხომ არ იყო?

ბევრს ეგონა, რომ ნატო ვაჩნაძე სახლში არაფერს აკეთებდა, მაგრამ ის, უპირველესად, კარგი დედა იყო და მერე იყო ცნობილი მსახიობი. სხვათა შორის, ცხოვრებაში უფრო ლამაზი იყო, მშვენიერი, იისფერი თვალები ჰქონდა; ეკრანზე მისი სილამაზე სანახევროდაც არ ჩანს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close