საზოგადოება

რა ვაჭამოთ ბავშვს, ჯანმრთელი რომ გაიზარდოს -საბავშვო მენიუს რეცეპტები

   შენ ახლა მნიშვნელოვანი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი, თავი უნდა მოაწონო ყველაზე  დიდ კრიტიკოსს, ოჯახის მთავარ წევრს _ შენს პაწაწინა შვილს. ახლა შენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მისი ფეხუნები, ხელები, ხერხემალი, ტვინი, როგორი მხედველობა ექნება და ა.შ. ეს ყველაფერი კი დიდწილად იმ პროდუქტებზეა დამოკიდებული, რომლებსაც შენი პაწაწინასთვის მომზადებულ კერძებში გამოიყენებ.  ამჯერად უნდა მოუხმო მუზებს, ფანტაზიას, რომ ყველაზე წუნია არსებისთვის ისე გაალამაზო, გააგემრიელო ,,უგემური” ბოსტნეული თუ ბურღულეული, რომ თეფშზე არაფერი დატოვოს.

5-6 თვემდე (ამას ბავშვის პედიატრი გაწყვეტს) შეგიძლია მშვიდად იყო, შენი პატარა დედიკოს რძით ყველა იმ ნივთიერებას იღებს, რომლებიც საჭიროა მისი ზრდა-განვითარებისთვის. როცა პაწაწინა ხელებს პირთან მიიტანს, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მზად არის, დამატებითი საკვები მიიღოს და აი, უკვე დგება დრო, წინსაფარი გაიკეთო, ქურასთან დადგე და ოჯახის მთავარი წევრისთვის გემრიელობების მომზადება დაიწყო.

გზადაგზა ყველაფერს ისწავლი, ამაში უპირველესად დაგეხმარება პედიატრის მუდმივი რჩევები, წიგნები, სტატიები და, რაც მთავარია, დედის ინსქტინქტები.

დაბადების პირველი წუთებიდანვე ექიმის რჩევებს უნდა მიჰყვე, ის შეგიდგენს კვების სქემას, თუ რა როდის უნდა მისცე და რამდენი ულუფა დღეში, რომელი პროდუქტია აკერგიული და ა.შ. ეს წიგნი კი პატარა გზამკვლევი იქნება კულინარიისკენ.

 ბროკოლი – უნიკალური ბოსტნეული

ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი პროდუქტია, რომელიც პრაქტიკულად ალერგიას არ იწვევს და თერმული დამუშავების შემდეგ სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.

ეს ბოსტნეული შეიცავს ისეთ ძვირფას ნივთიერებებს, როგორებიცაა _ კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, იოდი… მასში შედის მიკროელემენტები: მანგანუმი, სპილენძი, გოგირდი, კობალტი, ბორი, თუთია, ქრომი… რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაში ეხმარება, ასევე _ კუნთოვანი უჯრედების, შინაგანი ორგანოების განვითარებაში, ძვლის ტვინის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ჭარბი სითხის მოცილებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას და დადებითად მოქმედებს გულის კუნთზე. გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ა.შ.

ასე რომ, ისღა დაგრჩენია, ეს უგემური ბოსტნეული ისე გააგემრიელო, რომ შენმა პატარამ ცხვირი არ აიბზუოს.

ბროკოლის სუპი სტაფილოთი

ინგრედიენტები

ბროკოლი – 150 გ

სტაფილო – 30 გრ

ხახვი – 40 გრ

ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი – 500 მლ

ბრინჯი – 1 ს.კ.

მარილი გემოვნებით

მომზადება

ხახვი დაჭერი პატარა კუბიკებად, სტაფილო გახეხე და ბულიონში ჩაყარე, დაამატე ბრინჯი და ცეცხლზე დადგი. როცა ბრინჯის მოხარშვას ძალიან ცოტა დააკლდება, გასუფთავებული ბროკოლი ჩაყარე და კიდევ 10 წუთი ხარშე. დააბლენდერე და სუპი მზადაა.

ბროკოლი იოგურტით

ინგრედიენტები

ბროკოლი – 300 გრ

კარტოფილი – 200 გრ

ყაბაყი – 60 გრ

ხახვი – 40 გრ

წყალი – 1ლ

მარილი გემოვნებით

იოგურტი – 80 მლ

მომზადება

ბოსტნეული გაასუფთავე და კუბიკებად დაჭერი. ქვაბში წყალი ჩაასხი და ადუღებამდე მიიყვანე.  ჩაყარე ხახვი და კარტოფილ და საშუალო ცეცხლზე ხარშე. 15-20 წუთის შემდეგ  ჩაყარე ყაბაყი და ბროკოლი. ყველაფერი ერთად 15 წუთის განმავლობაში ხარშე. შემდეგ ამოიღე ბოსტნეული, გააგრილე და გაახეხე ან დააბლენდერე. მიღებული მასა ბულიონში ჩაასხი. წვნიანი ადუღებამდე მიიყვანე და გადმოდგი. თეფშზე შეგიძლია მოასხა იოგურტი შაქრის გარეშე.

ბროკოლის პიურე ნაღებით

ინგრედიენტები

ბროკოლი – 500 გრ

ნიორი – 2 კბილი

ქათმის კვერცხი – 2 ცალი

ოხრახუში – ორი ღერო

ნაღები – 200 მლ

მარილი გემოვნებით

მომზადება

ქათმის კვერცხი მოხარშე, ცივ წყალში ჩაყარე და გაფცქვენი (ხოლოდ გული დაგჭირდება).  ბროკოლი გვირგვინებად დააცალცალკევე და ცივ წყალში ჩაყარე, დაბალ ცეცხლზე დადგი და ადუღებამდე მიიყვანე. შემდეგ  ბროკოლი ამოიღე და გააგრილე,

ღრმა თასში ჩაყარე ბროკოლი, დაჭრილი ოხრახუში და ხელის ბლენდერით პიურედ აქციე.

მასას ბროკოლის ბულიონი დაამატე და დაბალ ცეცხლზე დადგი, თანდათან დაამატე ნაღები, და მუდმივად ურიე. ნაღები შეგიძლია მდნარი ყველით ჩაანაცვლო. მასა წამოადუღე, მოაყარე მარილი და ცეცხლიდან გადმოდგი. შემდეგ გახეხე კვერცხის გული, დაამატე დაჭყლეტილი ნიორი და ეს მასა ქვაბში ჩაასხი. ბროკოლის პიურე ნაღებით მზად არის.

რკინით მდიდარი გოგრა

მიზნად დაისახე, რომ შენი შვილის მენიუში გოგრა ხშირად იყოს, რადგან მისი შემადგენლობა უნიკალურია. გოგრაში შედის:

ვიტამინი A, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოებზე, აუმჯობესებს იმუნიტეტს,  კანის მდგომარეობას.

B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ეხმარება, გაუმკლავდეს ნერვულ აშლილობას, აუმჯობესებს ძილს, აძლიერებს თმას და ფრჩხილებს, ასევე ხელს უწყობს რკინის შეწოვას.

ვიტამინი C , რომელიც არის ძლიერი ოქსიდანტია.

ვიტამინი T ყველა ბოსტნეულში არ გვხვდება, მაგრამ გოგრაში უხვადაა. ის ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას, ხელს უწყობს ძნელად ასათვისებელი საკვების გადამუშავებას.

რკინა გოგრაში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში.

ვიტამინი E, რომელიც  ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას…

გოგრისა და ვაშლის სმაილიკი-ბლინები

შეგიძლია, შენ და შენმა პატარამ დილა გაღიმებული ბლინებით დაიწყო. ამისთვის დაგჭირდება:

გოგრა – 200 გრ

ვაშლი – 1 ცალი

კვერცხი – 1 ცალი

ფქვილი – 2 ჩაის ჭიქა

კეფირი – 1 ჩაის ჭიქა

შაქარი – 1 ს.კ. კოვზი

ვანილის შაქარი – 10 გრ

სოდა – 0,5 ჩ.კ.

მარილი – 1 მწიკვი

მცენარეული ზეთი

მომზადება

გარეცხეთ გოგრა და ვაშლი. გააცალეთ კანი, თესლი და კუბიკებად დაჭერი. ბოსნტეული დააქუცმაცე ან გახეხე. გადაიტანე თასში, დაუმატე კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი, მარილი, კეფირი, სოდა და ყველაფერი კარგად აურიე. თანდათანობით დაამატე ხორბლის  ფქვილი. არაჟნის სისქის მასა უნდა მიიღო.

ტაფაში ჩაასხი ზეთი, ბლინები საშუალო ცეცხლზე შეწვი ორივე მხრიდან. შენი პატარა გაამხიარულე და არაჟნით ან მურაბით ბლინებზე გაღიმებული სმაილიკები მოხატე.

გოგრის კვერები შვრიის ფანტელებით

ინგრედიენტები

 

გოგრა – 200 გრ

შვრიის ფანტელები – 60 გრ

შაქარი – 100 გრ

ფქვილი – 230-250 გრ

დარიჩინი – 0,5 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი – 90 მლ

ქიშმიში – 100 გრ

სოდა – 0,5 ჩ.კ.

ძმარი – 1 ჩ.კ.

მარილი – 1 მწიკვი

მომზადება

გოგრა გაასუფთავე და პატარა კუბიკებად დაჭერი. ქვაბში ცოტა წყალი ჩასხი, გოგრა ჩაყარე და 15 წუთის განმავლობაში ადუღე _ უნდა დარბილდეს. შვრიის ფაფა ტაფაზე მოხალე 5 წუთის განმავლობაში, ჩყარე ბლენდერში და დაფქვი. გოგრა დადე საცერზე. როცა წყლისგან დაიწრიტება, ბლენდერში პიურედ აქციე. მასა თასში მოათავსე, დაუმატე შვრიის ფაფა, შაქარი, დარიჩინი, მცენარეული ზეთი, მარილი, სოდა ძმრით და ნაზად ამოურიე. დაამატე ქიშმიში. ბოლოს დაამატე ფქვილი და მოზილე. ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეს, ელასტიკური მასა უნდა მიიღო, ამავე დროს რბილი. ამოაგუნდავე და 180 გრადუსზე გამოაცხე. ღუმელიდან გამოღების შემდეგ შეგიძლია შაქრის პუდრა მოაყარო.

და კიდევ: არ დაგავიწყდეს, რომ შენს პაწაწინას თამაში ძალიან უყვარს, ამიტომ შეგიძლია ცომისგან საყვარელი ფიგურები გამოძერწო და ისე გამოაცხო.

 

სჭირდება თუ არა ბავშვს ხორცი? პასუხი: რა თქმა უნდა! ხორცი შეიცავს ამინომჟავებს, რკინას, ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს… ეს ყველაფერი აუცილებელია კუნთოვანი სისტემის ფორმირებისთვის, ნერვული სისტემის სტაბილურობისთვის, მხედველობისთვის, გონებრივი განვითარების და ა.შ.

ქათმის ხორცის კატლეტები

ინგრედიენტები

ქათმის ფილე – 500 გრ

კვერცხი – 1 ცალი

ხახვი – 1 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

თეთრი პური – 4 ნაჭერი

რძე – 0,25 მლ

მარილი გემოვნებით

მშრალი სუნელები გემოვნებით

მცენარეული ზეთი – 1 სუფრის კოვზი

მომზადება

პურის ნაჭრებს ქერქი მოვაცალოთ და რძეში დავალბოთ. ხორცი და ბოსტნეული მანქანაში გავატაროთ ორჯერ. დავამატოთ კვერცხი, მარილი და ფარში ცომივით მოზილე რამდენიმე წუთის განმავალობაში. თასში ჩაასხი წყალი, ხელები დაისველე, ხორცი გუნდებად ამოიღე და დაამრგვალე. შემდეგ ქვაბში მოასხი ზეთი და ხორცის ბურთები ჩაალაგე. ქვაბში ჩაასხი ნახევარი ჭიქა წყალი და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგი. 20-25 წუთი საკმარისია უნაზესი და მსუბუქი კატლეტის მოსამზადებლად.

კურდღლის ხორცი შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის, რადგან დიეტურ საკვებად ითვლება. ის ცილის შესანიშნავი წყაროა მინიმალური კალორიებით.

კურდღლის ხორცის წვნიანი

მომზადება

კურდღელი – 0,5 კგ

კარტოფილი – 3-5 ცალი

წიწიბურა – ნახევარი ჩაის ჭიქა ან ერთი ჩაის ჭიქა

სტაფილო – 1 ცალი

ხახვი – 1 ცალი

კამა, ოხრახუში – რამდენიმე ღერო

მცენარეული ზეთი

მარილი

მომზადება

კურდღლის ხორცი გაასუფთავე, დაჭერი და მოხარშე. დაახლოებით ერთ საათში (დამოკიდებულია ხორცზე) ბულიონში ჩაყარე კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მსხვილად გახეხილი სტაფილო. ცოტა ხანში კი წიწიბურა ჩაყარე. როცა ყველაფერი მოიხარშება, წვრილად დაჭრილი მწვანილი მოაყარე და მარილი დაუმატე.

წიწილის სუპი რძით და ბარდით

ინგრედიენტები

წიწილი – 350 გრ

ხახვი – 1 ცალი

სტაფილო  – 2 ცალი

კარაქი – 2 ს / კ კარაქი

ფქვილი – 3 ს / კ ფქვილი

წყალი – 1 ლ

რძე – 2 ჭიქა

მაკარონი – 350 გრ

ბარდა – 150 გრ

მომზადება

ხახვი და სტაფილო დაჭერი, ქვაბში კარაქი გაადნე და დაახლოებით 5 წთ მოშუშე, დაამატეთ ფქვილი და 2 წუთის განმავლობაში გააგძელე მორევა და მოშუშვა. დაამატე წყალი, რძე და ნელ ცეცხლზე დადგი, ქათამი თხელ ნაჭრებად დაჭერი და ქვაბში ჩაყარე. როცა მოიხარშება, დაუმატეთ  მოხარშული ბარდა და მაკარონი, რომელსაც ხარშვა ოდნავ უნდა აკლდეს. 1-2 წუთი ისევ ადუღე და წვნიანი მზად არის. შეგიძლია ნიახური დაამატო ან მწვანილები შენი გემოვნებით. თუ რომელიმე ინგრედიენტი შენთვის და შენი შვილისთვის მიუღებელია, შეგიძლია ამოაკლო.

დგება დრო, როცა პედიატრი ნებას გრთავს, შენი შვილის კერძებში უმნიშვნელოვანესი პროდუქტი გამოიყენო _ თევზი.

თევზი შეიცავს უამრავ ადვილად ასათვისებელ ცილას და ყველა აუცილებელ ამინომჟავას ბავშვის ყველა უჯრედის ასაშენებლად. ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს A და D ვიტამინებს,ომეგა 3-ს და ომეგა 6-ს, ფტორს, იოდს და ბრომს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს… ალბათ ხვდები, რომ ეს უნიკალური პროდუქტი შენს პატარას არ უნდა მოაკლო, ოღონდ, ისევ გავიმეორებთ, თევზის მიცემის დრო და მისი ყოველკვირეული ულუფებიც პედიატრმა უნდა განსაზღვროს.

თევზის კატლეტები

ინგრედიენტები

დაჭრილი თეთრი თევზი – 500 გრ

თეთრი პური – ორი ნაჭერი

კვერცხი – 1 ცალი

ხახვი – 1ცალი

ფქვილი – 2 ს.კ.

რძე – 200 მლ

მცენარეული ზეთი – შესაწვავად

მომზადება

კარგად გასუფთვებული და ფხებგამოცლილი თევზი დააქუცმაცე. ფარშში აურიე კვერცხი და რძეში დამბალი და გაწურული პური, ხახვი დაჭერი წვრილად და ფარშს მოაყარე. ასევე მოაყარე მარილი, ცოტა ფქვილი და კარგად აურიე.

თეფშზე დაყარე ფქვილი, თევზის ფარში ამოიღე, ფორმა მიეცი, ამოავლე ფქვილში და გახურებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვი.

ხეკის სუპი

ინგრედიენტები

ხეკი – 1 ნაჭერი

კარტოფილი – 2 ცალი

ბრინჯი – 40 გრ

სტაფილო – 1 ცალი

ხახვი – 1 ცალი

3 ლიტრი წყალი

მომზადება

ქვაბში ჩაყარე გასუფთავებული ხეკის ნაჭერი, ხახვი, სტაფილო, დაასხი წყალი და ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში ხარშე. გადაწურე ბულიონი, ამოიღე თევზი და ბოსტნეული და ცალკე დადე. მდუღარე ბულიონში ჩაყარე ბრინჯი, შემდეგ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და მოხარშე. როცა მზად იქნება, ბოლოს ჩაყარე თევზი, სტაფილო და   2-3 წუთი ადუღე. თეფშზე მწვანილი მოაყარე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close