გულწრფელად ვამბობ: არავინ მემეტება ციხისთვის. არც ნიკა მელიას დატუსაღებით ვიქნები აღფრთოვანებული, რადგან, ზედმიწევნით ვიცი, რომ ეს შერჩევითი სამართალია და ვიღაცას რაღაცისთვის სჭირდება!

მე საერთოდ არ მესმის რაში სჭირდებათ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს (მინისტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი თუ პარლამენტარი) ე.წ. იმუნიტეტი, ანუ ჯავშანი. იმისთვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი შეეყაროთ და თავს ყველაფრის უფლება მისცენ?!

მე კი მგონია, პირიქით უნდა იყოს: რადგან, შენ ჩემს ხარჯზე სარგებლობ განსაკუთრებული პრივილეგიით – მაღალი ხელფასით, უფასო ვოიაჟებით, უფასო საკომუნიკაციო საშუალებებით და სხვა კომფორტით, ვალდებული ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო ჩემსა და სახელმწიფოს წინაშე, ხოლო, თუ საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტე – შელახე ჩემი უფლებები, ან წახვედი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, კეთილ ინებე და აგე პასუხი, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ!

ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი რომ არ იყოს, ან ჩვენი ბედოვლათი ჩინოვნიკები, იმუნიტეტს ამოფარებულნი, ასე გამომწვევად (ამაზრზენად) არ მოიქცეოდნენ, ნიკა მელიაც ჩაეტეოდა საკუთარ ტყავში და ახლა იმაზე არ დავიწყებდით კამათს, რამდენად სწორად მოუხსნეს მას იმუნიტეტი, რაც არ გამოვრიცხავ, კრიზისის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზიც შეიძლება გახდეს!

ნურავინ იტყვის, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მხოლოდ დესტრუქციული „ნაცმოძრაობის“ და მათი ბრმა მხარდაჭერების ბრალია. არა, ბატონებო: ბრალეულობის სიმძიმის ტვირთი მოქმედ ხელისუფლებაზე და ჩვენზეც უნდა გადანაწილდეს. ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ თავის უნიათობით თუ გააზრებული ავანტიურიზმით, აქამდე მიიყვანა საქმე, ხოლო, ჩვენი კი იმიტომ, რომ ამ ბალ-მასკარადს სათანადო შეფასებას არ ვაძლევთ და ჩვენივე გულგრილობითა და სრული უპასუხისმგებლობით, ქვეყანას ყოველთვის დარტყმის ქვეშ ვაყენებთ!

ჩვენ ყველზე მეტად ვცოდავთ მაშინ, როცა დაპირისპირებულ ჯგუფებად ვიყოფით და „ნაცმოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ გამართლებას ვცდილობთ.

არადა, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, ასეთი ბალაგანი არ იქნებოდა ქვეყანაში და სიმშვიდე დაისადგურებდა-ჩვენ დღემდე არ გვყოფნის სითამამე (გნებავთ, ვაჟკაცობა)ერთად ვიხუვლოთ და ორივეს კატეგორიულად ვუთხრათ, რომ მათ ბინძურ თამაშს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, თუ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ეწირება საქართველოს ინტერესები და ქვეყანა ღრმა უფსკრულისკენ მიექანება!!!

პირველი, რაც უნდა კატეგორიულად მოვითხოვოთ ისაა, რომ საერთოდ გაუქმდეს ყოველგვარი იმუნიტეტი, რაც გაქსუებულ ჩინოვნიკებს რიგით მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში ჩააყენებს. აი, მერე ნახავთ, ვინ როგორ „იბლატავებს“!

ჩვენ არაფრის გაკეთება არ გვინდა და ასე გვგონია, ყველაფერი თავისით დალაგდება, რაც არასწორია!

P.S. რამდენიმე წუთის წინ ერთი უფროსი მეგობარი შემეკითხა, რამდენად სწორად მოიქცნენ ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას? ჩემი პასუხი ასეთია: პატივს ვცემ კოლეგიალობას, მაგრამ, არ შემიძლია ვიყო კოლეგიალური დამნაშავის (ამ შემთთხვევაში ნიკა მელიას არ ვგულისხმობ, რადგან, მისი დანაშაული გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს) მიმართ. თუმცა, ბოლომდე დავიცავ კოლეგიალობას, თუ ჩემს კოლეგას უდანაშაულოდ ჩაგრავენ!

რაში სჭირდება ნიკას საპარლამენტო იმუნიტეტი, თუ ის დამნაშავე არ არის?! რაკი ამაზე მიდგა საქმე, თვითონვე უნდა მოეთხოვა განთავისუფლებულიყო უაზროდ მინიჭებული ჯავშნისაგან და დაეცვა საკუთარი სიმართლე.

მართალი და შეუდრეკელი ადამიანები ასე იქცევიან!!!

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

კომენტარები
Загрузка...