გიორგი ჩიქოვანი: სვანეთი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო… ზუსტად ამ ადგილებში უნდა აშენდეს ახალი ჰესები
“შეიძლება, ჰესების მნიშვნელობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია საკმარისი არაა”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების გადასალახად, გენერაციის ახალი ობიექტების აშენება აუცილებელია.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ „ქვეყანაში ახალი ჰესების აშენება გადაწყვეტილია“.
გიორგი ჩიქოვანი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია საკმარისი არაა, ამიტომ მთავრობა გეგმავს ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებზე ხალხს მეტი ესაუბროს.
ამასთან მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ საინფორმაციო კამპანიაში არა მხოლოდ მთავრობა ან ის ინვესტორები უნდა ჩაერთონ, ვინც ჰესებს აშენებენ, არამედ ბიზნესის ყველა სექტორი – ისინი ვინც მრეწველობითაა დაკავებული, ან სასტუმრო ბიზნესი აქვს, რადგან ელექტროენერგია სჭირდება ყველას.
“პირველ რიგში, მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, რა ხდება დღეს ენერგეტიკის სექტორში. ჩვენი მოხმარება ყოველ წელს საკმაოდ იზრდება, რაც კარგია, მაგრამ მოხმარების ზრდა წარმოშობს რისკებს და გამოწვევებს ჩვენი სექტორისთვის; ეს რისკები დაკავშირებულია ელექტროენერგიის დეფიციტთან, რომელიც იწარმოება ქვეყანაში. 2017 წელს დაახლოებით, 1.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განვახორციელეთ. ამ წელს უკვე დაგეგმილი გვაქვს 2 მლრდ კოლოვატსაათის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი ფაქტია – პირველი იმიტომ, რომ უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები, რადგან ვალუტა გადის ქვეყნიდან და მეორე, თუ ამ ტემპით გაიზარდა იმპორტი, ტექნიკურადაც შეუძლებელი გახდება იმპორტის განხორციელება ანუ გადამცემ ხაზებს თავისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა აქვს და რეალურა, ენერგოუსაფრთხოების რისკის ქვეშ დავდგებით. ამიტომ მნიშვნელოვანია გენერაციის ახალი ობიექტების აშენება. ჩვენი ჰიდრორესურსების ძირითადი ნაწილი მოდის დასავლეთ საქართველოზე – სვანეთი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო და შესაბამისად, ზუსტად ამ ადგილებში უნდა აშენდეს ახალი ჰესები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.