გიორგი თევზაძე: დაველოდოთ სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების დასრულებას
უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სტუდენტი ნიგერიელებსა და საქართველოს მოქალექეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ჟურნალისტის კითხვაზე კომენტარი გააკეთა. _ ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეა მედია და საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სტუდენტი ნიგერიელებისა და საქართველოს მოქალექეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე, როგორც უფლებადამცველი, რა კომენტარს გააკეთებდით?
_ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი სტუდენტი ნიგერიელებისა და საქართველოს მოქალექეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით. ხოლო დაწყებული გამოძიების სრულყოფილად დასრულებამდე ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე მასმედია და ზოგიერთი მოქალაქეები რატომღაც ნაჩქარევად, საქართველოს მოქალაქეებს ვარაუდობენ დამნაშავეებად, რაც ერთის მხრივ არის უდანაშულობის პრეზუმციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ხოლო მეორეს მხრივ ასეთი ცალმხრივი ინფორმაციების საზოგადოებისათვის მიწოდება საზოგადოებრივი აზრის არასწორად ჩამოყალიბებასა და მიმდინარე გამოძიებაზე ზეწოლად შეიძლება შეფასდეს. აუცილებელია მასმედიაც და მოქალაქეებიც დაელოდოთ გამოძიების დასრულებას, რომელმაც სრულად და ყოველმხრივ უნდა შეისწავლოს აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზები და დამნაშავე პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიება, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი.
ამასთანავე, ვიცნობ რა ქართულ სტუმართმოყვარე, ტოლერანტულ ბუნებასა და კეთილ დამოკიდებულებას სტუმრისადმი, რაც ქართულ გენს ოდიდგანვე მოგვსდევს, შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ აღნიშნული კონფლიქტი შეიძლება უკავშირდებოდეს კანის ფერს ან რასისტულ ნიადაგს, რაზედაც უცხოელები ამახვილებენ ყურადღებას. ჯერ მთავარია, დადგინდეს ინციდენტის გამომწვევი რეალური მიზეზები, ამიტომაც, ყველა უნდა დაველოდოთ სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების დასრულებას. და ნუ ვიჩქარებთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას“.