ჯანდაცვა

,,გთხოვთ, დაგვიჯერეთ ექიმებს: შეეცადეთ შინიდან მხოლოდ მაშინ გახვიდეთ, როცა ეს უკიდურესად საჭიროა”

(იტალიელი ექიმის სულისშემძვრელი სტატუსი)

ბერგამოს (იტალია) საავადმყოფოს Humanitas Gavazzeni e Castelli ქირურგი დანიელე მაკინი წერს:

“COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა – იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს.
თითქოს ომისთვის ვემზადებოდით, ოღონდ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, რაოდენ სასტიკი იქნებოდა ის.
ახლა ვითარება უკვე დრამატულია — სხვას ვერაფერს ვუწოდებ.
ომი ღვივის, ბრძოლები არც დღე წყდება და არც ღამე.

პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით გვემატებიან.
ჩვენთან შემოსული პაციენტების დიდი ნაწილი სრულად იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს — სიცხემ რომ აუწიათ, შინიდან ერთი კვირა ან ათი დღე არ გამოსულან, მაგრამ ახლა უკვე სუნთქვა უჭირთ — მათ ჟანგბადი „სწყურიათ“.

კორონავირუსთან ბრძოლისთვის წამლები ცოტაა! მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი მთავარი იმედი იმაშია, რომ ორგანიზმი ვირუსს თავად გაანადგურებს. კორონავირუსი საკმარისად შესწავლილი არ არის, თერაპია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენება — ღრმად ექსპერიმენტული ხასიათისაა.

საავადმყოფოში მთელი ტაბლო გადაწითლებულია პაციენტების სახელებით — ყველა მათგანს ერთი დიაგნოზი აქვს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია!

გრიპი ვერ გახდებოდა ესოდენ სწრაფად განვითარებადი ტრაგედიის მიზეზი — გრიპის დროს გართულებები ბევრად ნაკლებია.
და ეს გართულებები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვირუსი დამცავ ბარიერებს არღვევს და ჩვენი სასუნთქი სისტემის ზედა განყოფილებებში მცხოვრები ბაქტერიები ბრონქებისა და ფილტვების დაზიანებას იწყებს.
COVID-19 კი უშუალოდ ფილტვების ალვეოლებს აზიანებს და ისინი ფუნქციონირებას წყვეტენ.
იწყება სუნთქვის ძლიერი უკმარისობა, რასაც ჩვეულებრივი ჟანგბადური თერაპია ვერაფერს შველის.

მაპატიეთ, მაგრამ, როგორც ექიმი, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტები მარტო ხანდაზმული და პათოლოგიების მქონე ადამიანები არიან…
როდესაც რეანიმაციაში სუნთქვის აპარატზე ან ECMO-ზე მიერთებულ ახალგაზრდებს ხედავ, სიმშვიდე, რომ კორონავირუსი მხოლოდ მოხუცებს ემართება, უკვალოდ ქრება.

სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ კორონავირუსისა არ ეშინიათ, თავი მოაქვთ, რომ ჰიგიენის წესებს არ იცავენ, აპროტესტებენ შეზღუდვებს, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ფაქტს ვერ აბათილებს.

ჩვენ აღარ გვყავს არც ქირურგები, არც უროლოგები და არც ორთოპედები — დღეს ყველანი ექიმები ვართ, ერთიანი გუნდი, რომელიც ერთად უნდა შეებრძოლოს მოვარდნილ ცუნამს.
შემთხვევები სულ უფრო იმატებს — დღეში 15–20 ადამიანი შემოდის საავადმყოფოში. ტესტების შედეგები ერთნაირია: დადებითი, დადებითი, დადებითი…

გადაუდებელი დახმარების განყოფილება გადატვირთულია. ახალ ინსტრუქციებს გვაწვდიან: საჭიროა მეტი პერსონალი. კომპიუტერული პროგრამა გვაჩვენებს ცნობებს მომართვიანობაზე.
სასწრაფოდ გვკრებენ და გადაუდებელში გვგზავნიან. ეკრანზე ციმციმებს შემოსული პაციენტების სიმპტომები — სულ ერთი და იგივე: ტემპერატურა, ხველება, გართულებული სუნთქვა. ფილტვების კვლევაც სულ ერთსა და იმავეს ადასტურებს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია. ყველა დასაწვენია — ზოგი რეანიმაციაში, ზოგი კი… ზოგისთვის უკვე ძალიან გვიანია.

რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს ოქროს ფასი აქვს.
გეგმიური ოპერაციები უქმდება. საოპერაციოები რეანიმაციულ განყოფილებებად გადაკეთდა.

ექიმებს ქანცი გამოეცალათ. მუშაობის გრაფიკი და ცვლები აღარ არსებობს. უკვე ხშირად ვხედავ ატირებულ მედდებს — ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის.

COVID 19-თან საბრძოლველად: ჩინელი ექიმები იტალიაში მიფრინავენ
დიდი ხანია ოჯახის წევრები, შვილი არ მინახავს. მეშინია არ დავაინფიცირო. ინტერნეტით ვურთიერთობ მათთან…
ძალიან გთხოვთ, დაგვიჯერეთ ექიმებს: შეეცადეთ შინიდან მხოლოდ მაშინ გახვიდეთ, როცა ეს უკიდურესად საჭიროა.

სთხოვეთ თქვენს მოხუც მშობლებსა და ნათესავებს, არ გავიდნენ შინიდან. თავად მიაწოდეთ საკვები. გაიკეთეთ სამედიცინო ნიღბები და თუნდაც მშენებლების რესპირატორები — ისინიც გამოდგება.

ჩემი ბევრი კოლეგა უკვე ინფიცირებულია. დაავადება მათ საკუთარ ოჯახებს გადასდეს და ახლა ისინი თავად არიან სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე.

ჩვენ ექიმები ვართ და არა გმირები.
ეს ჩვენი სამუშაოა. ამიტომ ყოველდღე ვრისკავთ, რომ რაღაც სარგებელი მოგიტანოთ.
გთხოვთ, თქვენც სცადეთ იყოთ სასარგებლო სხვებისთვის. გახსოვდეთ, რომ იმაზე, რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ, სულ ცოტა, რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული…“

Sputnik.georgia.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close