საზოგადოება

“გათვლა” აგვისტოს ომის საპასუხოდ დავწერე. ეს ჩემი პროტესტი იყო ომის და ძალადობის წინააღმდეგ”

თამთა მელაშვილი, 38 წლის:

კითხვის და წერის შესახებ

——————————————–
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა და ისე მოხდა, რომ თავიდან, ჯერ გაუცნობიერებლად, სულ ქალი ავტორებისკენ მიმიწევდა გული. ცოტანი იყვნენ და მეც მუდმივი შიმშილი მქონდა. კი, ვკითხულობდი ჰემინგუეის, ტოლსტოის და ჯავახიშვილს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ მაღელვებენ, სულ მქონდა დანაკლისის განცდა. კაცების დაწერილ წიგნებში ეს უფერო და “უსუნო” ქალები არ ვიყავი მე, მე კიდევ სულ ჩემი თავი მინდოდა მეპოვნა. მერე ვიპოვნე იელინეკიც, ტონი მორისონიც და ელის უოკერიც, მაგრამ განსაკუთრებული მაინც ანა კორძაია-სამადაშვილი იყო. ანა პირველად 2004 წელს წავიკითხე, მაშინ ჯერ კიდევ ფსევდონიმით წერდა, მგონი. ის ადგილიც კი მახსოვს, სადაც ვიჯექი, როცა ვკითხულობდი და ის სიხარულიც – მე ხომ პირველად ვკითხულობდი ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტს, რასაც ჩემზე წერდნენ!

მერე მე თვითონაც რომ დავიწყე წერა, მივხვდი, რომ იმას ვწერდი, რაც მე თვითონ მინდოდა წამეკითხა. ოღონდ შეკითხვა – რატომ იყვნენ ასე ცოტა ქალი ავტორები, საკმაოდ გვიან გამიჩნდა.

ქალი და კაცი ავტორების შესახებ 
—————————————————
რატომ არიან ცოტა ქალი ავტორები? იმიტომ, რომ ქალებმა წერა გვიან დაიწყეს. და რატომ დაიწყეს გვიან წერა? იმიტომ, რომ წერა გვიან ისწავლეს. სკოლები და უნივერსიტეტები საუკუნეებია არსებობს, მაგრამ როდის გაგვიღეს ქალებს სკოლის კარი? ერთი საუკუნის წინ! ჰოდა, ამ დროს გაჩდნენ კიდეც მასიურად ქალი მწერლები. ქალ მწერლებზე რომ ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ქალი მკითხველი, ვინც ქალ მწერალთან ერთად გაჩნდა. ქალ მკითხველს სჭირდება ქალი მწერალი და პირიქით, ზუსტად ემოციური თუ გრძნობიერი თანაზიარობის გამო. პატრიარქალური სისტემა სრულიად სხვადასხვა ადამიანებად აყალიბებს ქალს და კაცს. კაცს პრივილეგიები კი ისე უზღუდავს თვალსაწიერს, ის საკუთარ გარსს ძალიან იშვიათად სცდება, მას მხოლოდ საკუთარ თავზე შეუძლია წერა, თან როგორც სამყაროს ცენტრზე. კაცზე, როგორც სამყაროს ცენტრზე არის აგებული მთელი მსოფლიო ლიტერატურა. როცა ამბობენ “კლასიკური ლიტერატურა”, “მსოფლიო ლიტერატურა”, “დიდი ლიტერატურა”, “უნივერსალური ლიტერატურა”, აქ ყოველთვის კაცების ლიტერატურა იგულისხმება. ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად მესმის ქადაგი იმის შესახებ, რომ კარგ ლიტერატურას “სქესი არ აქვს”. ესეც იგივე “სიმღერიდანაა”. ლიტერატურას, სულ უტოპიურსაც კი, გენდერიც აქვს, კლასიც, სქესიც და რასაც. ყველა ტექსტი რაღაც პიზიციიდან იწერება. ლიტერატურას “სქესი” მაშინ აღარ ექნება, როცა კატეგორიები ქალი და კაცი აღარ იარსებებს. მანამდე კი, უნდა გავიაზროთ და ვაღიაროთ, რომ არც სამყარო და არც ლიტერატურა მხოლოდ თეთრ, პრივილეგირებულ, ჰეტეროსექსუალ კაცს არ ეკუთვნის. სამყარო უფრო მეტია, ვიდრე თეთრი, პრივილეგირებული, ჰეტეროსოქსუალი კაცი.

წერა ქალებისთვის არც ლიტერატურაში მათი გამოჩენის მერე ყოფილა იით და ვარდით მოფენილი. როგორც ყველა საჯარო სივრცე, ლიტერატურაც ისევ ოკუპირებული იყო კაცების მიერ და ქალების იქ შეჭრა დესტაბილიზაციას უქმნიდა სისტემას. ამიტომაც დაიწყეს ამ სივრციდან ქალების განდევნა, საქართველოშიც, მათ შორის. ის ფაქტი, რომ ჩვენი ლიტერატურული წარსულიდან ქართველი მწერალი ქალების ჩამოთვლა არ შეგვიძლია, იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობდნენ, იმას ნიშნავს, რომ ისინი პატრიარქალურმა კლუტურამ და ინსტიტუციებმა მარგინალებად აქცია – მწერალთა კავშირმა პირველ რიგში. გადახედეთ კავშირის არქივებს ან მაშინდელ ლიტერატურულ პრესას. ამაში თავად დარწმუნდებით.

საკუთარი ტექსტების შესახებ 
———————————————————
“გათვლა” აგვისტოს ომის საპასუხოდ დავწერე. ეს ჩემი პროტესტი იყო ომის და ძალადობის წინააღმდეგ. მაშინ მივხვდი, რომ წერა რაღაც სიმძიმეებისგან გამოთავისუფლებაა და ერთგვარი თერაპიაც. წერის პროცესში, რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანების გამოგონებით, შენც შეგიძლია ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი გახდე, ბევრ სხეულში ჩასახლდე, იმაზე მეტი განიცადო და იგრძნო, რასაც შენ თვითონ გრძნობ და განიცდი. მე მომწონს ამ სხვა, გამოგონილ სხეულებში და გრძნობებში გადასახლება, მგონია, რომ ეს ჩემ სიცოცხლეს მეტ შინაარსს სძენს.

“გათვლის” მერე რომანი “აღმოსავლეთით” დავწერე. აქ სრულიად სხვა რეაქცია შემხვდა. თუ “გათვლას” აქებდნენ და ადიდებდნენ, აქ სრული მდუმარება მივიღე. ერთგან-ორგან თქვეს, რომ “სთორი” გავაფუჭე, რომ ელენე დარიანზე და პაოლო იაშვილზე უკეთესად შეიძლებოდა დაწერა. მე კი მგონია, რომ “აღმოსავლეთით”, როგორც მხატვრული ტექსტი, “გათვლაზე” უკეთესიც არის. უბრალოდ, აქ მოლოდინი იყო რაღაც მორიგი, ჰეტერონორმატიული სასიყვარულო ზღაპრის, მე კი ამ ზღაპრის ნაცვლად ახალგაზრდა, ვაგინიზმით და დეპრესიით დატანჯული ქალის ისტორია შევქმენი. ზუსტად ამ ჰეტერონორმატიული სიყვარულის დემითოლოგიზაციას შევეცადე და ეს იმედგაცურებაც მივიღე. მაგრამ მახსოვს, სრულიად უცხო მკითხველის – ქალების მოწერილი წერილები, სადაც მეუბნებოდნენ, რომ მთავარი გმირი – ირინა თვითონ არიან. ჩემთვის ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს. მე ხომ ვიცი ეს რას ნიშნავს, როგორ მნიშვნელოვანია ეს თანაზიარობა, რამხელა სიხარულია და როგორ გაძლიერებს. მეც ხომ ვყოფილვარ მეორე, მკითხველის მხარეს.

კაცი კოლეგების/კრიტიკოსების შესახებ 
————————————————————-
ზოგადი სურათი აქ ასეთია: ჩემი დაკვირვებით, ქალებთან მიმართებში საქართველოში არსებობს კაცი ავტორების ორი კატეგორია: 1. “შენი არაფერი მაქვს წაკითხული (არც წავიკითხავ), არ მაინტერესებ და საერთოდ, ვინ ხარ?”. 2. “ვკითხულობ შენ ნაწერებს, თვალყურსაც კი ვადევნებ, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ვდუმვარ, ქალებზე ლაპარაკი ჩემი საქმე არაა”. კრიტიკოსები კიდევ უარესი შემთხვევა მგონია. აქაც ან დუმილი და უარყოფაა, ან ორი-სამი მიფუჩეჩებული სიტყვის თქმა, ან “უკეთეს შემთხვევაში”, ერთ-ორ გვერდიანი სრულიად არაპროფესიონალური, აგდებულ ტონში დაწერილი “კრიტიკის” შეთხზვა, სადაც იმის უფლებასაც კი აძლევენ თავს, ინსტრუქციები მოგცენ რაზე წერო და რაზე არა. ხანდახან გამოერევიან ე.წ. “დამმუნათებლები”. ესენი მწერალი კაცების მეორე კატეგორიიდან არიან. რაიმე სახის პოლემიკაში თუ შეხვალ მათთან, გეტყვიან: “მე შენი “გათვლა” წავიკითხე, მომწონს და ერთხელ ძმაბიჭებთან საუბარში შევაქე კიდეც და რატომ მეწინააღმდეგები?”

მე არ მაქვს კაც ავტორებთან ურთიერთობა, არ ვმეგობრობ მათთან იმიტომ, რომ გასაზიარებელი არაფერი მაქვს. ფუჭი მგონია დროის და რესურსის ხარჯვა ელაპარაკო მათ და ეცადო “აქეთა”, ქალური პერსპექტივა დაანახო. ისევ ჩემგან სრულიად განსხვავებულ ქალებთან მირჩევნია ვეძებო გადაკვეთის წერტილები. რა თქმა უნდა, ამ კაცებში არსებობს ერთი და ორი გამონაკლისი, ოღონდ მართლა ერთი და ორი და ისინი დღეს ქმნიან კიდეც კარგ ქართულ ლიტერატურას.

მწერლობის შესახებ 
——————————-
ორი წლის წინ პორტუგალიელი ავტორი ჟოზე ლუიშ პეიშოტუ იყო ჩამოსული თბილისში და მკითხველთან შეხვედრაზე პორტუგალიურ ლიტერატურულ ტრადიციაზე ილაპარაკა. თქვა, რომ ამ ტრადიციაზე დგას. მახსოვს როგორ გაუბრწყინდა თვალები, როცა ფერნანდო პესოა ახსენა და მაშინ დავფიქრდი: რა ლიტერატურულ ტრადიციაზე ვდგავარ მე ან სხვა ქართველი ავტორი და ვის ხსენებაზე გვიბრწყინდება ასე სახე? ვისზე დადგები, როცა ქალები ტოტალიტარულმა და პატრიარქალურმა სისტემამ სრულიად დაამუნჯა და განდევნა ლიტერატურიდან, კაცები კი გაჟლიტა? საბჭოეთის დროს წარმოებული ქართველი მწერალი – ქლესა კონფორმისტი როგორ უნდა იყოს ტრადიცია? მგონია, რომ მწერლის ასეთი სახე ჯერ კიდევ ისე ძლიერია ჩვენში, რომ თანამედროვე ავტორებსაც ძირითადად ასე ხედავენ – კონფორმისტებად. მერე თანამედროვე მწერლების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის ეს ზიზღნარევი გულგრილობაც გასაგები ხდება.

მე თვითონაც, ზუსტად ამ კონფორმიზმის დიდი ტრადიციის გამო, ძალიან მიჭირს დღემდე “მწერლის” იარლიყის მორგება, სულ მინდა ავერიდო და ყოველთვის სახელდება “ავტორს” ვეპოტინები. მგონია, რომ დღეს, ზუსტად “საბჭოთა მწერლის” იმიჯი გვაქვს ქართველ ავტორებს, პირველ რიგში, დასამსხვრევი.

ფრანკფურტის შესახებ 
————————————–
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე სტუმარი ქვეყანაა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა არა მხოლოდ ავტორებისა და გამომცემლებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ამ ფესტივალისთვის წიგნის ეროვნული ცენტრი წლებია ემზადება. მე მათთან 2012 წლიდან ვთანამშრომლობ და როგორც ავტორს, ყოველთვის სრული კომფორტი მქონდა მათთან ურთიერთობისას, პირველ რიგში, მათი პროფესიონალიზმის გამო. ახლა კი, როცა ამ ფესტივალამდე 9 თვე რჩება, ცდილობენ ცენტრის გუნდი ფესტივალს ჩამოაშორონ. თითქმის ყველა შეგნებული მწერალი ცენტრს და მის გუნდს უჭერს მხარს. მეც ბოლომდე მათი მხარდამჭერი ვიქნები. ამ გუნდში ქალები არიან, თავის საქმეზე შეყვარებული და სრულიად თავგადადებული. ზუსტად მათი შრომის და თავგანწირვის გამოა, რომ აქამდე მოვედით და მხოლოდ მათ ხელში აქვს შანსი ქვეყანას ღირსეულად წარდგეს ფესტივალზე. ხელისშემშლელი კი, რა თქმა უნდა, ძალაუფლებაში მყოფი კაცები და პატრიარქალური ინსტიტუციებია მთელი თავისი უსამართლობებით. მარტო ფრანკფურტის წიგნის ფესიტვალი კი არა, საქართველო, როგორც ქვეყანა დგას ქალთა შრომაზე, რომელსაც შინ თუ გარეთ ქალები ვეწევით და რასაც არასოდეს აფასებენ.

ისევ წერის შესახებ 
—————————–
წელს სტუდენტებს სემესტრის ბოლოს თავისუფალი ესეს დაწერა ვთხოვე და ბოლომდე გამყვება ის აღფრთოვანება, რაც მათი ტექსტსების კითხვისას ვიგრძენი. დავინახე, რომ განურჩევლად ყველა და განსაკუთრებით გოგოები, არაჩვეულებრივად წერენ. ან თქვენ პროექტს რომ ვადევნებ თვალს, კიდევ უფრო ვრწმუნდები, როგორ კარგად შეუძლიათ ქალებს საკუთარი ამბის მოყოლა, როგორი მნიშვნელოვანია მოვყვეთ ჩვენი ამბავი.

ამიტომ ყველა გოგოს და ყველა ქალს ვეუბნები – ჩვენ, ყველანი ძალიან კარგად ვწერთ. ჩვენ ყველამ აუცილებლად უნდა მოვყვეთ ჩვენი ამბავი. ჩვენ თვითონ უნდა დავწეროთ ჩვენი ისტორია. წერა კაცების ხელშია ფუფუნება, თორემ ჩვენ ხელში იარაღია.

ფოტო: ნინო ბაიდაური

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close