საზოგადოება

,,ბერმა პირდაპირ ლანძღვა-გინება დამიწყო – შენ ხარ უსინდისო ადამიანიო”

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიძე:

_  მამა გაბრიელთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ჩემს უფროს მეგობარს პირადად გადახდა და მე მიამბო.
80-იანი წლების დასასრული იყო და ინსტიტუტებს შორის გაცვლითი პროგრამით მყოფი 2 გერმანელი სტუდენტი გდრ-დან ჩემთან მოხვდა სახლში. ერთერთი სტუდენტი ლუთერანი მღვდლის შვილი აღმოჩნდა. საღამოს გავშალეთ სუფრა დავსხედით და საუბარი ჩვენს რელიგიებსაც შეეხო, განსხვავებებს და მსგავსებეს მართლმადიდებლობასა და ლუთერანებს შორის. იმან თავისი თქვა, მე ჩემი ვთქვი და რაღაცნაირად მივედით ერთ აზრამდე, რომ – რა მნიშვნელობა აქვს იმას, შენ როგორ გადაისახავ პირჯვარს ან მე, შენ რა გზით მიდიხარ ქრისტესკენ, მე რა გზით და ბოლოს მე ვთქვი ასეთი ფრაზა, რომ ალბათ, სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ ამ სხვადასხვა გზებით მიდიხარ ერთ ჭეშმარიტებასთან…

 მე, მაშინ, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მქონდა მართლმადიდებლობაზე. რაღაცა კი ვიცოდი, მაგრამ რაღაცა არ ვიცოდი.
მეორე დღეს მოხდა ისე, რომ ეს ხალხი ვინც სუფრასთან ვისხედით წავედით მცხეთაში. ვიყავით სვეტიცხოველში და მივედით სამთავროშიც, შევდგი თუ არა ფეხი მონასტრის ეზოში, დავინახე ვიღაც ბერი დახეული, დაკონკილი ტანსაცმლით ზევით აივანზე იყო და იქ გადი გამოდიოდა და პირდაპირ ლანძღვა – გინება დამიწყო – შენ ხარო უსინდისო ადამიანიო. შენისთანები ღუპავენ სარწმუნოებასო. შენისთანებს უნდათ, რომ გზას გადავუხვიოთო.. რომელი გზებით დადიხარო შენი ასე და ისეო, მაგინებდა. ვის ელაპარაკებიო, რას ეკამათებიო, თუ აზრზე არ ხარო.

 მე ძალიან დავიბენი. ისეთი პერიოდია, ძველბიჭობის წლებია და მეც მასე ვარ და ვფიქრობ, აუვარდე, პასუხი გავცე, რამე ვუყო… თან კაბაშია შემოსილი და ამ დროს გამოვარდა დედაო და მეუბნება, გაანებე თავი, ვერაა ეგო და უცებ ტაძარში შემიყვანა. რაღაცნაირად გადავხარშე და დავმშვიდდი, მაგრამ მერე, დიდხანს ვფიქრობდი, საიდან გაიგო ამ კაცმა წინა საღამოს, მე რას ვამბობდი ჩემს სახლში? ეს ხომ წარმოუდგენელი იყო.
წლების შემდეგ, როდესაც უკვე მედავითნე ვიყავი და რწმენაშიც რაღაც გამეგებოდა, სიონის ტაძართან შევხვდი მამა გაბრიელს. მივედი და ვკითხე, ეს ამბავი როგორ გაიგე-თქო? იმან მკითხა, მანეთი თუ გაქვსო? კი-თქო. მაშინ წამო, ლობიო ვჭამოთ, რა მახსოვს, რა გითხარიო. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close