საზოგადოება

,,ბატონო ცეზარ, მე და ჩემი 11 წლის შვილი არ გავქცეულვართ, თქვენ კი 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით გაიპარეთ”

,,ცეზარ ჩოჩელის ინტერვიუს ვუსმინე გადაცემა “სთორი” ში….
აი, რა ვთქვა? ადამიანი ზის და ცრუობს… “-24 აგვისტოს მოგვთხოვეს დაგვეტოვებინა ახალგორი, მანამდე ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან”- მოსახლეობის ევაკუაცია მოვახდინე- 70 % გამოვიყვანეთ”…
12 აგვისტოს ადგილობრივებთან ერთად გავაჩერეთ სპეცრაზმით მოძრავი ჩოჩელი ეკლესიის წინ და მოვთხოვეთ აეხსნა, რატომ ტოვებდნენ მისი ახლობლები რაიონს, რამე საფრთხე ხომ არ იყო? იქ 11 წლის შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე მითხრა, რომ ვთესავდი პანიკას და არანაირი საფრთხე აქ არ გვემუქრებოდა. თქვა, რომ მისი ოჯახიც ახალგორში იყო. იმავე ღამით ოჯახი გაიყვანა.
13 აგვისტოს ღამით კი თვითონ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ ახალგორიდან. ამ დროს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სამსახურები არ უნდა მიეტოვებინათ, მინიმუმ.
არანაირი ევაკუაცია არ მოუხდენიათ. ცრუობს. ახალგორში ფუნქციონირებდა ბავშვთა სახლი და მათ აღსაზრდელებზე ხომ სახელმწიფო ზრუნავდა, ისინიც კი არ გაიყვანეს.
17 აგვისტოს დაბას გაზი გაგვითიშეს. ცეზარის ძმის იყო გაზის კომპანია. გათიშვაზე თქვეს, რომ “ოსებმა ააფეთქეს”, ჩვენ რა შუაში ვართ. ეს იყო სიცრუეა, თავად გათიშეს და მოგვიანებით აღიარეს კიდეც. შემდეგ დაიწყო ელექტროენერგიით თამაში. სინათლე ღამის 23.00 დან 10.00 მდე გვქონდა. ასე თითქმის წელიწადი ვიცხოვრეთ.
ამის პარალელურად, ზეწოლა დაიწყო მან და ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათზე, ვინც აქ დარჩა. 2008 წლის ბოლოს დაიწყეს ქართული ხელფასების მოხსნა, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავალი იყო- “მოსწავლეთა სახლი”( მე ვიყავი ხელმძღვანელი), ახალგორის ორი ბაგა- ბაღი, მუსიკალური სკოლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სპორტ სკოლა, სოფელ წინაგარას საშუალო სკოლა და ბაგა- ბაღი. წინაგარა ოსური სოფელია და კონტროლი 2008 წლამდეც დაკარგული იყო, თუმცა განათლება ფინანსდებოდა საქართველოს ხელისუფლებისგან. ხელფასებს მხოლოდ იმიტომ გვიხსნიდნენ, აქ რომ დავრჩით. აი, ასე “სახელმწიფოებრივად” აზროვნებდა და მოქმედებდა მაშინ.
ერთადერთი მე გავაპროტესტე სამსახურიდან გათავისუფლება და 2009 წელს ახალგორიდან ქ. მცხეთაში სასამართლოში ვიარე აღდგენის მოთხოვნით. ახალგორის მუნიციპალიტეტს სასამართლო მოვუგე- ლია მუხაშავრია და ნინო ციხისთავი იყვნენ ჩემი უფლებების დამცველები. იქვე, სასამართლოში დამემუქრნენ რომ არ შემარჩენდნენ და 2010 წელსაც მომხსნეს. შორს წავალ სასამართლოებზე საუბრით….
მაინც გავაგრძელე მუშაობა ბავშვებთან- სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო პირების( მომღერლები, სპორტსმენები, მწერლები…) დახმარებით. 60 მდე ექსკურსია მოვუწყე აქ დარჩენილ ბავშვებს და ყველა მათგანი დიდი დაბრკოლებით- სამარცხვინო მეთოდების გამოყენებით ცდილობდა ცეზარი და მისი ნათესავი, ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ჩაეშალათ. თავად, არც როგორც მხარის რწმუნებულს, ბიზნესმენს ან უბრალოდ ახალგორელს არანაირი დახმარება გაუწევია აქ დარჩენილი ბავშვებისთვის…
ჩემი აქტიურობა მხოლოდ გულის კარნახით ხდება. სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა რომ რასაც მე ვაკეთებ, სწორედ ესაა პოლიტიკა- ცვლილებები.
ის, რაც ზემოთ დავწერე იმ პერიოდის პრესა ინახავს, დღეს არ ვწერ პირველად. ასევე იმ პერიოდის სატელევიზიო კადრებიც ინახავს ჩემს სიტყვებს.
ცეზარი იყო დეპუტატი და ისევ იმ სურვილით მიდის- საკუთარი ბიზნესის ხელშეწყობა. მაგასაც გავუგებდი, უმეტესობა ასეთია. უბრალოდ ახალგორის თემით რომ არ მანიპულირებდეს და სამარცხვინოდ ცრუობდეს, ყურადღებას არ მივაქცევდი. მე და ჩემი 11 წლის შვილი არ გავქცეულვართ, ბატონო ცეზარ. თქვენ კი ნამდვილად გაიპარეთ 2008 წლის 13 აგვისტოს ღამით.
P.S. უნდა მოვიცალო და დავიწყო წიგნზე მუშაობა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თამარ მეარაკიშვილი.

Related Articles

Back to top button
Close