
„სიკვდილის გამაუქმებელი” უწოდა მას მწერალმა გიორგი კეკელიძემ, მის შესახებ დაწერილ რომანს კი „სიკვდილის გაუქმება”. ეს არის 61 წლის კაცის საოცარი ისტორია, ვიდრე ის ცნობილი ექიმი, პედაგოგი, პროფესორი და ბედნიერების ელჩი გახდებოდა. ამ საინტერესო ისტორიის შესახებ „სიკვდილის გამაუქმებელი” არსენ გვენეტაძე „კვირის პალიტრას“ უამბობს.
.
– როგორ დაიწყო თქვენი ბრძოლა კიბოსთან და როგორი შედეგით დასრულდა?
– 42 წლის ვიყავი, როდესაც უმნიშვნელო სიმპტომები შევნიშნე, ტკივილი არ მაწუხებდა და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. სამი თვის შემდეგ ისევ შევნიშნე… იმხანად ჟორდანიას ინსტიტუტში ვმუშაობდი და დირექტორის, არჩილ ხომასურიძის რჩევით პროფესორს, პროქტოლოგ გია მუხაშავრიას დავუკავშირდი, რომელმაც კოლონოსკოპია ჩამიტარა. მას შემდეგ 20 წელია გასული და ასეთ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ ვიკეთებ.
პირველ ჯერზე, როდესაც ბატონ გია მუხაშავრიასთან მივედი, მსხვილი ნაწლავის პოლიპეპი აღმომაჩნდა. დავიწყე მკურნალობა და მესამედ რომ ჩავიტარე გამოკვლევა, ბატონმა მუხაშავრიამ ერთობ საგულისხმო რამ მითხრა, ნულის ტოლია იმის რისკი, რომ თქვენ მსხვილი ნაწლავის კიბოს გამო სიცოცხლე შეიმოკლოთო. ვიფიქრე, კოლეგა ვარ და ჩემს დამშვიდებას ცდილობს-მეთქი და ვკითხე, ხომ მაღალია რისკი, რომ პოლიპები კიბოდ გარდაიქმნას-მეთქი, და მითხრა, დიახ, მაგრამ თქვენ წელიწადში ერთხელ კვლევას იტარებთ. შესაბამისად, პოლიპი ვერასოდეს განვითარდება იმ ზომამდე, რომ მეტასტაზად იქცესო. როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი და, 2010 წლის თებერვალში მსხვილი ნაწლავის კიბო დამიდასტურდა…
იმხანად ვახტანგ გაბაშვილთან ერთად დოკუმენტურ ფილმს ვიღებდი. დილით კვლევა ჩავიტარე და გზას დავადექით. გზაში ვსაუბრობთ, თან ის კამერით მიღებს. მე ვამბობ, დღეს კვლევა ჩავიტარე და 50/50-ზე კიბო მექნება, მაგრამ არ მეშინია, ვიმკურნალებ და ეგ იქნება-მეთქი…
ორშაბათი დღეა, პაციენტებს ვიღებ, მირეკავს გია ბურკაძე: იცი, რა მეგობარო… შეეცადა შემოვლითი გზით ეთქვა. მაშინვე მივხვდი… რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ აზრი მომეკრიბა და პაციენტთან გამეგრძლებინა საუბარი… ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, რა ვქნათ, გავაგრძელოთ ფილმის გადაღებაო? ვუთხარი, გავაგრძელოთ, მე გავიკეთებ ოპერაციას, თუ გადავრჩები, ხომ კარგი, თუ არადა, მერე შენ გადაწყვიტე-მეთქი. პირველ ოპერაციას მეორე მოჰყვა. მერე ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან და აგერ, ამდენი წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ.
– კიბოსთან ბრძოლამ, ალბათ, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში?
– სიკვდვილის შიში გამიქრა. მივხვდი, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არა, ხარისხია მნიშვნელოვანი. მე არა მაქვს მსხვილი ნაწლავი, ერთი თირკმელი და კიდევ რაღაცები, მაგრამ ამის მიუხედავად, 60 წლის რომ ვხდებოდი, იმ ღამეს ფუძიამას მთაზე ავედი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ შეუძლებელი არაფერია და ამას მივუძღვენი 4-ტონიანი მონუმენტი, რომელიც ახლა კუს ტბაზე დგას. მონუმენტს ჰქვია “მზის ამოსვლა” და აწერია, რომ ეძღვნებათ ადამიანებს, რომლებმაც სიკვდილის შიში დაამარცხეს.
მე ვისწავლე ცხოვრება ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია. შეიძლება ითქვას, ენერგია გამიათმაგდა. კიბო რომ არ გადამეტანა, სიკვდილთან ახლოს ყოფნის შიში ხომ ვერ მექნებოდა და სიცოცხლესაც სხვაგვარად ხომ ვერ დავინახავდი? თავიდან რომ დავიბადო და არჩევანის საშუალება მქონდეს, ავირჩევდი ზუსტად იმავე ცხოვრებას.
ცოტა ხნის წინ პაციენტი მყავდა, რომელსაც ბავშვობაში ორჯერ ჰქონდა გაკეთებული კიბოს ოპერაცია. ვკითხე, ბოლოს როდის გაიკეთე, კვლევა-მეთქი? 7-8 წლის წინო. წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, მის მშობლებს კვლევები რომ არ ეკეთებინათ? სიმსივნე ჯერ 8 წლის ასაკში აღმოუჩინეს, მეორედ კი 11 წლის ასაკში. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებები და პროფესიონალები – აი, ამ ყველაფრის ერთობლიობის დამსახურებაა, რომ მე ახლა ცოცხალი ვარ.
7 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ ღვიძლის პრობლემებიც მქონდა. თავის დროზე რომ არ აღმომეჩინა, შეიძლება გვიანი ყოფილიყო, დღეს კი ღვიძლის ყველა ფუნქცია ნორმაში მაქვს. საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი და ანალიზების კეთება დაავადების 90%-ის პრევენციაა. პაციენტები, რომლებიც ჩემთან უშვილობის პრობლემებით მოდიან, ფარისებრი ძუძუს და სათესლე ჯირკვლის კვლევებს ვუკეთებ. შარშან ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში 7 ფარისებრი და ორი სათესლე ჯირკვლის კიბო აღმოვაჩინე. ისინი ოპერაციიდან ორ-სამ თვეში დაბრუნდნენ და ისევ უშვილობაზე გააგრძელეს მკურნალობა…. ჩემს მოწაფეებს პირველ რიგში იმას ვასწავლი, რომ ჯერ საკუთარ თავს ყური დაუგდონ. კი, გვეშინია, რამე ცუდი არ გავიგოთ, მაგრამ ჯობს, ეს დისკომფორტი წელიწადში ერთი დღე ვიგრძნოთ, ვიდრე მერე სავალალო შედეგი მივიღოთ