საინტერესო

,,არ ვიცი რას გიპასუხებ მაშინ, როდესაც მკითხავ, ეკლესია-მონასტრებით სავსე ქვეყნიდან, რატომ გააძევეს ღმერთი?”

,,ალბათ მაპატიებ შვილო, რომ გატყუებდი..." _ წერილი შვილს

ალბათ მაპატიებ შვილო…
ვიცი, გავა დრო და მისაყვედურებდი, რატომ მატყუებდი ამდენსო?
მე კი ვაგრძელებ ჩემს ტყუილებს ჯიუტად და ისევ გარწმუნებ, რომ ჩვენს ერზე დიდი ერი დედამიწის ზურგზე არ არსებობს.
ვინ იცის რამდენჯერ გითხარი, რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ მეთქი და რამდენჯერ ჩამწყვეტია გული, რომ ასეთი ბანალური გავხდი…
არ ვიცი რა პასუხს გაგცემ, როდესაც გადაეყრები ღალატს, ბოღმას, შურს გაუტანლობას და ზურგსუკან გათხრილ სამარეს…
არც ის ვიცი რას გიპასუხებ მაშინ, როდესაც მკითხავ, ომში დამარცხებულ ქვეყანას, რატომ ჰყავს ამდენი გენერალი?
ეკლესია მონასტრებით სავსე ქვეყნიდან, რატომ გააძევეს ღმერთი?
უამრავი უმაღლესი სასწავლებელების მიუხედავად, რატომ არსებობს უწიგნურობა?
რატომ უწოდებენ კოლაბორაციონალისტებს ინტელიგენციას?
რატომ მათხოვრობენ ქალები და ბავშვები?
რატომ აძაგებენ ცოცხალს და რატომ აქებენ მკვდარს?
რატომ უსურვებენ ერთმანეთს შეხვედრის დროს მშვიდობას და რატომ სწყურიათ ერთმანეთის სისხლი?
რატომ არიან ადამიანები იმ ბრენდზე იაფები, რაც ტანზე აცვიათ?
რატომ არის სხვისი ჭირი ღობეში გარჭობილი ჩხირი?
რა დანიშუნლება აქვს, ან რაში ვიყენებთ, სართულებიან თაროებზე ჩალაგებულ სქელყდიან წიგნებს?
რატომ გვირჩევნია დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს?
სად გადის ზღვარი ზნეობასა და უზნეობას შორის?
ჰო, ბევრი რამ გაგაკვირვებს, მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებ შვილო…
ნუ შეგაშინებს ეს რეალობა, იცოდე რომ რიცხვთა სიმრავლეში არ იჭედება არც ჭეშმარიტება და არც ერის გადარჩენის საიდუმლო…
გახსოვდეს: შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც გულში ჩაგიხუტებენ. შეგხვდებიან მამაცი და ამაყი გმირი ქართველები… ისინი მცირეოდენნი არიან, მაგრამ იმდენად ძლიერნი რომ მხრებით დააქვთ ჩვენი სამშობლო…
შენც მოატყუე შენს შვილებს… შენც გაამრავლე ერთი მართალი კაცი ათასად, ასიათასად .
შეაყვარე საკუთარი ერი, მამული და მერწმუნე ხვალ, ზეგ, მასზეგ, საუკუნეების მერე ჩვენ მართლა გავმრავლდებით, გავმართლდებით და ჩვენს მომავალ თაობებს აღარ დასჭირდება ტკბილი ტყუილების გამოგონება…
მაპატიე თუ ტკბილ ტყუილებში დახატული საქართველო შემოგაპარე…
მეც ასე მატყუებდა მამა…
ნუგზარ (სულა) სულაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close