“არ გაგიკვირდეთ, ჩემს ლიკვიდაციაზეც თუ გაიგებთ”
ია მეტრეველი, 2004 წელს დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, “სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრის” მიერ მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას ეხმაურება:
„ამ ორგანიზაციის და ზვიად კუპრავას მიერ შეტანილი განცხადება პროკურატურაში ჩემი ღირსების შელახვას ემსახურება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მიმდინარე სასამართლო პროცესებთან. გინდ პროკურატურაში შეიტანონ საჩივარი და გინდ სტრასბურგში გადააგზავნონ, არანაირი პრობლემა არ არის.
ვაპირებ სასამართლოში შევიტანო განცხადება კუპრავას და ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ღირსების შელახვისთვის. მათ არაერთხელ სცადეს მტკიცებულებების და სიმართლის გარეშე ჩემი სახელი შელახონ.
ამიტომაც, სასამართლოზე საქვეყნოდ მოუწევთ ბოდიშის მოხდა. ბრალდება ეხება იმას, რომ თითქოს „ქომაგში“ თანხების არამიზნობირივი ხარჯვა მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ქომაგის დამფუძნებელი მე გახლდით. ეს სრული სისულელე და აბსურდია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ როგორმე ჩემზე მოხდეს ზემოქმედება. არ გამიკვირდება და არ გაგიკვირდეთ, თუკი ჩემს ლიკვიდაციაზეც გაიგებთ.
გახსოვთ, ალბათ ზურა ვაზაგაშვილს რაც უქნეს. ახლა ჯერი ჩემზეა და მთელი ეს “ნაციონალური მოძრაობის” მანქანა მე მიპირისპირდება იმის გამო, რომ ცოტა დრო დარჩათ, რადგან ძალიან მალე დაიჭერენ. ამის გამო ხდება ჩემზე შეტევა”, – განაცხადა მეტრეველმა.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს თაღლითობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შეაქვს.
საუბარია საქმველმოქმედო ფონდ „ქომაგზე“, რომლის შემომწირველების ვინაობა და თანხის განკარგვა, კუპრავას თქმით, გაუმჭვირვალე იყო.
საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის 30 აპრილს დააფუძნა ია მეტრეველმა. ია მეტრეველი იმავე დღეს გახდა ფონდის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. ფონდის პრეზენტაციისას ია მეტრეველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისას პოლიტიკური დევნით დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებას გაუწევდა. ფონდი ასევე, დაუფარავდა უმწეოებს მკურნალობის ხარჯებს. ია მეტრეველი აგრეთვე, აცხადებდა, რომ ფონდი უსამართლოდ წართმეულ სოციალური შემწეობებს აღუდგენდა მოხუცებს. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს, განსაკუთრებით პოლიციელებს დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას მოუხდენდა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფდა 1.500-დან 5/000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქომაგმა“ არსებობა შეწყვიტა.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს- დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძეს, ზაზა ბაქრაძეს და ზურაბ მიქაძეს უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.