სამართალი და კრიმინალი

აგვისტოს ომის გმირის ძმა სავალუტო ჯიხურის ძარცვისთვის დააკავეს

„პრაიმტაიმი” მიერ გამოცემული წიგნი „გმირი“ ათეულობით ქართველი ჯარისკაცის მართლაც გმირულ ისტორიას აერთიანებს. 10 წლის წინ ისინი ქვეყნის ერთიანობას შეეწირნენ.

მათ შორის გახლდათ 20 წლის კაპრალი, სოსო ღვინიაშვილი. მისი გმირული და ამასთანავე სევდიანი ამბავი მკითხველებში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. სოსო გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. მისი ძმა, დავით ღვინიაშვილი კი ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დასაქმების პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროში დაასაქმეს.

ამ სტატიაში ჩვენ სწორედ დავით ღვინიაშვილზე უნდა გიამბოთ, თუმცა არა როგორც გმირზე, არამედ როგორც ბრალდებულზე.

დავით ღვინიაშვილი 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი გახლდათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 14 ივნისს ის სამართალდამცავებმა დააკავეს და ამჯერად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

რა ბრალდებით დააკავეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი ქართველი გმირის ძმა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი? ამის გასარკვევად ჩვენ ღვინიაშვილების ოჯახს დავუკავშირდით, სადაც დავითის დაკავების ფაქტი არ უარყვეს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.

ჩვენი ინფორმაციით კი დავით ღვინიაშვილის სახელი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი სავალუტო ჯიხურის ძარცვას უკავშირდება. აღნიშნული ობიექტი მიმდინარე წლის თებერვალში გაძარცვეს. თავდამსხმელმა სავალუტო ჯიხურიდან თანხა გაიტაცა და მიიმალა. სამართალდამცავებმა საქმე 14 ივნისს გახსნეს და ბრალდებულის სახით თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დავით ღვინიაშვილი დააკავეს. ინფომაცია შსს–ში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლით (ძარცვა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყებაში განგვიმარტეს, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დავით ღვინიაშვილს მისი დაკავების დღესვე შეუჩრდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

„საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თბილისში მდებარე ერთ–ერთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ძარცვის ფაქტზე. მას მიმდინარე წლის 15 ივნისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ–ს 178–ე მუხლით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით 16 ივნისს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე მოახდინა რეაგირება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წერილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივნისის განჩინების საფუძველზე იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, დავით ღვინიაშვილს 2018 წლის 14 ივნისიდან (წინასწარი პატიმრობის ვადის ათვლიდან) შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება“ – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ღვინიაშვილის საქმის არსებითი განხილვა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება.

წყარო: PrimeTime.Ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close