საზოგადოება

,,მეუფე ვახტანგი ქართველი ერის ინტერესების სადარაჯოზე კი არა, ლორთქიფანიძისა და მის უკან მდგომების სადარაჯოზეა!”

,,რა გარანტია მაქვს, რომ სხვასაც არ უმტყუნებს ნერვები და ერთ მშვენიერ დღეს, სადმე ბნელ მოსახვევში არ მნახავთ ძირს უპატრონოდ და უგონოდ დაგდებულს?!

მანქანებს, რომ მიაყენებენ და ჩვენს საგანძურს გამოზიდავენ, მერე გვიან იქნება გულში მჯიღის ცემა და სანამ დროა, ერიც და ბერიც გამოვფხილდეთ! ბოდიშს ვიხდი უკლებლივ ყველასთან, მაგრამ ასე მგონია, გარშემო ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ დღეს N1 პრობლემა არის ის, რაც ხდება საქართველოს ცენტრალურ მუზეუმებში, კონკრეტულად ხელოვნების მუზეუმში, სადაც განთავსებულია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთიდან დაბრუნებული საგანძური.

გამალებული ფუთავენ ექსპონატებს. საგანძურის კარი ჯერ არ შეუღიათ. დღეს მუზეუმის ფოიეში დაახლოებით ორი საათი მომიწია ყოფნა და ჩემს თვალწინ გარბი-გამორბოდნენ, ტკაცუნა პარკებით ხელში. ვიცი ის, რომ ამ ორმოცგრადუსიან სიცხეში ფერწერა სწორედ ამ ტკაცუნა პარკებში აქვთ შეფუთული. ხატებიც შეფუთულია.

ბუნებრივია, გაინტერესებთ საპატრიარქოს პოზიცია და ახლა აქ დავწერ იმას, რისი თქმაც ამ ეტაპისთვის დაზუსტებით შემიძლია – გუშინ, როცა გავიგე, რომ ხელოვნების მუზეუმში ტვირთმზიდი შეიყვანეს, უპირველესად საპატრიარქოში შევეხმიანე. რამდენიმე წუთის შემდეგ მომიგეს, რომ კომისიის წევრები ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს უახლოეს პერიოდში ხვდებიან და ამ შეხვედრის შემდეგ გამაგებინებენ სიახლეებს. განმიმარტეს ისიც, რომ მათ გარეშე საეკლესიო ქონებას ვერავინ შეეხება, ყველაფერი უნდა აღიწეროსო.

კი მაგრამ, ხატები შეფუთულია და შეფუთული როგორღა უნდა აღწეროთ-მეთქი, – ვიკითხე და გავაგრძელე – პატრიარქმა კომისიაში ხუთი ადამიანის ჩართვა მოითხოვა. აგერ ახლახანს მამა ანდრია ჯაღმაიძემ მითხრა, რომ კომისია ჯერ შექმნილი არ არის და რომელი კომისია ხვდება ბატონ ლორთქიფანიძეს-მეთქი. მომიგეს, რომ ის, რაც მე გადმოცმეს, შეიტყვეს ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის, ვახტანგ ლიპარტელიანისგან.

მეუფე ვახტანგი საპატრიარქოში სიწმინდეების კომისიას ხელმძღვანელობს და პარალელურად, მუზეუმთან ურთიერთობის საკითხები ავალია. ეს ის მეუფე ვახტანგია, 2017 წლის 10 დეკემბერს პატრიარქის კურთხევის გარეშე დანაშაულებრივ კომპანია “არემჯი გოლდთან” ხელშეკრულება, რომ გააფორმა. ეს ის მეუფე ვახტანგია, “არემჯის” დაფნანსებულ საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზეც, რომ არ ერიდება პოზიორობას, “არემჯის” დირექტორთან. ეს ფოტო დანაშაულებრივმა კომპანია “არემჯიმ” თავის ვებგვერდზე 2018 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა.

მეუფე ვახტანგი მთელ საპატრიარქოს, უპირველესად პატრიარქს, მოსაყდრე შიოს და ყველა იმ სასულიერო პირს, ვინც მუზეუმთან დაკავშირებით კითხვას სვამს, არწმუნებს, რომ მათ გარეშე ვერც დავით ლორთქიფანიძე და ვერც სხვა ხელს ვერ გაანძრევს, რომ ყველაფერი უნდა აღიწეროს.

სინამდვილეში მეუფე ვახტანგი მჭიდროდაა დაკავშირებული დავით ლორთქიფანიძესთან და რეალურად, საპატრიარქოსა და ქართველი ერის ინტერესების სადარაჯოზე კი არა, ლორთქიფანიძისა და მის უკან მდგომების სადარაჯოზეა! ვინც ახლოს მიცნობს, ზუსტად იცის, რომ ადამიანზე, მით უმეტეს ეპისკოპოსზე საჯაროდ არაფერს დავწერ და ვიტყვი მტკიცებულების გარეშე.

დღეს 19:30 წუთზე “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ანი კიკნაძესთან ვიქნები სტუმრად და ვისაც ყურება გაინტერესებთ, გვიყურეთ.

აქვე ძალიან მოკლედ დავწერ გუშინდელზე – მას შემდეგ, რაც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელმა ფოტოპარატი ხელიდან გამომტაცა და გაიქცა, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა). გუშინ მოწმის სტატუსით გამომკითხეს, ძველი თბილისის პოლიციაში. დღეს მუზეუმში ვიყავით და საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

მიხეილ წერეთელი და ის პირები, ვინც გუშინ მას თან ახლდნენ, დღის პირველ ნახევარში გამოკითხულები არ იყვნენ. მე რომ მუზეუმიდან წამოვედი, რა მოხდა, ეს უკვე აღარ ვიცი. დაზუსტებით იმის თქმა შემიძლია, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვები. ჩემი გადამღები აპარატი პოლიციაში დალუქეს და შეინახეს, ექსპერტიზისთვის. ამ გადამღები აპარატის მეხსიერების ბარათი “ობიექტივშია”. მასში ყველაფერი ხელუხლებელია, მხოლოდ ინცინდენტის ამსახველი ვიდეოა წაშლილი, რაც ჯერჯერობით ვერ აღვადგინეთ.

დღისით, მზისით, ბევრი ადამიანის თვალწინ, ვიდეოთვალით აღჭურვილ შენობაში სიდინჯით გამორჩეული მიხელ წერეთელი წყობიდან, რომ გამოვიდა, რა გარანტია მაქვს, რომ სხვასაც არ უმტყუნებს ნერვები და ერთ მშვენიერ დღეს სადმე ბნელ მოსახვევში არ მნახავთ ძირს უპატრონოდ და უგონოდ დაგდებულს?!

ბოლო ფოტოზე მინაწერი – ეს ის ტვირთმზიდია, გუშინ ხელოვნების მუზეუმის ეზოში რომ გადავიღე” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close