ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის ბრალდებას  საპარლამენტო უმრავლესობაში და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სამეკი) პასუხობენ. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფებზე, რომელიც თემურ ჭიჭინაძის განცხადებით,  2012 წლიდან კატასტროფულად არის გაზრდილი, რისი აუცილებლობაც არ იყო. საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ ტარიფების ზრდას, თუმცა, მას კატასტროფულს არ უწოდებენ. რაც შეეხება სემეკს, მარეგულირებელი ჭიჭინაძის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

“რისკები, ტარიფებთან დაკავშირებით ნამდვილად შესამჩნევია. 2012 წლიდან კატასტროფულად არის გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არ იყო. ორი მონოპოლისტური კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მათ ხელშია გენერაცია, განაწილება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ისინი ადგენენ ტარიფს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ის ტარიფები, რომელიც თავიდან ჰქონდა მინიჭებული “ენერგო პროს” იყო არასწორი. დღეს მარეგულირებელი კომისია, რომელიც ასე თუ ისე მაინც სამინისტროს გავლენის ქვეშ იმყოფება, საბაზისოდ იღებს იმ არაკანონიერ ტარიფს, რომელიც თავიდან ჰქონდა დადგენილი” – განაცხადა  ჭიჭინაძემ.

ენერგეტიკოსი, „ქართული ოცნების“ წევრი  რეზო არველაძე  აცხადებს, რომ 2012-2017 წლებში ელექტროენერგიაზე ტარიფები მართლაც გაიზარდა, თუმცა არა  კატასტროფულად.

“ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე ტარიფები კატასტროფულად არ გაზრდილა. მხოლოდ 4–თეთრიანი მატება მოხდა. ეს  კი ძირითადად ლარის კურსის  ცვლილებითაა გამოწვეული. როგორ შეიძლება, კურსი 1.70-დან  2.5-მდე გაიზარდოს და ამან არ გამოიწვიოს ფასების ცვლილება. ჩვენ ელექტროენერგიას დოლარში ვყიდულობთ და შემდეგ ლარში ვყიდით. ეს კი სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას აუცლებლად გამოიწვევდა“ – აცხადებს არველაძე.

დეპუტატი  ყოველწლიურად ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ  ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შეყვანა ვერ უთანაბრდება  ელექტროენერგიის მოხმარების 5 პროცენტიან ზრდას.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებობს ელექტროსისტემის განვითარების 10–წლიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგაც  ქვეყანამ დიდი რაოდენობით ექსპორტი უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება საქართველოში ორი მონოპოლისტის არსებობას და შესაბამისად, ტარიფის ზრდის დიდ რისკს, არველაძის ინფორმაციით, ქვეყანაში 10 მონოპოლისტის შემთხვევაშიც  კი არაფერი შეიცვლებოდა. ანუ,  ამ შემთხვევაშიც იქნებოდა ლარის კურსი და მისი ტარიფზე გავლენა.

რაც შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი), მათი განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფი კომისიის მიერ შეიცვალა მხოლოდ  ერთხელ, 2015 წელს, რაც განპირობებული იყო  ლარის კურსის გაუფასურებით დოლართან მიმართებაში და სექტორის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელებული ინვესტიციებით.  როგორც სემეკში განმარტავენ, საყოფაცხოვრებო ტარიფთან მიმართებით დღემდე სხვა ცვლილება არ განხორციელებულა.

„კომისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან. როგორც სატარიფო საკითხებთან, ასევე კომისიის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომისია ინფორმაციას აქვეყნებს ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მომართოს კომისიას და წერილობით გამოითხოვოს  მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციები.

კომისია კიდევ ერთხელ პასუხობს ცრუ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის სამინისტროს გავლენის ქვეშაა. მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნონ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სპეციფიკას, მიიღონ მონაწილეობა საჯარო სხდომებში, სადაც განიხილება ყველა  ის საკითხი, რომლებზეც კომისია იღებს გადაწყვეტილებებს.

კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, კომისია იწყებს საჯარო სხდომების რეალური დროის რეჟიმში გადაცემას. საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის Facebook გვერდზე თვალ-ყური ადევნონ სხდომებს“ – განუმარტეს  „კომერსანტს“ სემეკში.

წყარო: http://commersant.ge/ 

ავტორი: სოფო ქსოვრელი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი