როგორც ყველას, ხშირად მეც გამჩენია სურვილი ამერიკაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავსულიყავი და იმაზე უკეთ მეცხოვრა, ვიდრე ამჟამად, საქართველოში ვცხოვრობ. მინდოდა, სხვების მსგავსად, მეც გადამეღო ფოტო მანჰეტენზე, ეიფელის კოშკთან, შანზ-ელიზეზე…  ერთხელ მაინც ,,გადამეცურა” ოკეანე და ისე ძალიან მომნატრებოდა საქართველო, რომ აქ დარჩენილი ახლობლებისთვის მეთხოვა, ქართული მიწა გამოეგზავნათ ჩემთვის. მინდოდა, მაგრამ ვერასდროს გავბედე ჩემი ქვეყნის დატოვება, რადგან ემიგრაციაში ყოფნა ფიქრებშიც მაშინებს. ემიგრანტების გაწამებული ცხოვრების ისტორიების მოსმენის დროს ცრემლს ვერ ვიკავებ და მინდა, თითოეულ მათგანს მოვეფერო, მძიმე ჯვრის ტარებაში დავეხმარო…

აი, ეს ქალბატონი კი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, იცხოვრო ცხრა მთას იქით, ოჯახს, საკუთარ პირმშოს მოწყვეტილმა, მაგრამ მაინც იყო აქტიური, მხიარული, წარმატებული და ყოველი შენი სიტყვით, ქცევით საქართველოს ღირსეულად წარმოადგენდე. ცისნამი საყვარლიშვილი დღეს ამერიკაში ცხოვრობს, ნიუ იორკში, მანჰეტენზე. იქ მას ბევრი საქმე აქვს: მუშაობს ტურისტულ კომპანიაში, ინტერნეტ გამოცემა gogatv-ში და სოციალური ქსელის აქტიური და ხშირი მომხმარებელიც არის. რამდენიმე დღის წინ, ქართველებმა, ნიუ-იორკში თბილისობა ჩაატარეს. ღონისძიებაზე ცისნამიც იმყოფებოდა. ჰოდა, ჩვენც ამიტომ დავინტერესდით მისი ცხოვრებით.

ცისნამი საყვარლიშვილი:

_ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წელს დავამთავრე. სპეციალობით ისტორიული კულტურულოგი გახლავართ. 2009 წელს გავემგზავრე იტალიაში, სადაც ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ვისწავლე, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2013 წელს წამოვედი ამერიკაში “PHD”-ის მოსამზადებელი პროგრამით. ამერიკულ კოლეჯში “EF Academy”-ში 6 თვე ვისწავლე, ვიცხოვრე და შემდეგ დავრჩი ამერიკაში.

.

_ გეტყობათ, რომ აქტიური ხართ. ამერიკაში ცხოვრების ასეთი ტემპია?

_ ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო აქტიური. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ვიყავი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი და ა. შ. ძალიან მიკვირს, როდესაც აქ მცხოვრებ ქართველებს ჩემი აქტიურობა უკვირთ. ვიღაცამ ახლა გამიცნო და ალბათ ამიტომ, მაგრამ ვინც ცისნამის უკვე დიდი ხანია იცნობს, კარგად იცის, როგორი აქტიურიც ვარ. ვიღაცებს მაზოლებიც კი ამოვუყვანე თვალებში. ( იცინის )

_ ვის “ამოუყვანეთ თვალებში მაზოლები”?

_ “ცისნამი ყველგან” – ეს სიტყვები გოგა გოგილაშვილს ეკუთვნის, რომლის ტელევიზიისთვისაც, “GogaTV” ვმუშაობ აქ და ბევრ საინტერესო ვიდეოსა თუ სტატიას ვამზადებ.

.

პროფესიით ჟურნალისტი არ ვარ, ვერც სწორი მართლწერით გამოვირჩევი, ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ წერის დროს, მაგრამ იმდენად “ამიტანა წერამ”, რომ მწერალი თუ არ გამოვალ, სწორად წერას მაინც ხომ ვისწავლი? ( იცინის ). რაც კი მნიშვნელოვანი ივენთები ტარდება ნიუ-იორკში, თითქმის ყველგან მე ვარ, ყველაგან ვრეკავ, ვაწუხებ ხალხს, ვაცნობ თავს, ვეუბნები, რომ არის ასეთი ქვეყანა საქართველო და მე იქიდან ვარ. ვმუშაობ ქართული ტელევიზიისთვის და “პრეს პასი” მჭირდება. ბოლოს, ორი დღის წინ, ქრისტეფორე კოლუმბის დღის აღსანიშნავ აღლუმზე ვიყავი, რომელიც ყოველ წელს იმართება ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე. ვგიჟდები იტალიელებზე, მათთან საკონსულოში ბევრი მეგობარი მყავს, ასევე კოლუმბის სახელობის ფონდშიც. როდესაც იქ მივდივარ, ფეხზე ადგომით მესალმება ყველა და იტალიური ტემპერამენტით მართმევენ ხელს. იქ ყველამ იცის, ვინ არის სისი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე, “Ms. Tourism International”-ზე საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას, 28 ოქტომბერს. მოკლედ, მთელი ჩემი იტალიური სამეგობრო  ჩემი გულშემატკივარია. ნიუ-იორკში არსებული ერთ-ერთი წამყვანი არხის, #ABC7NY მთავარი ჟურნალისტი, კენ როსატო, ჩემი ფეისბუქ მეგობარია და ყოველ წელს ერთად ვიღებთ ფოტოებს. ფოტოს ერთად გადაღება უკვე ტრადიციად გვექცა. ნამდვილად ისტორიული მომეტია, როგორც გოგამ აღნიშნა, როდესაც ქართული ტელევიზია ნიუ-იორკის წამყვანი ტელევიზიის გვერდით არის.

.

.

მიყვარს ცხოვრება და ვთვლი, რომ ჩემი აქტიურობით არავის ვუშავებ რაიმეს . მე რა გამაჩერებს, დიახ, ყველგან მე უნდა ვიყო. მადლობა უფალს ამ დაუშრეტელი ენერგიისთვის და სიყვარულისთვის, რაც ესოდენ დიდია ჩემში. ახლა სტატიაც დავწერე იტალიურად, რომელიც ტოსკანაში არსებულ სააგენტოში დაიბეჭდება, “Toscana, Paese Sera”. ეს ყველაფერი არის ჩემი ჰობი და ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ.

_ სტაბილური სამსახურიც გაქვთ?

_ ამისთვის არავინ არ მიხდის არაფერს და არ მაქვს ანაზღაურება. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს ვუთავსებ ჩემს ახლადდაწყებულ საინტერესო სამსახურს, რომელიც ტურიზმს ეხება. ჩემს ორ საათიან შესვენებას ვიყენებ იმისთვის, რომ ხან ქართული პროდუქტი გავაპიარო ნიუ-იორკში, ხან ცნობილი ადამიანები ჩავწერო და ხან ფლაერები საქართველოს შესახებ დავარიგო ქუჩებში. ეს ხომ ნიუ-იორკია, ყველაფერს მოასწრებ, თუკი ძალიან ცოცხალი და სწრაფი ხარ.

მე შვიდთვიანი დავიბადე და ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ, ყველაფერი უცებ მინდა. ასეთი გამაჩინა ბუნებამ. ,,მდინარეს მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან”, არ შემიძლია უმოქმედობა და ერთ ადგილზე ბუქსაობა. მე უნდა ვიმოძრაო, ჩვენი თერგივით და ავახმაურო ქვაყანა. ვიღაცას მოვეწონები, ვიღაცას არა, ვიღაცა გამაკრიტიკებს, ვიღაცა შემაქებს, მთავარია, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველას და ოცნებების ახდენა. ცხორებაში შეუძლებელი არაფერია, არც ადვილია, თუმცა თუ ბოლომდე იბრძოლებ საკუთარი იდეებითვის, აუცილებლად გაიტან გოლს და ბედნიერი იქნები. მიყვარხარ საქართველო და ყოველთვის შენთან ვიქნები.

_ შორეულ ამერიკაში რა აწუხებს მოუსვენარ ქალბატონს?

_ მაწუხებს შვილის გარეშე ცხოვრება და ძალიან განვიცდი. ჩემი ყოფილი მეუღლე არ მაძლევს საშუალებას, რომ ერთი თვით მაინც ჩამოვიყვანო ბავშვი ჩემთან. სულ ვეხვეწები, მაგრამ არ აინტერესებს ჩემი დედობრივი გრძნობები. ვდარდობ მხოლოდ შვილზე, სხვა არაფერზე. ღამეებიც არ მძინავს კარგად, სულ პატარა ირაკლი მესიზმრება.

_ რას ეტყვი მათ, ვინც ამერიკაში ჩამოსვლაზე ოცნებობს?

_ ვისაც ამერიკაში ჩამოსვლა უნდა ვეტყვი, რომ წინ ძალიან მაგარი თავგადასავალი ელოდება. არ შეგეშინდეს, ყველაფერი მაგრად იქნება!

ნელი ვარდიაშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი