სკანდალი- ექსკლუზივი 

   გურიის რეგიონის მოსახლეობის ნაწილი სერიოზულ საფრთხეზე ალაპარაკდა. ისინი  ჯერჯერობით არცთუ ხმამაღლა საუბრობენ  იმ უდიდეს პრობლემაზე, რომელიც მდინარეების, ბჟუჟისა და სუფსის, ნაპირებს ეხება. საუბარია აღნიშნული მდინარეების სანაპირო ზოლში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

ვისი წილებია და ვინ აკონტროლებს ოზურგეთში მდინარე ბჟუჟის სანაპირო ზოლში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ბიზნესს, ვის აქვს კანონიერად მოპოვებული ლიცენზია, ვინ არღვევს ლიცენზიის პირობებს, რატომ იზრდება ხელოვნური ეროზიის რისკი და  რატომ ერიდება მოსახლეობა წვრილი ბიზნესმენების დასახელებას?

მოსალოდნელი საშიშროება ერთი შეხედვითაც ჩანს _ მდინარეების შეცვლილი კალაპოტი, სამუშაოების წარმოება უშუალოდ დასახლებულ პუნქტთან და მდინარის საეჭვო დახრილობა, ძირგამოთხრილი მიწა… ეს ყველაფერი დღესვე იძლევა განგაშის საფუძველს.

როდის გააპროტესტებს აღნიშნულ პრობლემას მოსახლეობა ხმამაღლა? ალბათ მაშინ, როცა „მბრძანებელი ბუნება“ თვითონ იტყვის გადამწყვეტ სიტყვას. რატომ დუმს დღეს ხალხი, როცა ჯერ კიდევ შეიძლება თავიდან ავიცილოთ აშკარა საფრთხე?!

.

აი რას ჰყვებიან ადგილობრივები, რომლებიც, ფიქრობენ, რომ „გაბრაზებული“ მდინარის პირველ შურისძიებას საკუთარ სამოსახლოებზე იწვნევენ:

ა.ა:  „უზარმაზარი ექსკავატორი მიწას ხაპავს, ერთ დროს სწორ კალაპოტში მიმდინარე ბჟუჟი გაფართოებულა  და მოსახლეობისკენ დახრილა..სამუშაოები კი გრძელდება და მისხალ-მისხალ იყოფენ „ბიზნესმენები“ სანაპიროს მონაკვეთებს, მაგრამ ვერ გაუყვიათ..“

მ.კ: მე ერთი უბრალო მოქალაქე ვარ. არც ვმუშაობ და ბევრი არაფერი მაქვს დასაკარგი. ვერც დავამტკიცებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ გამიგია, ამ ქვიშა-ხრეშის ბიზნესს ილია კეჭაყმაძე აკონტროლებსო. ეს კეჭაყმაძე და ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე მძახლები არიან. ისინი არკვევენ, ვინ უნდა იმუშაოს ამ ბიზნესზე. ტერიტორიები, ანუ მდინარის მონაკვეთები „დაზანიატებული“ აქვთ. უფრო წვრილ-წვრილებიც არიან. რატომ არ ვამბობთ და ვასახელებთ ამ ხალხს? ამ წვრილ-წვრილ ვითომ ბიზნესმენთა შორის ჩვენი ახლობლები, მეზობლები, ნაცნობები არიან. ოზურგეთი პატარაა და რომ ვთქვათ, გვეტყვიან, ლუკმას გვაცლი პირშიო. რომ აუხსნა, ვერც გააგებინებ, მაგრამ საკუთარ მომავალს რომ ფეხქვეშ მიწას აცლიან და წასალეკად იმეტებენ, ამაზე ვინ ფიქრობს?!. ეს ხალხი, ოღონდ ფული იშოვოს და სულს გაყიდის. ამბობენ, მშვენიერ ფულს აკეთებენო. დღეს შოულობენ, მაგრამ არც იციან, რომ საკუთარ მომავალს ყიდიან!

მ. ს: „ქვეყანაში საერთოდ თუ არსებობს გარემოს დამცველი ორგანიზაციები?! ალბათ ოზურგეთი გამონაკლისი არაა და სხვაგანაც იგივე პრობლემები იქნება. ჩემი თვალით ვნახე ბახმაროშიც როგორ აცლიდნენ ბახვის წყალს კალაპოტს. ვითომ კანონიერადაც, ლიცენზიის საფუძველზე, რომ გაჰქონდეს ტექნიკას ხრეში, მაინც ვერ ენდობი. ჩანს, რომ მდინარის მიწა ირეცხება, ეს კი არანაირ კანონს არ ექვემდებარება“…

თ.ბ. „ღმერთმა ნუ ქნას და უხვნალექიანი დღეები არ დაგვიდგეს! წყალს ისე აქვს შემაკავებელი ქანები გამოცლილი, წყალდიდობას ქალაქი ვერ გაუძლებს“.

კ. ჩ. „მდინარეს სათავედან რომ ჩამოჰყვე, დაბომბილი გეგონება. იმდენად საშიშია წყალთან მიახლოება, იფიქრებ, მიწა ფეხქვეშ გამოგეცლებაო“.

   ჩვენის მხრივ, დავამატებთ, რომ როცა ამ მდინარეების შორი-ახლო გაივლი, მდინარეებში ჩადგმულ ტრაქტორებსა და მუშა ჯიხურებს შეამჩნევ. გამვლელმა, შესაძლოა, კარგად არც იცის, რას საქმიანობს სპეცტექნიკა, ადგილობრივი მცხოვრებლები კი მოსალოდნელ უბედურებაზე წუხან და განგაშის ზარების ატეხას აპირებენ.

ლევან აბაშიძე

euronews.ge- ს რედაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით გააგრძელებს მასალების მოკვლევას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი