პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ყველა მერისა და გამგებლისთვის სავიზო და ფინანსური სანქციის დაწესების მოთხოვნით ამერიკასა და ევროკავშირს მიმართავს. ხოლო დე ფაქტო მმართველ ივანიშვილს კი მოუწოდებს, გაათავისუფლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობა ,,ოცნების“ აქტივისტებისგან, მისცეს მუშაობის საშუალება საკრებულოს, სპეცრაზმი გადაიყვანოს საოკუპაციო ზოლთან, თავად ხელისუფლება კი ვადამდელი არჩევნებისთვის მოამზადოს. შალვა ნათელაშვილი:

,,ბორჯომში უპრეცედენტო ამბავი ხდება. ხელისუფლება საკუთარ თავს აუჯანყდა. გუშინ, ჯერ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილს, შემდეგ მოახდინეს მერია-საკრებულოს შენობის ოკუპაცია სპეცრაზმის გამოყენებით. ეს უკვე გამოცხადებული დიქტატურაა, ნეომხედრიონია სახელმწიფო მმართველობაში.

იძულებულები ვართ, ყველა გუბერნატორის და მერის სავიზო და საფინანსო სანქციების საკითხი დავსვათ ამერიკასა და ევროკავშირში. ვინაიდან, ყველა სხვა დანარჩენ რეგიონში, მერები და გუბერნატორები ზუსტად ისეთები არიან, რასაც ვხედავთ ბორჯომში.

მორალზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როცა ლამის მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობით და მთელი საქართველო ელოდება მისი ცხედრის დაბრუნებას ოკუპანტებისგან და ამ დროს ხელისუფლება ატარებს აქციებს, ხელფასების მომატების მოთხოვნით. შეიძლება არსებობდეს მეტი ამორალიზმი, სამშობლოს და ისტორიის ღალატი?!

მამაცხონებულო ივანიშვილო, როცა ხელისუფალი არ იყავი, მაშინ აფინანსებდი წინა რეჟიმს, ამისთვის სპეციალური ფონდიც კი შექმენი და და ახლა შენი მოყვანილი პარაზიტები მაინც დააფინანსე და თავი დაანებეთ ბიუჯეტს. ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი გაავებული ავაზები, მსგავსი მენტალობის თანამშრომლები, როგორსაც ბორჯომში ვნახეთ, როდისმე ობიექტურ არჩევნებს ჩაატარებენ და ამათ ხელში რაიმე დემოკრატია იქნება? გამორიცხულია! მთელი სახელმწიფო აპარატია გასაწმენდი! იქ უნდა მოვიდნენ ზნეობრივი, სამართლიანი, ნიჭიერი, პროფესიონალები!

მოვუწოდებ პირადად ივანიშვილს და მის რეჟიმს, დაუყონებლივ გაიყვანეთ თქვენი აქტივისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობიდან, მიეცით საკრებულოს მუშაობის საშუალება, ხოლო სპეცრაზმი გადაიყვანეთ იქ, სადაც მათი ადგილია_ ცეცხლის ხაზზე _ სადაც ბიჭებს გვიკლვენ და თქვენ ვადამდელი არჩევნებისთვის მოემზადეთ!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი