„155 კილო ვიყავი, 97 კილო დავიკელი“
რას ყვება მარიამ ბოლქვაძე თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე

97 კილოგრამის დაკლება, პლასტიკური ოპერაციები, განცდები, ემოციები – ეს დიზაინერ მარიამ ბოლქვაძის ცხოვრების ის პერიოდებია, რამაც, როგორც თვითონ ამბობს, საბოლოოდ საკუთარ თავთან თავიდან მიიყვანა. მარიამ ბოლქვაძემ ამ ყველაფრის შესახებ Ambebi.ge-ის ესაუბრა:
.
– ყოველთვის მომწონდა ჩემი თავი, ის პუტკუნა მარიამიც ძალიან მიყვარდა და ჯანმრთელობის პრობლემაც არასდროს შემქმნია. მქონდა ჩემი საქმე, შემოსავალი, მყავდა საოცარი მეგობრები და წონა დიდად არ მაწუხებდა, ვიტანდი ამ ყველაფერს, სანამ ცხოვრებაში ერთი გარდამტეხი მომენტი არ დადგა…
– ბოლოს 155 კილოგრამი გახდით, ხომ? და მიხვედით ბარიატრიამდე?
– ჩემი ოპერაციის მიზეზი და მთავარი ბიძგი ჩემი შვილები გახდნენ. მახსოვს, ერთხელ გასართობ ცენტრში ვიყავი ტაისიასთან ერთად და მთხოვა, ბატუტზე მეხტუნავა. ვუთხარი, დედიკო, ვერ ვიხტუნავებ, ჩავამტვრევ-მეთქი. მან კი ანთებული თვალებით მითხრა, არა, დედიკო, მაშას დათვი მულტფილმში რომ ხტუნაობს, არ ანგრევსო (ბავშვმა უნებლიეთ დათვად აღმიქვა)… ამ სიტყვებმა გული მომიკლა და პირველად მაშინ გავაანალიზე რეალურად ჩემი წონა.
აისიას ამ სიყვარულმა ამატირა და შევპირდი, რომ მომავალ წელს მასთან ერთად ვიხტუნავებდი ბატუტზე. ღვთის წყალობით, ეს ოცნება ავუსრულე – ჩემმა მადლიანმა მეგობარმა ხელი მომკიდა და ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე. ვფიქრობდი: „სად ვიყავი აქამდე?!“ ჯამში 97 კილოგრამი დავიკელი და წონა 155 კილოდან ჩამოვიდა.
.
– ოპერაცია 5 წლის წინ გაიკეთეთ. ბევრი თავს ოპერაციის შემდეგ ვერ უფრთხილდება, ექიმის მითითებებს არ ან ვერ ითვალისწინებს… როგორ შეძელით ამ ყველაფრის დაცვა, რადგან მშვენიერ ფორმაში ხართ?
– ყველაფერი გონებიდან მოდის! როდესაც აცნობიერებ, რომ შენ მართავ შენს გონებას და ცხოვრების რთულ პერიოდს უფლის საჩუქრად და პატარა გამოცდად იღებ, რომელსაც მადლიერებით უნდა აბარებდე, ყველაფერი მარტივდება. მნიშვნელოვანია სწორი ქირურგი და საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა.
– პლასტიკური ოპერაციები რამდენ ეტაპად ჩატარდა?
– მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უზარმაზარი წონა დავიკელი, თავს მაინც ვერ ვგრძნობდი ბედნიერად, რადგან კანი არაესთეტიკურად ჩამოიწელა. პუტკუნობისას იმდენი კომპლექსი არ მქონია, რამდენიც მერე დამეწყო: ბრეტელებიან მაისურს ვერ ვიცვამდი, ზღვაზე რომ მივდიოდი, პირსახოცის ქვეშ ვმალავდი სხეულს და ვცდილობდი, წყალში ისე ჩავმხტარიყავი, რომ არავის დავენახე.
ამიტომ მივედი პლასტიკურ ოპერაციამდე: უკვე გავიკეთე ხელებისა და ბარძაყების კანის მოჭიმვის ოპერაციები, ასევე ბლეფაროპლასტიკა. პროცესში ვარ – სულ მალე აბდომინოპლასტიკასაც (მუცლის ოპერაციას) ვიკეთებ და ვემზადები ახალი ეტაპისთვის….
და ყველაზე მთავარი, რაც მინდა ადამიანებს ვუთხრა: არ დანებდეთ. რაც არ უნდა რთული იყოს თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, არასდროს არის გვიანი თავიდან დაწყება.
ამბები.ჯი





