“ბავშვი ინარჩუნებს ინტელექტუალურ აქტიურობას ისე, რომ არ კარგავს ზაფხულის სიმსუბუქეს. ის სწავლობს ბუნებრივად, თამაშითა და ინტერესით”
კეპლერის აკადემია ბავშვებს უპრეცედენტო საზაფხულო კურსს სთავაზობს!

ბავშვი და ეკრანი ზაფხულში – სად გადის ზღვარი და როგორ შევთავაზოთ უკეთესი ალტერნატივა
ზაფხული ბავშვებისთვის თავისუფლების, გართობისა და დასვენების დროა – ასეც უნდა იყოს. არაფორმალური გარემო, ახალი გამოცდილებები და ყოველდღიური რუტინისგან დასვენება მათი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ამ თავისუფლებას ხშირად თან ახლავს ერთი გამოწვევა, რომელიც ბევრ მშობელს კარგად ეცნობა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როცა სკოლაც და სხვადასხვა წრეც დასრებულია, ბავშვების ყოველდღიურობაში დიდი დრო თავისუფლდება და ამ დროს სულ უფრო ხშირად იკავებს ეკრანი. გაჯეტები ხდება მარტივი და ხელმისაწვდომი გასართობი, რომელიც ნელ-ნელა ანაცვლებს სხვა აქტივობებს. შედეგად, იკლებს კითხვის, ფიქრისა და შემეცნების დრო – ის უნარები, რომლებიც სწავლის პროცესს საფუძვლად უდევს.
როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ეს ბალანსი დასვენებასა და განვითარებას შორის? – ამ თემაზე ვესაუბრეთ კეპლერის აკადემიის დირექტორს, ზურაბ ნანობაშვილს, რომელიც წელს საზაფხულო ონლაინ პროგრამას სთავაზობს ბავშვებს.
– ზაფხული, როგორც წესი, სწავლისგან სრულ გათავისუფლებასთან ასოცირდება. რამდენად არის აუცილებელი ამ პერიოდში ბავშვის ინტელექტუალური აქტიურობის შენარჩუნება?
– ზაფხული ნამდვილად არ უნდა გადაიქცეს სკოლის გაგრძელებად. მაგრამ სრული გათიშვაც არ არის საუკეთესო გამოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ფიქრის, ანალიზისა და კითხვის ჩვევა, თუმცა აუცილებელია, ეს ხდებოდეს მსუბუქ, საინტერესო და თამაშზე დაფუძნებულ ფორმატში.
– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს მშობლები აწყდებიან ზაფხულის პერიოდში?
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეკრანთან გატარებული დრო. როცა სტრუქტურირებული აქტივობები იკლებს და მათ ნაცვლად გაჯეტები იკავებს დიდ ნაწილს ბავშვის ყოველდღიურობაში.
– როგორ პასუხობს თქვენი პროგრამა ამ რეალობას?
– ჩვენ შევქმენით საზაფხულო ონლაინ კურსი, რომელიც ბავშვებს სთავაზობს ალტერნატივას – საინტერესო, დინამიკურ და აქტიურ პროცესს. პროგრამა აერთიანებს ორ მიმართულებას: მათემატიკა-ლოგიკასა და წიგნიერებას, რაც ეხმარება ბავშვს, შეინარჩუნოს ინტელექტუალური ტონუსი ზაფხულის სიმსუბუქის დაკარგვის გარეშე. პროექტის ფორმატი იმდენად მიმზიდველია, რომ ავტომატურად გამორიცხავს მშოლის მხრიდან ძალდატანების საჭიროებას, პირიქით – ყოველი შეხვედრა დასრულდება მოლოდინით, თუ რას შევთავაზებთ ბავშვებს მომდევნო გაკვეთილზე.
– როგორც აღნიშნეთ, პროგრამა ორ მიმართულებას აერთიანებს – წიგნიერებასა და მათემატიკა-ლოგიკას. რატომ შეარჩიეთ სწორედ ეს ორი კომპონენტი?
– ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ერთად ქმნის ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს. ერთი ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, მეორე – გაგება-გააზრებისა და თვითგამოხატვის უნარს. ამ კომპონენტების კომბინაცია არის განვითარების აუცილებელი წინაპირობა.
– მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ, რას მოიცავს წიგნიერების ნაწილი?
– წიგნიერების მიმართულებაში მთავარი მიზანია, ბავშვმა კითხვის პროცესი აღიქვას საინტერესო გამოცდილებად. მაგალითად, ვმუშაობთ მცირე ტექსტებზე, ვსვამთ შეკითხვებს, ვმსჯელობთ პერსონაჟებზე, ალტერნატიულ დასასრულებზე. ეს ავითარებს გააზრებულ კითხვას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარს.
– რაც შეეხება მათემატიკა-ლოგიკას, როგორია აქ მიდგომა?
– აქ აქცენტი კეთდება პროცესზე და არა მხოლოდ შედეგზე. ბავშვები მუშაობენ ლოგიკურ ამოცანებზე, თამაშობენ სააზროვნო თამაშებს, ცდილობენ სხვადასხვა გზით მისვლას პასუხამდე. მაგალითად, ერთსა და იმავე ამოცანას შეიძლება რამდენიმე გადაწყვეტა ჰქონდეს და სწორედ ეს ძიების პროცესია მთავარი.
– როგორი ფორმატით ტარდება შეხვედრები?
– კვირაში ორი ონლაინ შეხვედრა გვაქვს, ერთი მათემატიკა-ლოგიკას ეთმობა, მეორე – წიგნიერებას. ფორმატი ინტერაქტიულია, მორგებული ზაფხულის განწყობაზე – ნაკლები ფორმალიზმი და მეტი ჩართულობა.
– ონლაინ ფორმატი ხომ არ ზრდის ეკრანზე დამოკიდებულებას?
– ეს ბუნებრივი კითხვაა. თუმცა პასიური და აქტიური ეკრანული დრო ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენი მიზანია, ბავშვი იყოს ჩართული, იფიქროს და იურთიერთოს, ამრიგად, ეკრანი უბრალოდ ინსტრუმენტია.
– როგორ არის პროგრამა მორგებული სხვადასხვა ასაკზე?
– პროგრამა განკუთვნილია 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის და თითოეული ჯგუფი ფორმირდება იმ კლასის მიხედვით, რომელიც ბავშვმა უკვე დაასრულა, რაც უზრუნველყოფს მასალის შესაბამისობას.
– საბოლოოდ, რას აძლევს ასეთი გამოცდილება ბავშვს?
– ბავშვი ინარჩუნებს ინტელექტუალურ აქტიურობას ისე, რომ არ კარგავს ზაფხულის სიმსუბუქეს. ის სწავლობს ბუნებრივად, თამაშითა და ინტერესით, ახალ სასწავლო წელს კი ხვდება უფრო მეტი მზაობითა და თავდაჯერებით.



