კახელი დების ვარსკვლავური თავგდასავალი
„დილას თვალი რომ გავახილე, გაოცებული დავრჩი - ვიდეოს 70.000 ლაიქი ჰქონდა“

ევა და მის და – ანამარია ბუთიაშვილები ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან არიან. მათ სოციალურ ქსელებიდან კარგად იცნობენ – ფაქტობრივად უკვე ინტერნეტვარსკვლავები არიან. გოგონებს ვიდეოს დედა – ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ყოველდღიურად უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს. ფიქრია გავაზის საბავშვო ბაღის პედაგოგია. ის პოპულარულ შვილებზე ამბები.ჯი-სთან ყვება:
.
– ევა საბავშვო ბაღში 4 თვის ასაკიდან დამყავს. კალათში ჩავსვამდი ხოლმე და ისე ვატარებდი. სამსახური და უფროსები ხელს მიწყობდნენ. 8 წელია, რაც იქ ვმუშაობ, ევა კი უკვე 4 წლისაა, უფროსი გოგონა – 11 წლის.
– საოცარი გოგონები გყავთ, ევა მაინც განსაკუთრებული ბავშვია…
– თავიდანვე ასეთი იყო, 7-8 თვისას თუ ვინმე მოეფერებოდა, გაუღიმებდა, ხელში აიყვანდა, მაგალითად, მეზობელი გარეთ გაიყვანდა, გაასეირნებდა, მადლიერების ნიშნად, ხელზე კოცნიდა. სიყვარულს მის მიმართ ასე გამოხატავდა.
– ძალიან არტისტულია, ვის ჰგავს?
– ჩემს ბაბოს – ფადიშა ცუკოშვილს. უდიპლომო არტისტი იყო. “თეატრალურში” ჩააბარა, მაგრამ იქ ვერ გაძლო, დედა მენატრებაო და აღარ ისწავლა. ფადიშა მამაჩემის დედა იყო, ანუ ევას დიდი ბებო, რომელიც ცოცხალი აღარ არის, 8 წლის წინ გარდაიცვალა. ევას დაბადებას ვერ მოესწრო. პაპა კი ცოცხალია, მისი მეუღლე, 89 წლისაა. ევა რაც არ უნდა დავარიგო და ვუთხრა, მაინც თავისით და თავისებურად აკეთებს ყველაფერს, გინდაც იმ ვიდეოებში, რომელსაც ვიღებ.
– ვიდეოს ყოველდღე უღებთ?
– დილა რომ თენდება და ევა გაიღვიძებს, პირველი უფალს მადლობას ეუბნება, რომ ცოცხალია, კარგად არის და მერე ანამარიასთან ერთად ლოცულობს… შემდეგ ხელ-პირს დაიბანენ, მოწესრიგდებიან და თუ საქმე მაქვს, ვთქვათ, ბოსტანში, მომყვებიან. სულ ჩემთან არიან… ისეთი ბავშვია, ისეთი საქციელი აქვს, ისეთი თვისებები, რომ სულ ტელეფონი უნდა გეჭიროს და ვიდეოს უღებდე.
– ვიდეოს მაყურებლებს მოუწოდებს, ერთმანეთი უყვარდეთ, მოეფერონ, აკოცონ… ამას თქვენ ასწავლით?
– მცხეთის წინამძღვარმა, მამა სერაფიონმა ბიბლია გვაჩუქა, სადაც იგავ-არაკები წერია. საღამოობით თითო თავს ვუკითხავ, ყველაფერს იმახსოვრებს და მერე იმ ყველაფერს თვითონ როგორც აღიქვამს, ისე გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ეს სწავლებით არის, ვასწავლი და მერე ასე თავისებურად ლაპარაკობს. ხშირად ვუკითხავ ასევე ლექსებს, მოთხრობებს. ვუსახელებ მწერლებს, პოეტებს, ავტორებს მისი ასაკისთვის შესაფერისად… საერთოდ მოსიყვარულე ბავშვია, თბილი, კეთილი…
უნდა ნახოთ, როცა ტირის, როგორ ახერხებს წამებში გაცინებას, მართლა არტისტია. როცა ვტუქსავ, ცრემლები მოსდის, მაგრამ უცებ სად და როგორ იქრობს ცრემლებს, ვერ ვხდებით, წამიერად კისკისით გვაოცებს…
– მამიკოს რატომ არ აჩენთ ვიდეოებში?
– არ უყვარს ვიდეოში გამოჩენა და მიზეზიც ესაა.
– როდის ატვირთეთ პირველი ვიდეო და როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი?
– ანამარია ფანდურზე რომ დადიოდა, მისი ყველა სიმღერა მაქვს გადაღებული… ის სიმღერები ევამაც ხომ იცოდა. ერთ დღესაც არ გაჩერდა, მეც ჩამაწერინეთო და „დიპლიპიტო“ ჩაწერეს. დადეო მითხრა, არ დავდე, ოღონდ მოვატყუე, რომ დავდე-მეთქი. როცა დაიძინა, ქსელში მერე ავტვირთე. იქნებ ბავშვს რა გულით უნდა-მეთქი. დილას თვალი რომ გავახილე, გაოცებული დავრჩი – ვიდეოს 70.000 ლაიქი ჰქონდა. მოკლედ, მარტიდან დავიწყეთ და მეექვსე თვეა, ძალიან ბევრი გამომწერი გვყავს, „ფეისბუქზე“ – 118.000. „ტიკ-ტოკზე“ 2 კვირაა, რაც ვართ და უკვე 67.000-ზე ავედით… ამ ფაქტმაც გამაოცა, მაგრამ ასეა.
ამბები.ჯი