
სერიოზული გამოცემები წერენ, რომ კრემლის ბინადარი შამანიზმით არის გატაცებული. ამაზე წერენ „თაიმსი“, „შპიგელი“, რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მიხაილ ზიგარი, კრემლის ყოფილი სპიჩრაითერი, აბას გალიამოვი.
.
შამანიზმი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც სულებთა სამყაროსთან შეუძლია კონტაქტი. განსაკუთრებით ამის სჯერათ ციმბირში და მონგოლეთში. თავის მხრივ ტუვა და მონგოლეთი ყველაზე ძლიერ შამანთა სამშობლოდ ითვლება. წერენ, რომ პუტინი შამანებს რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააცნო, რომელიც სწორედ ტუვიდანაა.
ზიგარი წერდა, რომ ომის დაწყების წინ პუტინმა კონსულტაციები გაიარა შამანებთან და მათ გამარჯვება უწინასწარმეტყველეს. ზიგარი წერდა იმასაც, რომ მოსკოვის გარკვეულ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ კრემლის ბინადარმა შამანებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც სთხოვა „ნებართვა“.
რა პასუხი მიიღო კრემლის ბინადარმა, უცნობია, თუმცა ზიგარი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი საკუთარი წყაროები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინისა და შამანების კონსულტაციებს არ ადასტურებენ.
სამაგიეროდ, პოლიტიკური ანალიტიკოსი და კრემლის ყოფილი სპიჩრაითერი, აბას გალიამოვი აცხადებს, რომ მისი წყაროები ადასტურებენ პუტინისა და შამანების შეხვედრას.
„პუტინს სურდა, რომ მისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ გზა დაელოცნათ. გარდა ამისა, მას რეინკარნაციისა და სამუდამო ცხოვრების საკითხებიც აინტერესებდა. პუტინი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დარჩა“, – წერდა გალიამოვი.
არც ზიგარი და არც გალიამოვი არ აკონკრეტებენ იმ შამანების ვინაობას, რომელთაც პუტინი შეხვდა. თუმცა ცნობილია, რომ კარა-ოოლ დოპჩუნ-ოოლმა, რომელიც რუსეთის მთავარ შამანად არის აღიარებული, „მთვარეს, მზე და ვარსკვლავებს“ სთხოვა, რომ დაეცვა კრემლის ჯარები უკრაინაში.
ამასთან, გალიამოვის თქმით, პუტინისა და შამანების შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა კრემლის ბინადრის უახლოესი გარემოცვის წევრმა მიხაილ კოვალჩუკმა. მისივე ინფორმაციით, კოვალჩუკმა მეცნიერებს დაავალა, რომ სიბერის საწინააღმდეგო წამალი შექნმან. კოვალჩუკი ხელწამოსაკრავი ვინმე არ არის – ის კურჩატოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი ფიგურაა.
2019 წელს ერთი ამბავი მოხდა, რომელიც შეიძლება ბევრ გახსოვთ. შამანმა ალექსანდრ გაბიშევმა განაცხადა, რომ იაკუტსკიდან კრემლამდე (8000 კილომეტრი) ფეხით მისვლას აპირებდა, რათა დემონი პუტინი განედევნა. უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც 3200 კილომეტრი უკვე გავლილი ჰქონდა. მას შემდეგ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გამოკეტილი და შეიარაღებული დაცვა ყარაულობს. არადა, ექიმების მტკიცებით, შამანი საფრთხეს არ წარმოადგენს არც საკუთარი თავისთვის და არც გარშემომყოფებისათვის.
პუტინის ცრურწმენებს უკავშირებენ კიდევ ერთ ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ცრურწმენის მიხედვით, თუ ხშირად იტყვი შენი მტრის სახელს, ის დაგამარცხებს. ჰოდა, 10 წლის განმავლობაში პუტინი რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის ასე მოიხსენიებდა – „მოქალაქე, რომელზეც თქვენ საუბრობთ“, „ეს ადამიანი“ და ა.შ. მხოლოდ ნავალნის სიკვდილის შემდეგ დაიწყო პუტინმა რუსი ოპოზიციონერის გვარის დასახელება.
„პუტინს ნავალნისი მენტალურად ეშინოდა, რაც ირაციონალური იყო. არასოდეს დაასახელო მისი სახელი – ეს რაღაც წარმართული რწმენის ნაწილი იყო“, – ამბობდა ნავალნის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ლეონიდ ვოლკოვი.
სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი ციმბირული ირმების სისხლში ბანაობდა, რაც თურმე აახალგაზრდავებს და მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს.
რა სიმართლეა და რა ტყუილი ზემოხსენებულ პუტინთან დაკავშირებულ ამბებში, ვერ გეტყვით. თუმცა ქვეყანაში, სადაც რასპუტინი იყო, პუტინისა და შამანის ძმაკაცობის ამბავიც არ არის გასაკვირის. ისე, 2010 წლის მონაცემებით, რუსეთში მკითხავები და მჩხიბავები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ექიმები.
„კვირის პალიტრა“