საინტერესო

ქართველი დიპლომატი ძმების ტრაგიკული ისტორია

,,ისინი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ცხოვრების ბოლომდე, ერთმანეთს არ ელაპარებოდნენ"

დიპლომატია ხომ ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული, მაგრამ ამავე დროს უცნაურობებით სავსე სფეროა.
ქართველებთანაა დაკავშირებული ერთი უპრეცედენტო შემთხვევა დიპლომატიის ისტორიაში, რომელიც 1921 წლის დასაწყისში თურქეთში მოხდა.
საქმე იმაშია, რომ ორი ღვიძლი ძმა, სიმონ და ბუდუ მდივნები იმ დროს ერთდროულად იყვნენ ორი სხვადასხვა ქვეყნის – საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ელჩები ერთ ქვეყანაში (თურქეთში).
სიმონ მდივანი სოციალ-ფედერალისტი იყო და ისტორიაში იმით შევიდა, რომ საქართველოს პირველი ელჩი იყო ჯერ სომხეთში და შემდეგ თურქეთში (ანკარაში). სიმონმა მთელი თავისი ცხოვრება (მათ შორის, 1921 წლის შემდეგ საფრანგეთში გადასვლის შემდეგაც) საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა და 1937 წელს ემიგრაციაში აღესრულა.
ბუდუ მდივანი კი მგზნებარე ბოლშევიკი იყო. იგი მოგვიანებით მე-11 წითელი არმიის (არმია, რომელმაც საქართველო დაიპყრო) საბჭოს წევრიც იყო. თავიდან ბოლშევიკები მას იმდენად ენდობოდნენ, რომ 1921 წელს ელჩად დანიშნეს ანკარაში. მოგვიანებით, მას მაინც არ “დაუფასეს” მგზნებარე რევოლუციონერობა. ბუდუს “ნაციონალ-უკლონისტობა” და “ტროცკისტობა” დასწამეს, რის გამოც ციმბირში გადაასახლეს. ბოლოს კი ძმასავით, მანაც 1937 წელს დაასრულა ცხოვრება – ბოლშევიკებმა იგი და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და 4 ვაჟი) ერთდროულად დახვრიტეს.
მართალია, ძმები პოლიტიკური მოსაზრებების გამო ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთს არ ელაპარებოდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ერთდროულად ერთ ქვეყანაში ორ ძმას წარმოედგინოს სხვადასხვა (თანაც ერთმანეთთან მეომარი) ქვეყნები დიპლომატიის ისტორიაში სხვა არ ყოფილა.
იმაზეც მიფიქრია, ნეტა რას გრძნობდნენ ეს ძმები ერთმანეთის მიმართ და როგორ იცვლებოდა ეს ფიქრები დროსთან ერთად. მაგალითად, ალბათ შეიძლება ცალკე ნოველა დაიწეროს იმაზე, თუ რას ფიქრობდა დახვრეტისთვის განწირული ბუდუ საკუთარ ძმაზე და ფიქრებში როგორ ესაუბრებოდა მას ცხოვრების ბოლო წუთებში.
P.S. მდივნების ტრაგიკულ ისტორიაზე ხშირად მიფიქრია.
არ ვიცი, ახლა რამ გამახსენა ისევ ეს ამბავი. ალბათ იმან, რომ ძველით შობა დგება და რომ ორივე ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს განუმეორებელი ისტორიის მქონე ქართველი იყო.
შობას გილოცავთ ქართველებო და გვახსოვდეს ჩვენი ისტორია!
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close