საზოგადოება

ცერცვაძე იმ თანხის გამოყოფას ითხოვს, რომლის ათვისების უფლება სამინისტროსგან თებერვალში მიიღო

ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს 2017-18 წლების მოგების (მილიონ ლარზე მეტი) ათვისების უფლება მისცა. ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური აწერს ხელს.

დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური აწერს, კლინიკამ სამინისტროს თანხის სარგებლობაში დატოვებისა და სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობებისთვის გამოყენების თხოვნით, 2019 წლის 14 ნოემბერს მიმართა.

„თქვენი 2019 წლის 14 ნოემბრის №15/66189 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია, რათა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ 2017 და 2018 წლების მოგება – ჯამში 1 505 18700 ლარი დარჩეს ცენტრის სარგებლობაში და გამოყენებულ იქნეს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კლინიკა 20 აგვისტოდან Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღებას წყვეტდა. გადაწყვეტილების მიზეზად კი ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონა დაასახელა.

ცერცვაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე აცნობეს, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თენგიზ ცერცვაძეს კოვიდითა და აივ/ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერების შესახებ სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

მინისტრმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოყო. მსოფლიო ბანკის ფარგლებში კი გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რომ დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში.

Related Articles

Back to top button
Close