მსოფლიო

,,ჩემო შვილებო დედამიწის ყველა კუთხიდან, მამობრივად გირჩევთ, რომ მოიქცეთ შესაფერისად”

ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მიმართვა ეკლესიისადმი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. (ეს ტექსტი მის გვერდზე ქართულ ენაზეც დაიდო).

,,უფლის მიერ საყვარელნო ძმანო და შვილნო,
ფანარიდან, სამეფო ქალაქის გულიდან, „აია სოფიის“ ქალაქის, დიდი ეკლესიიდან მოგმართავთ თითოეულ თქვენთაგანს იმ უპრეცედენტო განსაცდელის საბაბით, რომლის გადატანაც გვიწევს ადამიანურ მოდგმას, საყოველთაო საშიშროების გამო, რომელსაც, კორონა ვირუსის, Covid-19 ის სახელით ცნობილი პანდემია იწვევს.
შეუძლებელია, რომ ეკლესიამ, დედა ეკლესიამ საკუთარი სიტყვა არ თქვას. ამგვარად, ჩვენი სიტყვა, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით შევიმეცნეთ, გახლავთ სამადლობელი, სამოძღვრო, განმაძლიერებელი და მანუგეშებელი.
გულწრფელად ვმადლობთ ყველას, ვინც თავგანწირვით იღწვის, საკუთარი თავისა და მათი ოჯახებისადმი ყურადღების მოკლების ხარჯზე,

– სამედიცინო და სამკურნალო დაწესებულებებს, რომლებიც ჩვენს დაავადებულ თანამოძმეებს მკურნალობენ,

– მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც შესაბამის ფარმაცევტულ მკურნალობასა და ვირუსისგან დასაცავ ვაქცინას ეძიებენ,

– ამასთანავე ყველას, ვინც ამ პანდემიის დასამარცხებლად ქმედითად არის დაკავებული.

თქვენი თავგანწირვა, საყვარელნო, არის შეუფასებელი; ეს არის თავგანწირვა მთელი საზოგადოებისთვის; ეს თავგანწირვა არის მსხვერპლი, რომელიც ყოვლგვარ პატივსა და მადლიერებას იმსახურებს.
მადლობა თქვენ, და ყველანი ერთად გიკრავთ ტაშს, არა მარტო ჩვენი სახლის აივნებიდან, არამედ ჩვენი გულებიდანაც. ჩვენი ფიქრები და ლოცვები თქვენ გეძღვნებათ.
ამ ბრძოლაში, სახელმწიფო სისტემებსა და სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ მთავარი პასუხისმგებლობა იმ მოდელის შექმნაში, რომლითაც მართებულად მოხდება ამ კრიზისული პერიოდის დაძლევა და გამკლავება. შეგვიძლია მათ ვუწოდოთ ჯარისკაცები, რომლებიც უხილავი, მაგრამ უკვე ცნობილი მტრის წინააღმდეგ იბრძვიან; მტრის, რომელიც ემუქრება კაცობრიობას.
ეს პასუხისმგებლობა, რომელიც მათ საკუთარ მხრებზე იტვირთეს, აუცილებლად მოითხოვს ჩვენს თანადგომას. დღეს არის პიროვნული, საზოგადოებრივი და ერთობლივი პასუხისმგებლობის დრო.
ამიტომაც, ჩემო შვილებო დედამიწის ყველა კუთხიდან, მამობრივად გირჩევთ, რომ მოიქცეთ შესაფერისად და მოთმინებით ყველა სირთულის დროს. ამასთანავე, აუცილებელია იმ წესების დაცვა, რომელსაც ადგენენ სამედიცინო ორგანოები და სახელმწიფო სტრუქტურები. ყოველივე ეს ჩვენს დასაცავად და ყველას სასიკეთოდ არის მიმართული, რათა ამგვარად შეჩერდეს ვირუსის გავრცელება. ამ მავნე ვირუსისგან გათავისუფლება ჩვენს თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა იგრძნო, რომ მიღებული ზომებით ილახება და უფასურდება რწმენა.
მაგრამ ის რაც, საფრთხის ქვეშაა,
არის არა რწმენა, არამედ მორწმუნენი,
არის არა ქრისტე, არამედ ჩვენ ქრისტიანები
არის არა ღმერთკაცი, არამედ ჩვენ ადამიანები.
ჩვენი რწმენა ღრმად დაფუძნებულია ჩვენი კულტურის ფესვებზე. ჩვენი რწმენა არის ცოცხალი და არანაირ საგანგებო მდგომარეობას არ ძალუძს რომ ის შეზღუდოს. ის, რისი შეზღუდვაც საჭიროა არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, არის შეკრებები და დიდი თავყრილობები. დავრჩეთ სახლებში, დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები! სახლში ვილოცოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენს სულიერ ერთობის ძალას დაყრდნობილებმა, მთელი კაცობრიობისთვის.
გადავიტანთ ამ პერიოდს უდაბნოში ხეტიალის მსგავსად, რათა უვნებლად მივაღწიოთ აღთქმულ მიწას, მაშინ, როდესაც მეცნიერება ღვთის მადლით გაიმარჯვებს ამ ვირუსზე; რადგან, დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი (მეცნიერება), ჩვენს მიერ აღვლენილი ლოცვების შეწევნითაც, უსათუოდ გაიმარჯვებს. ამდენად, კარგი იქნება, რომ ყველა ერთად ვიყოთ სულიერად შეერთებულნი, და ამგვარად გავაგრძელოთ ჩვენი ღვაწლი სინანულისა და განწმენდისათვის.
ვხედავთ, თუ როგორ იგვემებიან ჩვენი თანამოქალაქენი ამ ვირუსისგან, ხოლო ზოგიერთი უკვე გახდა მისი მსხვერპლი. ეკლესია ლოცულობს სნეულთა კურნებისათვის, გარდაცვლილთა სულების საცხონებელად და ასევე, იმ ოჯახების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად, რომელთაც განიცადეს დანაკარგი.
ჩაივლის ეს განსაცდელიც, გაიფანტებიან ღრუბლები და სიმართლის მზე განაქარვებს ამ სიკვდილის მატარებელი ვირუსის ძალას. მაგრამ, ჩვენი ცხოვრება შეიცვლება; განსაცდელიც ხომ შესაძლებლობაა უკეთესი მდგომარეობისკენ შესაცვლელად, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულსა და სოლიდარობაზე.
უფლისმიერნო შვილებო, უფლის კურთხევა გვიძღოდეს ყველა ჩვენგანს ამ გზაზე ღვთისმშობლის მეოხებით; შეცვალოს ნებსითი სიმარტოვე ჭეშმარიტ ერთობად; იქცეს ლოცვად და ჩვენი დანიშნულების წერტილად; გახდეს ჭეშმარიტებასა და ყოველივე ღვთივ სათნოში ჩვენი დაბრუნების საწინდარი.

გისურვებთ გამძლეობას!
ჩვენთან არს ღმერთი!

photo: Ecumenical Patriarchate / Nikos Manginas

https://www.facebook.com

 

Related Articles

Back to top button
Close