შავი მარგალიტი ვენეციაში
როგორ აღმოჩნდა ნინი ბადურაშვილი პრესტიჟულ კინოფესტივალზე - „ფეიქი მეგონა, აქამდე ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია“

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის სილამაზის ხაზის ამბასადორი. მისმა ფოტოებმა და ვიდეოებმა, სადაც შავ კაბაში ბრწყინავს, უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა. მას შავი მარგალიტიც უწოდეს.
.
-ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, დაუკავშირდნენ კოკი ფერაზი ფანგანს, ჩემს მეგობარს, რომელსაც „ინსტაგრამზე“ მისწერა კომპანიამ, ვინც „არმანისთვის“ არჩევდა სახეებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს შუამავალი კომპანია იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ალბათ ჩემთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, მაგრამ, რადგან კოკის ჩემი უამრავი ვიდეო უდევს, სწორედ მასთან გავიდნენ ხაზზე. როდესაც კოკიმ მითხრა, რომ „არმანიმ“ ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოდან ამბასადორად მე მიმიწვია, სიმართლე გითხრათ, თავიდან ფეიქი მეგონა. აქამდე ასეთი შემოთავაზება არასდროს მქონია. შემდეგ დავიწყეთ გადამოწმება და დავრწმუნდით, რომ სიმართლე იყო, დავიწყეთ კომუნიკაცია. როდესაც ყველა დეტალი დავაზუსტეთ, ერთად გავემგზავრეთ, რადგან კოკის გარეშე მე ამდენი რაღაცის გადაღებას ვერ მოვახერხებდი, – ამბობს ნინი ბადურაშვილი ,,ფორტუნასთან“.