სამართალი და კრიმინალი

„ქმარი ერჩოდა, ფიზიკურად უსწორდებოდა“

„ვეუბნებოდი, რომ გასცლოდა, მაგრამ მპასუხობდა, სად წავიდე, სად მაქვს წასასვლელიო“ - ჯუგაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანში მომხდარი ფემიციდის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ. ძალოვნებმა ცხელ კვალზე დააკავეს 73 წლის მამაკაცი, ალბერტ დავითელაშვილი, რომელსაც მეუღლის, 53 წლის თამარ დენტოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

.

უკვე ცნობილია, რომ მკვლელობა მათ საცხოვრებელი სახლში მოხდა, ქმარმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა:

მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს, თუმცა „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ისინი ამბობენ, რომ მოკლული ქალი ძალადობის მსხვერპლი ადრეც არაერთხელ ყოფილა – ბრალდებული მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა.

„ძალიან განვიცდი თამროს მკვლელობას. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ორი დღის წინ ვნახე და ეს ყოფილა ჩვენი ბოლო შეხვედრა. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი მეზობელია, ძალიან განადგურებულები ვართ ამ ამბით. ჩემი ქალიშვილი უყვარდა ყველაზე მეტად თამროს. ჩემი შვილიც მასზე უზომოდ შეყვარებული იყო და დაქალს ეძახდა.

თამრო 53 წლის გახდებოდა მალე. გუშინ ჩვენს სახლში იყო მოსული. ჩემმა შვილმა შეუღება თმა, შემდეგ ყავა ერთად დალიეს და წავიდა. ამის შემდეგ ჰყავს მოკლული ქმარს. ის ყავის ჭიქა ამ დრომდე არ გაურეცხავს ჩემს შვილს, მინდა, თამროს კვალი დარჩეს ზედო, ასე ამბობს.

გთხოვთ, რაც შეიძლება კარგად დაახასიათეთ ჩემი თამრო, რადგან ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. ძალიან გულკეთილი ადამიანი იყო, მხიარული, თავის დარდს რომ არ მოგახვევდა თავზე, ისეთი. ისე ახლოს ვიყავით მასთან, რომ მხოლოდ ჩვენთან თუ ამოიღებდა დარდს და შეძლებისდაგვარად, ვუმსუბუქებდით.

ახლა მართლა ძალაგამოცლილი ვარ, ისე განვიცადე მისი მკვლელობა. მის სახეზე ღრუბელს ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. 22 წელია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მანამდეც იყო ამ კაცის ცოლი. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, თუმცა ამ კაცს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილები. ეს კაცი მოძალადეა, ცოლზე ხშირად ძალადობდა, მაგრამ თამრო სულ ითმენდა, თავისსავე სავალალოდ. მას წასასვლელი არსად ჰქონდა, ეს იყო თმენის მიზეზი.

ბევრჯერ, როდესაც ის არაადამიანი ფიზიკურად უსწორდებოდა, თამროსთვის მითქვამს, რომ გასცლოდა, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო – სად წავიდე, სად მაქვს წასასვლელიო. ქმარი ყოველთვის ერჩოდა. არაერთხელ მიუყენებია მისთვის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა და ბოლოს, ასეთი ფატალური აღმოჩნდა ყველაფერი.

იცით, რა არის უბედური ადამიანი? ერთი დღე რომ პირადი ცხოვრებით არ გაუხარია, დიახ, ასეთი იყო ჩვენი თამრო.

ალბერტ დავითელაშვილია მისი მკვლელი. დანით ჰყავს მოკლული, რატომ გაიმეტა ასე, არ ვიცი. მეზობლებს იმ დღეს ხმაური არ გაუგიათ, როგორც ვიცი, მკვლელობის შემდეგ იმ საქონელს, მკვლელს, დაუძახია ერთ-ერთი მეზობლისთვის და უთქვამს, გამოხედეთ, მგონი მოვკალიო. როდესაც გასულა მეზობელი, მას უნახავს მოკლული თამრო, მაშინვე დაურეკავს სასწრაფოში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ადგილზე იყო გარდაცვლილი. ვერ გეტყვით, რატომ მოკლა, უცნაური კაცი იყო.

ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ისედაც მარტო ცხოვრობდნენ სახლში ისინი და ალბათ თვითონ იტყვის, რატომ მოკლა. ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!“, – ყვება მეზობელი.

„ოჯახში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ცოტა ხნით ადრე. ალბერტ დავითელაშვილი საკუთარმა შვილმა სცემა, ამის გამო შვილი დაჭერილია და როგორც ვიცი, მას ორი წელი მიუსაჯეს. მაშინაც რატომ იჩხუბა მამა შვილმა, ესეც თამრომ იცოდა, მამასთან ფიზიკური დაპირისპირების გამოა შვილი დაკავებული. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როგორ შეიძლება შვილმა მამაზე ხელი ასწიოს, მაგრამ ეს ისეთი გარეწარი კაცია, ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სიტყვებს არ ვიტყვი, ეტყობა, ამოუყვანა თავისი საქციელებით და ამიტომ სცემა. ისე ორივე მამა შვილი უვარგისია, თუმცა შვილი კიდევ სჯობია მამას”, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

კვრის პალიტრა, თეა ხურცილავა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close