პოლიტიკა

,,უნდა ველოდოთ არა მხოლოდ კონგრესმენთა წერილებს, არამედ სხვა ტიპის დარტყმებსაც”

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

_ ახლა, ცოტა ვრცელი მიმოხილვა იმაზე, თუ რა ხდება და რატომ ხდება, ჩემი მოკრძალებული აზრით.

როგორც ჩანს, სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქე ქილერის დაკავება მოხდა ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არ ვართ.

ქილერის დაკავების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ერთადერთი ლოგიკური და მორალური ნაბიჯი იქნებოდა მკაცრი განცხადებები რუსეთის მიმართ, რამდენადაც დაკავებული არის რუსეთის მოქალაქე და თან რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლებისგან ადგილი ჰქონდა ქილერის ობიექტის, ანუ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარას.

კიდევ გავიმეორებ, ეს იქნებოდა ერთადერთი ლოგიკური და სწორი ნაბიჯი.

ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენთ სრულიად ფანტასმაგორიულ განაზრებებს არა მხოლოდ ხელისუფლების კარის ექსპერტებისგან, არამედ ოფიციალური წარმომადგენლებისგანაც იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის მკვლელობა შედიოდა ოპოზიციის, კერძოდ ნაცმოძრაობის ინტერესებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაშიც არცერთი სიტყვით არ იყო ნახსენები რუსეთი, სამაგიეროდ უხვად იყო მინიშნებები ვიღაც დესტაბილიზაციის მოსურნე ძალებზე, “გვარს არ დავასახელებ კოლმეურნეობის თავმჯდომარე” პრინციპით.

ეს დამოკიდებულება რომ არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ ელემენტარულად უზნეო და ამორალური, ამის თაობაზეც არ უნდა იყოს ორი აზრი, ჩვენ რომ ნორმალური საზოგადოება ვიყოთ და ჯანსაღი რეაქცია გვქონდეს ნებისმიერ ბოროტებაზე, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ არ ვართ.

იმას, თუ რა არის მორალური და რა არა, ან რა არის სიმართლე და რა არა, სახელისუფლო დონეზე ადგენს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი. როგორც სამართლიანად აღნიშნა ბ-ნმა ლაშა ნაცვლიშვილმა თავის ისტორიულ სპიჩში, ბიძინა ყველგანაა და ყველაფერშია და აქაც ხელისუფლების წარმომადგენელთა სახით ჩვენ ბიძინა გველაპარაკება. ეს მისი სურვილია რუსეთიდან მოგზავნილი ქილერის ამბავში როგორმე დადანაშაულებულ იქნას ნაციონალური მოძრაობა. მას ფეხებზე ჰკიდია, რომ ეს არის აბსურდი და იდიოტობა, უნდა და მორჩა! შესაბამისად ყველა მისი ქვეშევრდომი ვალდებულია, გამოვიდეს და ეს იდიოტობა ამტკიცოს, თუ არა და კეთილი ინებოს და დაახვიოს ხელისუფლებიდან! ისინიც გამოდიან და ამტკიცებენ. ასეთი, უკაცრავად და “პოლის ტილო” (უხდება ეს ძველი საბჭოური სლენგი ამათ) როგორ უნდა იყო თავმოყვარე ადამიანი, მე კი არ მესმის, მაგრამ ეს ტილოობა მათი არჩევანია, რასაც ამ არჩევნებზე უნდა გავცეთ ადეკვატური პასუხი.

საზოგადოებაში ხელისუფლების მომხრეებს რაც შეეხება, აქ კიდევ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან
მათი დიდი ნაწილი ღიად გამოთქვამს მწუხარებას იმის თაობაზე, რომ იმ პატიოსან ქილერს საქმის ბოლომდე მიყვანა არ აცალეს. მათ ფონზე ხელისუფლების მინიშნებები ნაცების შესაძლო დამნაშავეობაზე უფრო ჰუმანურიც კი მოჩანს.

თუმცა, ბატონ ბიძინას, მიუხედავად მისი ყველგანმყოფობისა, ავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ესაა ამერიკა და სრულიად დასავლეთი, ხელისუფლების არაადეკვატური და არსებითად უზნეო რეაქცია ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე, როცა რუსეთის მიმართ პუტინს ვინ ჩივის და “კადიროვი არ გავაღიზიანოთ” მიდგომა დომინირებს და გარეთ ჩასვრილი მთავრობა შინაური ოპოზიციისკენ ცდილობს ხელის გაშვერას, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთისთვის ამაზე უკეთესი (და შესაბამისად დასავლეთისთვის არასაიმედო) ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ არის.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებზე საგარეო ზეწოლა კიდევ გაიზრდება და უახლოეს ხანში კიდევ უნდა ველოდოთ არა მხოლოდ კონგრესმენთა წერილებს, არამედ რაღაც სხვა ტიპის დარტყმებსაც.

რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, მე მგონი ყველა ჩვენგანი, ვისაც კი რაღაც ელემენტარული ადამიანობა გვაქვს შერჩნილი და არ ვართ დაბრმავებული პოლიტიკური სიძულვილით იმდენად, რომ პუტინი და კადიროვი გვერჩივნოს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი და შეუწყნარებელი ამ უზნეო კამპანიის მიმართ. პირადად მე მზად ვარ ყველა მათგანი იგივე სიტყვებით მოვიკითხო, რა სიტყვებითაც გიორგი გაბუნიამ ბატონი ვოვა მოიკითხა, რადგან რა არ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ასეთი უკაცრავად და ამორალური პროჭობა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასდროს.

Related Articles

Back to top button
Close