სულისშემძვრელი ტრაგედია ქობულეთი-ბათუმის გზაზე
„ოთხი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაა გარდაცვლილი, ერთ ეზოში გაზრდილები... განადგურებულები ვართ“

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. რის შედეგადაც, ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საუბედუროდ,უ მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი სამი დაშავებული ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.
.
გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდელები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ. დაღუპულები არიან – ლაშა ქირია, ლიზი გერგედავა, თაკო შულაია და მარიამ დოხნაძე.
„სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საშინელება მოხდა. 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ერთად გაზრდილები არიან, თანატოლები, მეგობრები, ერთ ეზოში გაზრდილები. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რაც მოხდა. განადგურებულები ვართ ყველანი. ასეთ დროს რა უნდა გითხრათ, ყველა ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები არიან. მეხის გავარდნას გავს ეს ამბავი. კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, ცეცხლი როგორ გაუჩნდა მანქანას და ეტყობა გამოსვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო. უბედურება მოხდა, როგორ უნდა მიუსამძიმრო ოჯახებს”,- ამბობს ადგილობრივი „კვირის პალიტრასთან“.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კვირის პალიტრა