საზოგადოება

პოლიტიკური და ემოციური აჟიოტაჟი განელდა. ტაქსის რეფორმა შედგა

ტაქსის რეფორმა, რომელმაც, მიუხედავად მრავალი უარყოფითი შეფასებებისა, თბილისის ქუჩებს თეთრი ფერი და გარკვეული წესრიგი დაამჩნია, შეიძლება ითქვას, რომ შედგა.

რაც შეეხება მგზავრებს, მათ კმაყოფილებას ტაქსების ფერი და მანათობელი იწვევს. ერთ-ერთი მგზავრი, თათია ამაღლობელი ამბობს, რომ შორიდანვე ხედავს მწვანე მანათობლიან თეთრი ფერის ტაქსის. ის მალევე იჭერს თადარიგს, ტროტუარის ნაპირთან მიდის და შორიდანვე ანიშნებს ტაქსისტს. მისივე თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ტაქსების სალონები სუფთაა. „რეფორმამდე, ხშირად ყოფილა, გამიჩერებია ტაქსი, გამომიღია კარი და უარი მითქვამს მგზავრობაზე, იმდენად დასვრილი იყო სავარძლები“, – იხსენებს მგზავრი.

A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლი გოჩა თაყნიაშვილი ამბობს, რომ ტაქსის რეფორმამ ქალაქისთვის და პირადად მისთვის დადებითი შედეგები მოიტანა.

„ტაქსის რეფორმა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სხვა მანქანები, რომელთა მძღოლებიც რეგულარულად არ ტაქსაობენ და მგზავრები სამსახურის გზაზე მოძრაობის დროს აჰყავდათ, ხელს აღარ გვიშლიან. ჩემს მანქანას რომ ხედავენ, უკვე იციან, რომ ტაქსი მოდის და მიქნევენ ხელს, სხვა მანქანებს აღარ აჩერებენ“, – ამბობს გოჩა თაყნიაშვილი.

„რეფორმა სწორი იყო, ასევე, თეთრი ფერის მოთხოვნა, რადგან ქალაქს შეეტყო, რომელია ტაქსი და რომელი – არა. გარდა ამისა, ახლა ტაქსები ბევრად უფრო მოწესრიგებულია შიგნიდანაც და გარედანაც. მე ჩემი რესურსით  შევცვალე მანქანის ფერი და ახლა თეთრი ტაქსი მყავს. ამან მეტი შემოსავალი გამიჩინა და ის თანხა, რაც გადავიხადე, ნამდვილად მიღირდა“, – გვარწმუნებს ტაქსის მძღოლი.

ტაქსისტი კობა ბიწაძე თბილისში ტაქსის რეფორმის დადებით ეფექტებზე საუბრობს. მისი თქმით, რეფორმის გატარების შემდეგ ქალაქში ტაქსი მარტივად გამოირჩევა თეთრი ფერით და მოქალაქეებისთვის  ვიზუალურადაც უფრო ლამაზად გამოიყურება.

„შემოსავალი ახალი რეფორმის მიღების შემდეგ უფრო გაიზარდა. ქალაქში ტაქსის მძღოლი ნამდვილად ჰგავს ტაქსის მძღოლს, თუკი ადრე  სამსახურის შემდეგ ბევრი სატაქსაოდ გამოდიოდა საღამოობით, ახლა უკვე ვეღარ გამოდიან, ანუ თბილისში მოყვარული ტაქსის მძღოლები აღარ არიან“, – ამბობს ტაქსისტი კობა ბიწაძე.

რეფორმისადმი მგზავრების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გოჩა ბიწაძე ამბობს, რომ საზოგადოება რეფორმას დადებითად შეხვდა და მოსწონს ქალაქში ერთი ფერის ტაქსი, რომელიც მგზავრს კომფორტულად ემსახურება.

„ხალხის დამოკიდებულება, პირიქით, უკეთესია. ისინი ამბობენ, რომ, როდესაც ქუჩაში გამოდიან და თეთრი ფერის მანქანას ხედავენ, იციან, რომ ის ტაქსია, მანქანა მოწესრიგებულია და კომფორტულად გადაადგილდებიან. ისინი არც ტაქსის ტარიფის გაძვირებას უჩივიან“, – ამბობს კობა ბიწაძე.

თბილისის ტაქსის რეფორმის პირველი ეტაპი 2018 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, რაც სალიცენზიო გადასახადის დაწესებას გულისხმობდა. კერძოდ, ტაქსის ლიცენზიის წლიური საფასური 100 ლარით განისაზღვრა. განსხვავებული ტარიფი – 50 ლარი დაწესდა ჰიბრიდული ავტომობილებისთვის, ხოლო ელექტრომობილებისთვის ტაქსის ლიცენზია უფასოდ გაიცემა.

რეფორმის პირველ ეტაპზე თბილისის ქუჩებში ტაქსებისთვის უფასო პარკინგის ზონები მოინიშნა.

ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი წელს 1-ელ ოქტომბერს შევიდა ძალაში, რაც გულისხმობს A კატეგორიის ტაქსებისთვის სავალდებულო თეთრ ფერს. ამ კატეგორიის ტაქსები ტექდათვალიერებას წელიწადში ორჯერ გაივლიან.

დღეისთვის თბილისში 9 000-მდე ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.

Related Articles

Back to top button
Close