სხვა

მუნი კახეთშიც გავრცელდა

„მისი გამომწვევი მიზეზი არის კანქვეშა ტკიპა, რომელიც არ არჩევს სუფთა და ნაკლებად სუფთა ადამიანს, ერთნაირად გადაედება ყველას“ - რა უნდა ვიცოდეთ მუნის შესახებ

საქართველოში მუნის გავრცელებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მშობლებისგან გავრცელდა, რომლებიც შიშობენ, რომ გავრცელების ადგილი სკოლები და ბაღებია. ტელეკომპანია „გურჯაანის“ ცნობით, მუნი დაფიქსირდა კახეთშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, იგი სწრაფად გადამდებია. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, გამონაყრისა და ძლიერი ქავილის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართონ.
.
-არის ჩვენთანაც შემთხვევები, რომლებიც საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა… აუცილებლად უნდა დაიცვან ჰიგიენური ნორმები და დისტანცია ერთმანეთთან ურთიერთობისას. მედიკოსების ჩართულობა აუცილებელია იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი და ჩატარდეს მკურნალობა,  – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

სკაბიესი ანუ მუნი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობებით, სკაბიესით ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება.

ოფიციალური სტატისტიკა მუნის შემთხვევების შესახებ საქართველოში არ არსებობს. როგორც ექიმი დერმატოლოგები ამბობენ, ის შემოდგომა – ზამთრის პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, თუმცა, არა იმ სიხშირით, როგორც წელს.

მუნის გავრცელების მასშტაბი იმატებს ცივი სეზონის დადგომისას. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს – ხშირი კონტაქტი დახურულ სივრცეში, სქელი და ბევრი ტანსაცმელი ტანზე.

მუნის გამომწვევი, ადამიანის ტკიპასთვის „ხელსაყრელი გარემო“, სადაც მას გავრცელება შეუძლია, სწორედ ქსოვილები და კანით კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხებაა.

90-იან წლებისგან განსხვავებით, როდესაც მუნისა და ტილიანობის (პედიკულიოზი) გავრცელების ძირითად მიზეზად ჰიგიენის დაუცველობა ითვლებოდა, ახლა ექიმები სხვა მიზეზებს ხედავენ, მათ შორის სტიგმას.

„მე ვაბრალებ იმას, რომ მუნის შემთხვევების მატება გამოიწვია ინფორმაციის ნაკლებობამ და საშინელი სირცხვილის განცდამ… როდესაც ვეუბნებით პაციენტს, რომ ან თავად მას, ან მის შვილს აქვს მუნი, აქვთ მძაფრი, უარყოფითი რეაქცია, იწყებენ თავის მართლებას, რომ იცით, მე რა სუფთა ვარ, ყოველთვის ვიცავ ჰიგიენის პირობებს, ამიტომ მუნი არ გვექნება. არადა მუნის გამომწვევი მიზეზი არის კანქვეშა პატარა, ადამიანის ტკიპა, რომელიც არ არჩევს სუფთა და ნაკლებად სუფთა ადამიანს, ერთნაირად გადაედება ყველას, თუკი მოხდება მჭიდრო კონტაქტი“, – ამბობს თამარ ებანოიძე რადიო „თავისუფლებასთან“.

მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში, პაციენტი უკვე აღარ ითვლება გადამდებად. ამიტომ სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, სკაბიესი კანის ერთ-ერთი ადვილად მართვადი დაავადებაა და რაც მთავარია, მცირდება მისი გავრცელების რისკი:

„მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 5-6 დღეში, ის უკან იხევს. ამიტომ აუცილებელია, რომ როგორც კი ვლინდება სიმპტომები, ადამიანმა მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში, ის იცავს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც დაინფიცირებისგან“, – ამბობს თამარ ებანოიძე რადიო „თავისუფლებასთან“.

მისივე თქმით, სხეულის ქავილსა და გამონაყარს ხშირად პაციენტები ალერგიას უკავშირებენ, აკითხავენ ალერგოლოგებს. თუმცა ის ამბობს, რომ თუკი ვლინდება მუნის სიმპტომები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ დერმატოლოგს. „ერთ-ერთი სუბიექტური შეგრძნებაა ღამის ქავილი, რადგან მუნის ტკიპა აქტიურდება სითბოში და ამიტომ დამახასიათებელია ღამის ქავილი. ამასთანავე არის კვანძოვანი გამონაყარი თავისი ნაკაწრებით. თუმცა, შესაძლოა, არც იყოს ასეთი გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია, რომ დერმატოლოგს მიმართოთ“, ამბობს ქალბატონი თამარი.

მუნის სიმპტომები

მუნის პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ, რადგან იმუნურ სისტემას სჭირდება დრო ტკიპაზე რეაგირებისთვის.

  • ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ქავილი, რომელიც ძლიერდება სითბოში და ძილის დროს;
  • კანზე წითელი წერტილები, ბუშტუკების ან პატარა კვანძების ფორმით;
  • სკაბიესის “ბილიკები” კანზე – მცირე ხვეული ან სწორი ხაზები – ყველაზე ხშირად ჩანს თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, მუცელზე, წელის მიდამოში.

მუნის გამომწვევი ტკიპა თვალით უხილავია და ის მოძრაობს კანქვეშ.

„როდესაც ვიყენებთ მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ხდება ეპიდერმული შრის (კანის ზედაპირის) ჩამოფცქვნა, კანი შრება, შესაბამისად, ტკიპები კანის გარეშე ვეღარ არსებობენ და ისინი იღუპებიან. ასევე იღუპება კვერცხებიც.

ამის შემდგომ ჩვენ გვრჩება პოსტსკაბიესური, მუნის შემდგომი დერმატიტი, ეს არის გაუხეშებული კანი, რომელიც ასევე იწვევს ქავილს, რისთვისაც უკვე ინიშნება სხვა ტიპის მკურნალობა სპეციალური აღმდგენი საშუალებებით და არა ისევ განმეორებითი მკურნალობა მუნისთვის, რომელიც კიდევ უფრო გააღიზიანებს კანს“, – ამბობს თამარ ებანოიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close