პოლიტიკა

,,მოვუწოდებ საფრანგეთის მთავრობას, შვიდეულის სამიტზე პირველ საკითხად დააყენოს საქართველოს დეოკუპაციის პრობლემა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ მოგილოცავთ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს გაბრწყინებამდე კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა. ახლაც იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ოკუპანტები შემოდიან და პირდაპირ სახლებიდან ყრიან ადამიანებს; სალოცავებიდან, საკუთარი ბაღებიდან იჭერენ, აკავებენ მოქალაქეებს საზღვრის დარღვევაზე და მიყავთ იზოლატორებში და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მართავს გამყიდველი მთავრობა, რომელი მთავრობაც გარიგებულია კრემლთან, რომ საქართველოს შემოაღობინებს, გადააღობინებს, გადაახვნევინებს.

დღეს იწყება საქართველოს მთავარი ოკუპანტის, პუტინის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში, შეხვედრები პრეზიდენტ მაკრონთან. ჩვენდა გასაოცრად, დღის წესრიგში უკრაინის, ირანის და სირიის საკითხებია და საქართველოზე _ არცერთი პუნქტი. ეს მაშინ, როცა სწორედ საფრანგეთი გახდა პასუხისმგებელი 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე, სწორედ საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სარკოზმა მოგვცა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ რუსეთის ჯარი გავიდოდა იქ, საიდანაც მოვიდა, რომ დაიწყებოდა მშვიდობიანი რეგულირების პროცესის, ერთიანი საქართველოს ფარგლებში და ეს ვალდებულება დასრულდა იმით, რომ სარკოზიმ გაგვყიდა მისტრალებზე, იაფ გაზსა და ნავთობპროდუქტებზე და საფრანგეთს ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია არც ევროკავშირში, არც გაეროში და არსად იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც მათ წინაშეც აიღო.

ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა იმით, რომ გამოგვიგზავნა არაფორმალურ მმართველად თავისი მილიარდელი ივანიშვილი, ხოლო პრეზიდენტად დაგვისვა ასევე თავისი მოქალაქე და დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არ არის მეგობრობა, პარტნიორობა, ის საფრთხე, რომელიც დღეს საქართველოშია ხვალ საფრანგეთს მიუვა, პოლონეთს მიუვა, რუმინეთს მიუვა, მთელ მსოფლიოს მიუვა, თუ შერჩა ის, რაც საქართველოში ხდება და რასაც საქართველოში აკეთებს. რომ ყოფილიყო საერთაშორისო თანამეობრობიდან სანქციები 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე, აღარ იქნებოდა უკრაინა, ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი სირია. იმის გამო, რომ ჩაყლაპა ეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, ამით გათამამებულამ პუტინმა მერე მოახდინა მთელი საერთაშორისო მდგომარეობის დესტაბილიზაცია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს აგრესია, ანექსია, ოკუპაცია, ეს არის გენოციდი, რომლის მიზანია ქართული გენისგან გაწმინდოს ქართული ტერიტორიები. სწორედ ამიტომ ბომბავენ, ამიტომ გაყავთ სახლებიდან, ამიტომ იტაცებენ. ახლა ცდილობენ, კონფლიქტის ზოლი გაწმინდონ ქართული გენისგან და ამას მთელი მსოფლიო მშვიდად უყურებს. ერთი სანქციაც კი არ არის დაწესებული დღეს რუსეთზე ევროკავშირიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს ოკუპაციის, საქართველოს ანექსიის, საქართველოში ჩადენილი მშვიდობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, ათი ათასობით ეთნიკური ქართველის განადგურებისთვის, ეროვნული ნიშნით, ნახევარი მილიონი ქართვერლის გამოძვებისთვის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

ამიტომ, მოვუწოდებ საფრანგეთის მთავრობას, 24 აგვისტოს შვიდეულის სამიტზე, რომელიც საფრანგეთში იხსნება, პირველ საკითხად დააყენოს საქართველოს დეოკუპაციის პრობლემა, ანექსიის შეწყვეტის, გენოციდი ბლოკირების საკითხი, რუსეთი მხრიდან. მხოლოდ ეს მოუტანს მშვიდობას და გადაარჩენას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ რეგიონს და მთელ მსოფლიოს. ნუ გავაკეთებთ ისე, როგორც ეს მოხდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, მოუნხენის სამარცხვინო ხელშეკრულებით, როცა მაშინდელმა საფრანგეთის და ევროპის ლიდერებმა ჰიტლერს აჩუქეს სუდეტის ოლქი და ეს ჩათვალეს მშვიდობის დასაწყისად. სწორედ ამას მოყვა მადაგახსნილი ჰიტლერისგან მეორე მსოფლიო ომის დაწყება 70 მლნ, ადამიანის მსხვერპლით. მოვუწოდებ მსოფლიო და ევროპულ პოლიტიკურ ელიტას, ნუ შევალთ მეორე სამარცხვინო მიუნხენის გარიგების პროცესში!

Related Articles

Back to top button
Close