ეკონომიკა

,,ქართულმა საბანკო მაფიამ პანდემიით ისარგებლა და 2 თვეში ასი მილიონი მოგება ნახა”

ლეიბორისტები ლარის ვარდნას ქართული ბანკების მაფიოზური ქმედებებს უკავშირებენ. პარტიამ ეს საკითხი ,,საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულმა საბანკო მაფიამ მსოფლიო პანდემიით ისარგებლა და მხოლოდ ბოლო ორ თვეში ასი მილიონი მოგება ნახა.

შალვა ნათელაშვილი:

_ ჩვენმა საბანკო მაფიამ კვლავ ისარგებლა, ამჯერად მსოფლიოში არსებული პანდემიით, შეისყიდა რაც ქართულ ბაზარზე დოლარი და ევრო ტრიალებდა, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის რეკორდული ვარდნა, გამომდინარე უმძიმესი შედეგებით. მოვუწოდებ საბანკო ოლიგარქიულ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ დანაშაულებრივი საბანკო სპეკულაციები და მოგება, რაც ამ ორ თვეში, არსებული უბედურებით ნახეთ და ეს 200 მლნ წარმართეთ იმისკენ, რომ დაიფაროს საბანკო სესხები და ყველას, დიდი ბიზნესის გარდა, ჩამოეწეროს დავალიანებები. სხვა შემთხვევაში პასუხს მკაცრად აგებთ კანონის, ხალხის, ერის და ბერის წინაშე. სამარცხვინოა, რომ მსოფლიოში, გაუფასურებულ ვალუტებს შორის პირველი ადგილი უკავია ქართულ ლირას, მეორე ადგილზეა ინდონეზიური რუპია და მესამეზე _ ზამბური კვაჩა. ეს მართლა კვაჭი კვაჭანტირაძეები! ამ დროს, მთელ მსოფლიოში სავალუტო ბაზარი სტაბილურია. ეპიდემიის მიუხედავად, დოუ- ჯონსის ინდექსი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკურ – სავალუტო პროცესებს, 11 პროცენტითაა გაზრდილი, რაც 1933 წლის მერე, როცა ამერიკა დიდი დეპრესიიდან გამოვიდა, არ მომხდარა. ორჯერ მეტადაა გაუფასურებული ქართული ლარი სომხურ დრაჰმასთან შედარებით, სტაბილურია თურქული ლირა, სათანადო პლანკა უკავია ევროს და დოლარს, სადაც ახლა პანდემიაა, ხოლო კორონა ვირუსის სამშობლო ჩინეთი მისი ვალუტის სტაბილურობას აჩვენებს. ანუ, ჩვენი ხელისუფლების _ საბანკო მაფიის მტკიცება, რომ ლარია გაუფასურება პანდემიამ გამოიწვია, სრული სიცრუეა. ლარის გაუფასურება გამოიწვია იმან, რომ ქართულმა ბანკებმა გამოიყენეს პანიკა, შეისყიდეს ქართულ ბაზარზე დოლარი და ევრო და ლარი ამან გააუფასურა.

Related Articles

Back to top button
Close