საზოგადოება

,,ივანიშვილი გლდანის ციხეში გამოკეტვითაც ვერ შემაშინებს” _ ლაშა ჩხარტიშვილზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

როგორც ცნობილი გახდა, დღეს პოლიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის, ასევე ირაკლი კაკაბაძისა და კახა კუკავას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სიცოცხლის მოსპობის მუქარის ცრუ ბრალდების საფუძველზე დაიწყო. euronews.ge ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა და გაარკვია, კონკრეტულად, რას ედავება მას პოლიცია.

ლაშა ჩხარტიშვილი:

_ პოლიციამ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ვინმე მევახშე დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიაშვილის ცრუ და შეკვეთილი საჩივარი, რომელის თანახმადაც, თითქოს, მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა მკვლელობის მუქარას მეცნიერებათა დოქტორისა და ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილის გამოსახლების დროს. ბუნებრივია, აღნიშნული წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს. რეალურად, საქმე გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის უტიფარ პოლიტიკურ დაკვეთასთან ჩემს წინააღმდეგ. მხოლოდ გასული 1 თვის განმავლობაში, უკვე ორჯერ დამაკავეს პოლიტიკური ნიშნით, მოვიხადე ადმინისტრაციული პატიმრობა და დამეკისრა რეკორდული ჯარიმა – 3000 ლარი.

_ ამბობთ, რომ გამოსახლების დროს თქვენი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია? ამის დამტკიცება შეგიძლიათ? _ პროტესტი სიტყვიერად გამოვხატეთ და არანაირ მუქარას, არც ჩემი და არც სხვების მხრიდან არ ჰქონია ადგილი და ცხადია, ვეცდებით, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ჩვენზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრით უნდათ, გადაფარონ ამაზრზენი ფაქტი, რომელიც დღეს მოხდა. ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი და ორი ხელისუფლებისაგან პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ძველი თბილისის დაცვის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მარინა ხატიაშვილი სახლიდან გამოასახლეს. ჩვენ სრულიად ელემენტარულ მოთხოვნას ვაყენებდით – ეს ადამიანი, რომელსაც დანაშაულებრივი კანონმდებლობის გამოყენებით 40 000 ლარად გაუყიდეს ვაკეში სამოთახიანი ბინა, სადაც შვილთან და ავადმყოფ ნათესავთან ერთად ცხოვრობს, დაუყონებლივ მაინც არ გამოესახლებინათ და რამდენიმე თვით გადაევადებინათ ეს პროცესი. ამის პასუხად კი, ხელისუფლებასთან დაახლოებული მევახშე, ვინმე დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიაშვილისაგან მივიღეთ „პოლიციის ძალით“ დაუყონებლივ გამოსახლებისა და დაკავების მუქარა. ამან ბუნებრივია, ჩვენი სრულიად სამართლიანი და კანონიერ ფორმებში განხორციელებული პროტესტი გამოწვია. ეს იყო სრულიად ბუნებრივი პროტესტი და სისხლის სამართალთან ეს ფაქტი ახლოსაც არ არის, მაგრამ რადგან დიდი ხანია, რაც ხელისუფლებისგან ვიდევნები, ამჯერადაც გაგრძელდა დევნა. მაქვს ეჭვი, რომ ადვოკატს სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაავალეს, ჩვენთვის მუქარის დაბრალება, მერე საქმე რომ აღეძრათ. ასე უნდათ გამაჩერონ, მაგრამ არ იციან, რომ ეს არ მოხდება. სამართლიანობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ივანიშვილი ვერც სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალებით და იზოლატორის ნაცვლად გლდანის ციხეში გამოკეტვით შემაშინებს, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან.

 

 

Related Articles

Back to top button
Close