საზოგადოება

ირინა სარიშვილი: ევროსაქებო – მიხედეთ ჩერგოლეიშვილს! მიხედეთ, სანამ გვიან არ არის!

,,აქციაზე კი ვიყავი ჩემი საწვიმრით მაგრამ ისე მოხდა რომ ჩემი სიტყვით გამოსვლა ვერ მოხერხდა. ნუ ამას არა აქვს მნიშვნელობა – აქ დავწერ რისი თქმაც მინდოდა და ყველა წაიკითხავს ვინც არის ამ მიმართვის ადრესატი.

მივმართავ ჩემ თაობას, იმ ნაწილს, რომელიც უთანაგრძნობს ახალგაზრდებს მაგრამ სახლში, ტელევიზორებიდან ამჯობინებს პროცესების ყურებას:
გამოდით გარეთ! ხვალ მაინც გამოდით გარეთ, თუნდაც იმიტომ რომ იქ ჩვენი შვილები დგანან – ჭრელი, ლამაზი და ძალიან გონიერი ახალგაზრდობა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ის რეზინის ტყვია თქვენს შვილს შეიძლება მოხვედროდა და მერწმუნეთ, ვერანაირი ძალა ვეღარ დაგაკავებთ სახლში!

მივმართავ ახალგაზრდობას – ძალიან მაგრები ხართ! მართლა ძალიან მაგრები და თქვენი კრეატიულობით შეუძლებელს ახერხებთ – ინარჩუნებთ და აძლიერებთ მუხტს და ამით რეალობას ცვლით. თქვენ ახალი ეროვნული მოძრაობა ხართ!
და სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი თქვენს გვერდით ვიდგე, მოგიყვეთ და გაგაფრთხილოთ იმ მახეებზე, რომელსაც რუსეთი ასეთ დროს აგებს და რომელმა მახეებმაც თავის დროზე, 30 წლის წინ უზარმაზარი შეცდომები დაგვაშვებინა, რის შედეგადაც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით ადამიანები, რონლებიც ერთად უნდა ვმდგარიყავით! ამ შეცდომების შედეგად ჩვენ მაშინ დაგვავიწყდა ვინ იყო ჩვენი მტერი და ვინ უნდა გვძულებოდა და ერთმანეთს დავერიეთ. ამ სიძულვილის მორევში ბევრი სრულიად შემთხვევით სიმართლის მხარეს მოხვდა, ბევრი პირიქით! ვინც ეს გავაცნობიერეთ, და მათ შორის მე ვარ, მინდა გაგაფრთხილოთ ჩემო ულამაზესო და ჩვენზე მაგარო გოგოებო და ბიჭებო: არ აყვეთ და არ დაუჯეროთ არავის, ვინც თქვენს შორის შუღლის დათესვას ეცდება; არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ პოლიტიკოსები არ უნდა გაიკაროთ – ამას ვინც გეუბნებათ, მას სათავისოდ უნდიხართ გამოსაყენებლად და თქვენ ისეთი მაგრები ხართ, არ უნდა გამოაყენებინოთ თავი არავის. დაიყენეთ გვერდით ყველა, ვისთანაც ფუნდამენტურ შეხედულებებში თანხმდებით – თავისუფლება და დასავლური ღირებულებები, აკრიტიკეთ ვინც არ მოგწონთ, მიუთითეთ შეცდომები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამის გამო ხელი არ კრათ ერთმანეთს! აიტანეთ განსხვავებული აზრი და უარი თქვით შერჩევით სამართალზე, საერთოდ, ორმაგ სტანდარტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის არასასურველი თუნდაც მეტოქის თავს როცა უსამართლობაა, მას ისევე უნდა დაუდგეთ გვერდით როგორც საკუთარ თანამოაზრეს! სხვანაირად გაგყოფენ, დაგანაწევრებენ, შეგაძულებენ ერთმანეთს და შედეგად ისევ იმ სიძულვილის მორევში ჩაეფლობით, საიდანაც მხოლოდ ძალიან ცოტამ დავაღწიეთ თავი!

მივმართავ პოლიტიკოსებს – არც ერთი წუთით არ იფიქროთ ამ ბავშვების თქვენი მიზნებისთვის გამოყენება! ერთადერთი რაც თქვენს მოვალეობაშია – გვერდით დაუდგეთ მათ თქვენი ცოდნით და გამოცდილებით და მათთან ერთად იყოთ და არა მართოთ! არ გამართინებენ ეს ბავშვები თავს – ძალიან მაგრები არიან იმისათვის რომ სხვის ჭკუაზე იარონ! ერთად უნდა ვიყოთ ყველა თორემ ნებისმიერი ვირეშმაკობა პოლიტიკოსის მხრიდან ძალიან ცუდად დახვდება წინ პირველ რიგში თვითონ ამ პოლიტიკურ ძალას და საქმესაც დააზარალებს!
ევროსაქებო – მიხედეთ ჩერგოლეიშვილს! მიხედეთ, სანამ გვიან არ არის!

და რაც მთავარია: 29 ივნისს, საღამოს 7 საათზე ყველა, ვისთვისაც სულ ერთი არ არის შვილების მომავალი, შვილების მოწოდებით და შვილების გვერდით, ყველა ერთად ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე!
შეხვედრამდე” _ წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close