ეკონომიკა

,,ირაკლი კობახიძე მე-18 საუკუნის ადამ სმიტისეულ ლიბერასტულ ეკონომიკურ აზროვნებაშია ჩარჩენილი”

ანზორ საკანდელიძე
რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე:

_ 2019 წლის 11 ივნისის ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „სულ რომ მოიყვანო 10 ადამ სმიტი საქართველოს მთავრობაში, ვერავინ ვერ მიაღწევს ორნიშნა მაჩვენებელს ეკონომიკური ზრდის“. შემდეგ ის ამბობს, რომ „ამას ჭირდება 8 წელიწადი“ და თუ ვინმე გეტყვის გააკეთებს 2 წელიწადში, „ეს იქნება ჩვეულებრივი ტყუილი“.
ამ სიტყვებმა გამახსენა ნაციონალების ლიბერასტობით გამორჩეული ოდიოზური ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის 2006 წლის მაისში საჯაროდ გაკეთებული განცხადება: „თუ ვინმე იტყვის, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკას რაიმეს უშველის და ფეხზე დააყენებს, ის იქნება მატყუარა და მზად ვარ ამ მატყუარას სახეში გულიანად შევაფურთხო“. ამ დროს ჩვენი ეკონომიკური პროგრამა 2003 წელს უკვე შეთანხმებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან. პროგრამის შემდგომ მსვლელობას კი აფერხებდა ახლად გამინისტრებული ბენდუქიძე, რომელსაც 2006 წლის 8-14 მაისის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ვუპასუხე: „თუ ჩემი პროგრამა არ გაამართლებს, მზად ვარ 10-ჯერ შემაფურთხო, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ერთ გულიან შეფურთხებასაც დავჯერდები“.
როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, 2011 წლის 28 ნოემბერი – 4 დეკემბრის „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ სათაურით: „კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის მოემზადოს!“ სამწუხაროდ, კოჰაბიტაციის წყალობით ბენდუქიძე კვლავ გადაურჩა ჩემგან შეფურთხებას. ამის გამო ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავზე, 2013 წლის 21-27 ოქტომბრის „ასავალ-დასავალში“ მივმართე ბიძინა ივანიშვილს სათაურში გამოტანილი სიტყვებით: „ბატონო ბიძინა, მომეცით საშუალება, ბენდუქიძეს სახეში გულიანად შევაფურთხო!“ მიმართვას კი ვასრულებდი ამ სიტყვებით: „დროზე მომეცით საშუალება 2-3 წელიწადში რაიმე ვუშველოთ ჩვენს განადგურებულ ეკონომიკას და შევაფურთხო ბენდუქიძეს, სანამ დამშეულ საქართველოს საბოლოოდ არ მიუფურთხებია ქართული ოცნებისათვის!“
ჩემი სიმართლის დამამტკიცებელ, 6 წელიწადია პარლამენტში შეტანილ ეკონომიკურ პროგრამაზე, რომლის განხილვას დღემდე საშველი არ დააყენა პარლამენტის არც ძველმა და არც ახალმა თავმჯდომარემ, ბატონ ირაკლის შეფურთხებაზე ვერ დავენიძლავები, მაგრამ ვიწვევ ღია ტელედებატებში, რაზედაც ბენდუქიძე ყოველთვის უარზე იყო. აქვე აუცილებლად მინდა ვუთხრა ბატონ ირაკლის: იმ პარლამენტში, რომლის თავმჯდომარე ბრძანდებით, გიზით არა 10, არამედ მინიმუმ 100 ადამ სმიტისეული ლიბერასტული ეკონომიკური აზროვნების პარლამენტარი და ამიტომ არ მოაქვს არავითარი ეკონომიკური სიკეთე მათ მიერ მიღებულ ლიბერასტულ ეკონომიკურ კანონებს. ვერც ვერასდროს ვერ მოიტანს, რადგან ირაკლი კობახიძის მიერ ეკონომიკურ კერპად შერაცხულმა ადამ სმიტისეულმა ლიბერასტულმა არარეგულირებად-ანარქიულმა საბაზრო ეკონომიკამ მსოფლიო ეკონომიკაში გააბატონა მაფიოზურ-ეკონომიკური კლანები, მაქსიმალურად გაამდიდრა მდიდრები, მაქსიმალურად გააღატაკა ღატაკები და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ერთმანეთს მდიდართა და ღარიბთა ფენები. ზუსტად ეს პროცესები მიმდინარეობს დღეს საქართველოში!
ასეთი სამოქალაქო დაპირისპირებები სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგში გადაიზარდა ისეთი მასშტაბის გაფიცვებში, მანიფესტაციებში, არეულობებსა და სისხლიან რევოლუციებში (რაც საქართველოშიც არის მოსალოდნელი!), რომლებმაც მსოფლიო ცივილიზაციის არსებობასაც კი შეუქმნეს საფრთხე. საბედნიეროდ, მე-20 საუკუნეში ჯონ კეინსის თეორიამ „ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკა სახელმწიფო რეგულირების გარეშე განწირულია დასაღუპავად“ გაიმარჯვა ადამ სმიტისეულ ლიბერასტულ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ თომას ჯეფერსონის თეორიაზე „სახელმწიფო ყველაზე კარგად მაშინ მართავს ეკონომიკას, როცა საერთოდ არ მართავს“, ანუ როცა ეკონომიკას ძირითადად მართავს არა სახელმწიფო, არამედ ჩრდილოვან ეკონომიკაზე დაფუძნებულ მაფიოზურ-ეკონომიკური კლანები.
სამწუხაროდ, ამის მკაფიო მაგალითია საქართველო, სადაც ბატონი ირაკლის საყვარელმა მსოფლიო ბანკმა 2012 წელს ოფიციალურად დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა, რაც დღემდე გრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკის 72%-ს აკონტროლებს და მართავს ეკონომიკური მაფია და მხოლოდ 28%-ს სახელმწიფო!
აქედან გამომდინარე, არალიბერასტული ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებით შესაძლებელია 2-3 წელიწადში 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩამოვიყვანოთ აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოური ქვეყნების 20%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო მაჩვენებელზე, რის შედეგადაც სახელმწიფო გააკონტროლებს ეკონომიკის 80%-ს და ეკონომიკური მაფია კი მხოლოდ 20%-ს. ამით მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე არათუ ორნიშნა მაჩვენებლით, რაც მე-18 საუკუნეში ჩარჩენილ ბატონ ირაკლის შეუძლებლად მიაჩნია, არამედ სამნიშნა მაჩვენებლითაც კი. ამიტომ მივმართავთ ბატონ ირაკლის თამაზ წივწივაძის ბრწყინვალე სატირისტული ნაწარმოების ამ სათაურით: „გაიღვიძე, გრიშა ბიძია, დეპოში ვართ!“ დიახ, გაიღვიძეთ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მე-18 კი არა, 21-ე საუკუნის დეპოში ვართ!
ამრიგად, ქართული ოცნება 6 წელიწადზე მეტია უარს გვეუბნება ქართველი ხალხის სასიცოცხლო ასეთი ეკონომიკური რეფომების განხორციელებაზე. ამ რეფორმებს შორის კი გამორჩეულია ჩვენს მიერ 75-გვერდიან სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333), პრაქტიკული ამოქმედებისათვის გამზადებული, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული, 2006 წელს დანაშაულებრივად გაუქმებული და დღემდე არაღდგენილი ერთადერთი კანონის აღდგენაზე, ანუ დასაქმების დაწყებაზე, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის გარანტირებულ კომპენსაციაზე, ანუ სამართლიანობის აღდგენაზე და არალიბერასტული ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებაზე დაფუძნებული „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის“ ამოქმედება, რაც მაქსიმალურად დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას დღეს საოცნებო არა ორნიშნა, არამედ სამნიშნა მაჩვენებლითაც კი!
ეს უნიკალური „კონცეფცია-პროგრამა“ ჩვენს მიერ მიგნებული სახელობითი საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტებით საბიუჯეტო ხარჯების გარეშე უზრუნველყოფს ასეულ ათასობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის თანდათანობით ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაციას უმაღლესი რენტაბელობის პროდუქციის მწარმოებელი ასობით ახალი მცირე საწარმოების მილიარდობით ლარის ადგილობრივ ინვესტიციებად და ამ გზით ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილებს. 6-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები კი, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, ავტომატურად დამატებით შეიქმნება ამ ახალი მცირე საწარმოების გარეთ, არასამრეწველო ბიზნესებში!
ჩვენი „კონცეფცია-პროგრამა“ფაქტობრივად ეკონომიკური რევოლუციაა. ეს პროგრამა სათაურით „მივმართავთ ხელისუფლებას – დაიწყეთ ეკონომიკური რევოლუცია და გადარჩებით პოლიტიკურ რევოლუციას!“ ბატონმა ლაშა ნადარეიშვილმა მოკლე ანოტაციურ ფორმატში გამომიქვეყნა 2011 წლის 18-24 აპრილის „ასავალ-დასავალში“. ნაციონალებმა ყური არ დამიგდეს, არ დაიწყეს ეკონომიკური რევოლუცია და 1 წელიწადში მიიღეს მშვიდობიანი პოლიტიკური რევოლუცია ხელისუფლების დაკარგვით. ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას: თუ თქვენც არ დამიგდებთ ყურს და არ დაიწყებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ რევოლუციას, 1 წელიწადში მიიღებთ მშვიდობიან პოლიტიკურ რევოლუციას ხელისუფლების დაკარგვით!

 

 

Related Articles

Back to top button
Close