„იმ დღეს სამყარო ჩამომენგრა და ჩამომეშალა“
ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილის მძიმე განსაცდელი და ახალი საქმე - „ჩემი შვილი საოპერაციოში ჩემი ხელით შევიყვანე, არ შედიოდა და საკუთარი ხელით გავუკეთე ნარკოზი“

წელიწად-ნახევრის წინ, ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილის ცხოვრებაში უმძიმესი დღეები დაიწყო.4 წლის შვილს – დათი ყაჯრიშვილს სიმსივნე დაუდგინდა. მამამ შვილის გადასარჩენად ბევრი იბრძოლა. ოჯახმა უმძიმესი გზა გაიარა. თუ როგორ გრძნობს დღეს დათი თავს, როგორია ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ თემაზე და ახალ ჰობიზე თორნიკე ყაჯრიშვილი ამბები.ჯი-ის ესაუბრა:
.
– გასული წლის აპრილის ბოლოს დათი კახეთში ჩემს მშობლებთან მიმყავდა, ძალიან უყვარს იქ ყოფნა. გზაში ბევრი ტკბილეული ჭამა და აღებინა. ჩავთვალე, რომ იმ ტკბილეულით მოიწამლა. ჩავედით, დავტოვე და ისევ თბილისში წამოვედი. ღებინება რამდენჯერმე გაუმეორდა, – უბრალო ინტოქსიკაციას აღარ ჰგავდა, ღებინების საწინააღმდეგო წამალიც არ მოქმედებდა. დედაჩემმა დამირეკა, – გაუწყლოება რომ არ დაემართოს, კლინიკაში წავიყვანეთ, გადასხმას ვუკეთებთო. გავქანდი და ზუსტად იმ დროს მივედი კლინიკაში, გადასხმა რომ დასრულდა. ბავშვი რომ წამოვაყენე, თვალი უეცრად შიგნით შეუვიდა – წამიერად დაელმდა. პანიკაში ჩავვარდი, – რა სჭირს-მეთქი? – ვყვიროდი. ექიმები შემოცვივდნენ, სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ. არადა ანალიზები წესრიგში იყო.
მერე თქვეს, მოდი, გადასხმის შემდეგ დავასვენოთ, დაიძინოს, დავაკვირდეთ და ვნახოთო. რომ გაიღვიძა, თვალი უარესად ჰქონდა. ძალიან შემეშინდა, იქიდან ღამევე წამოვიყვანეთ და თავის პედიატრთან მივიყვანეთ. შეამოწმა, ყველაფერი წესრიგში იყო და საკონსულტაციოდ ნევროპათოლოგთან გაგვიშვა.
ექიმმა ნევროლოგიურადაც ვერაფერი აღმოაჩინა, მაგრამ საშინელი სიელმე ჰქონდა და იმ სიელმემ გარეგნულად ძალიან შეცვალა… მერე გვითხრეს, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია სასწრაფოდ უნდა გაკეთდესო. ნარკოზის გარეშე ვერ გაკეთდებოდა, რადგან ბავშვია, იმოძრავებდა და გაუნძრევლად 45 წუთი ვერ გაჩერდებოდა, რაც კვლევას ხელს შეუშლიდა.
მოკლედ, დააძინეს, ჩვენ გარეთ ველოდებოდით. 15 წუთში ექთანი გამოვიდა და შეგვატყობინა, რომ ყაჯრიშვილის მშობლებს ექიმი ეძახდა. ძალიან შემეშინდა… ახლაც ყურში ჩამესმის ექიმის ის ინტონაცია და პირველი კითხვა, რაც მეც და თაკოს, დათის დედას დაუსვა. ეს ერთი შვილი გყავთ?! ამან საეროდ გამაგიჟა და მონიტორზე გვაჩვენა რაღაც მრგვალი სიშავე და გვითხრა, სამწუხაროდ, სიმსივნეაო.
– რა მძიმე მოსასმენი იქნებოდა…
– ამის გაგონების შემდეგ აღარ მახსოვს, რადიოლოგის ოთახიდან კლინიკის ეზოში როგორ აღმოვჩნდი. ეგ ყველაფერი ამოვარდნილი მაქვს გონებიდან – მახსოვს, რომ ისტერიკულად ვბღაოდი, ნაცნობ ექიმებთან ვრეკავდი და ვეკითხებოდი, რა უნდა მექნა.
აღმოჩნდა, რომ დათის სიმსივნე თავის და ზურგის ტვინის შეერთებასთან, მეოთხე პარკუჭთან ჰქონდა. იყო მედულობლასტომა, რომელიც არავინ იცის, როდის, რა დროს, რა მიზეზით გაიზარდა. მანამდე დათი 4 წლის ისე გახდა, რომ ერთხელ არ უთქვამს, თავი მტკივაო, ან თავბრუ დამეხვაო. თან გეგმიურად ანალიზებს ყოველთვის ვუკეთებდით და ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
მოკლედ, იმ დროს სამყარო ჩამომენგრა და ჩამომეშალა. ბრინჯივით დავიფანტე, მორალურად გავნადგურდი და მერე მთელი ერთი თვე ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად გონება მომეკრიბა. ჩემგან განსხვავებით, დათის დედამ, თაკომ იყოჩაღა, გონზე სწრაფად მოვიდა. იქიდანვე ადგა და დისკით ნეიროქირურგთან გაიქცა. ნეიროქირურგმა დაადასტურა, რომ ეს ის დიაგნოზი იყო, რაც რადიოლოგმა თქვა და ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო… დიაგნოზის გაგებიდან მესამე დღეს ოპერაცია რკინიგზის საავადმყოფოში ჩატარდა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს.
– გადასხმა მანამდე არასდროს ჰქონდა გაკეთებული?
– პირველი იყო და სწორედ მაგ გადასხმამ გამოიწვია სიმსივნის შეშუპება, რაც მერე მხედველობის უბანს მიაწვა. ეგ რომ არა, შეიძლება ვერც გაგვეგო ამ სიმსივნის შესახებ და უკვე მაშინ შეგვეტყო, როცა ორგანიზმში მეტასტაზები იქნებოდა წასული… სიმსივნე პარკუჭში იყო მოთავსებული და არსად იყო გასული, მასშივე გაიზარდა. მხედველობის უბანს რომ მიაწვა, სიელმეც ამან გამოიწვია.
– დიდხანს მიდიოდა ოპერაცია?
– სამი საათი, მაგრამ ჩემთვის სამი საათი სამი საუკუნე იყო. პირველად ხომ მაშინ მოვკვდი, როდესაც დიაგნოზის შესახებ გავიგეთ და მეორედ, როდესაც ჩემი შვილი საოპერაციოში ჩემი ხელით შევიყვანე. არ შედიოდა და საკუთარი ხელით გავუკეთე ნარკოზი… არავინ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ის ყველაფერი…
შეხორცების პროცესი რთულად წავიდა, – ჭრილობიდან სითხე გადმოდიოდა, რაც მენინგიტის განვითარების რისკს ზრდიდა. თითქმის 20 დღის განმავლობაში ყოველ დღე 3-4 ნაკერს ადებდნენ, რომ სითხის გადმოდენა შეეჩერებინათ. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ… ოპერაციის შემდეგ ხელოვნურად ეძინა, რომ ძირითადი ტკივილები ძილში გადაეტანა. ექიმებმა რომ გააღვიძეს, უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა, უამრავი რამ ჰქონდა შეერთებული, თავს ვერ ამოძრავებდა და სტრესის ფონზე მეტყველება შეწყვიტა. საერთოდ ხმას აღარ იღებდა. მხოლოდ მეთერთმეტე დღეს თქვა პირველად მამა. ეს იყო იმ ყველაფრის მერე ჩვენი პირველი სიხარული. კლინიკიდან 25 მაისს, ჩემს დაბადების დღეს გამოგვწერეს.
– ცხადია მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელებულიყო…
– მაშინვე გვითხრეს ექიმებმა, რომ აუცილებელი იყო შემდგომი მკურნალობა – ქიმიოთერაპია. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ესპანეთში, კონკრეტულად მადრიდში,„ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრში“ წავედით. ესპანეთში 15 თვე ვიყავით. დათი კვირაში 5 დღე, ერთი საათის განმავლობაში, სხივებს რომ უკეთებდნენ, ნარკოზის ქვეშ იყო. სხივების შემდეგ დაგვასვენეს და მაშინ ცოტა ხნით ჩამოვედით, თან გენეტიკურ ანალიზს დიდი დრო სჭირდებოდა. ერთი თვის შემდეგ ქიმიოთერაპია დავიწყეთ – 8 ქიმია გაუკეთდა. მერვე 5 სექტემბერს გაკეთდა.
– ამხელა განსაცდელს როგორ მოერიეთ, რამ გადაგატანინათ?
– იმის ძალას, რომ აქამდე მოვედით, თვითონ დათი გვაძლევდა. დათი იყო ყველაფრის ენერგიის წყარო. წარმოუდგენლად ძლიერი ბიჭი აღმოჩნდა. იმდენი ტკივილი და იმდენი რთული დღე ჰქონდა, მაგრამ ჩემპიონივით გადაიტანა. ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა, ბოლომდე მხნეობა უნდა შეგვენარჩუნებინა. ქიმიის დროს სამი დღე კლინიკაში ვრჩებოდით და დანარჩენი დღეები სახლში ვიყავით. კონტროლზე, ანალიზებზე კვირაში ორჯერ დავდიოდით. დიდ მადლობას ვუხდი ადამიანებს, ვინც იმ მძიმე დღეებში გვერდში დაგვიდგნენ. მათი მხარდაჭერა, შემოწირულობა – ენით აუწერელი სიკეთე იყო.
– ახლა როგორ არის დათი?
– იმის ფონზე, რაც ბავშვმა გამოიარა, ნორმალურად გრძნობს თავს. ესპანეთში 15 თვე ვიყავით, მკურნალობა დავასრულეთ. ახლა ერთი კვირით მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გადასაღებად ისევ ესპანეთში მივდივართ. ერთი მკურნალობის დაწყებამდე გადაუღეს, სხივების დამთავრების შემდეგ და ახლა ქიმიის დასრულების მერეა გადასაღები, რომ შეადარონ.
დათი კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესია გასავლელი. 5 წელი საყურადღებო პერიოდი გვაქვს. 2 წლის განმავლობაში უნდა გადავიღოთ MRT და ანალიზები ჩავიტაროთ. ბოლო სამი წელი, 6 თვეში ერთხელ ესპანეთში გამოკვლევებზე უნდა ვიაროთ. ძირითადი რთული გზა კი გავიარეთ, მაგრამ ახლაც რთული ეტაპია გასავლელი.
– რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შენი საოცარი ნამუშევრები გამოაქვეყნე, რამაც ყველა გაგვაოცა… მოგვიყევი ამ ახალ გატაცებაზე… ალბათ ნამუშევრების კეთება შენთვის რთულ დღეებში ერთგვარი თერაპია იყო…
– ბავშვობაში, სკოლის პერიოდში მოყვარულის დონეზე ვხატავდი, მაგრამ მერე მივატოვე. ესპანეთში ყოფნისას ერთ-ერთ მაღაზიაში აკრილის საღებავების ნაკრებს წავაწყდი, რომელმაც ყურადღება მიიქცია. ვიყიდე ტილოც და სახლში დავხატე. ერთ ნახატს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა რამდენიმე ნამუშევარი. ყველაფერი სერიოზული თერაპია აღმოჩნდა. ხატვის პროცესში 1-2 საათი აბსოლუტურად ვითიშებოდი. ოღონდ, გამიზნულად არ ყოფილა, ახლა არტთერაპია მჭირდება-მეთქი. ბუნებრივად, თავისთავად მოხდა.
მერე სხვა მაღაზიაში რატანი აღმოვაჩინე. რატანი ხის მასალაა, წვრილი ტოტები, რითაც ხის ავეჯი იწნება. ეს მასალა ჯუნგლებში მოდის – ეგზოტიკურ ტყეებში და ძნელად მოიპოვება, თან არ არის დიდი რაოდენობით. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, მქონოდა, რბილი ავეჯის საწარმო. მოკლედ, იმ ერთი ხვიით, რაც იმ მაღაზიაში შევიძინე, გავაკეთე სანათი, რკინის კარკასზე მოვწანი. პირველი ნამუშევარი ძალიან ლამაზი არ გამოსულა, მაგრამ პირველს მეორე მოჰყვა… მერე ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეო ვნახე, ამ მასალით როგორ მუშაობდნენ. საერთოდ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი პრინციპია, არავის ნამუშევარი გავიმეორო. ვცდილობ, ჩემი ფანტაზიები მეტად ჩავრთო და გავაერთიანო. ნამუშევრები ასე ნელ-ნელა დამიგროვდა. არის სანათები, სანათის თავები, კალათა და სხვადასხვა რამ. რთული იყო იმ ნივთების ესპანეთიდან აქ გამოგზავნა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე.
მოკლედ, ჰობით დაწყებული საქმე ბიზნესად მინდა, ვაქციო, თუმცა სიტუაციასაც გააჩნია. ფაქტია, რომ შრომატევადია, დროს, ენერგიას და ნერვებს მოითხოვს. რთლია, ერთმა ეს საქმე ადამიანმა აკეთოს. ამიტომ, ეს ყველაფერი მინდა, კომპანია „ტოტანად“ ჩამოყალიბდეს. ტოტანი ესპანური სიტყვაა და ტოტს ნიშნავს. რადგან ქართულადაც ტოტია. ამიტომ მინდა, მისი ქართულ-ესპანური ბრენდად ჩამოყალიბება. ამის გარდა თიხაზე მუშაობის სწავლასაც ვაპირებ, რომ სანათის ძირები დავამზადო. მერე კი სიამოვნებით დავიმატებ რამდენიმე თანამშრომელს, ვისაც ეს საქმე მოსწონს და აქვს მშვიდი ნერვები. ძალიან მინდა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. სამომავლოდ კი, უკვე მოწნულ ავეჯზეც გადავალ..