იმედა კახიანის დიდი სიყვარულის ამბავი
„თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც გავგიჟდები და გადავირევი“

მსახიობი იმედა კახიანი და აღმოსავლეთმცოდნე ფლორა ანთიძე 60 წელზე მეტია, რაც ერთად არიან და დღემდე ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. მათ თავიანთ სიყვარულზე „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრეს.
.
იმედა კახიანი: ამით ვიწყებ დილას: „ძვირფასო” და „სიყვარულო”. თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც გავგიჟდები და გადავირევი. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, სულ მომწონდა, ლამაზი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. მაშინ „საბუდარელ ჭაბუკს” ვიღებდით და თებროლეს როლზე გოგონას ეძებდნენ. ბევრი ლამაზი გოგონა მოიყვანეს სასინჯ გადაღებაზე. მათ შორის, ფლორაც…
დაწუნებული სასიძო ვიყავი, სასიდედროს არ მოვწონდი. მაგრამ ვერ გაამტყუნებ, ოთხჯერ ვიყავი ინსტიტუტიდან გარიცხული. ბირჟაზე დგასო… პლეხანოვზე ვცხოვრობდი და სად წავსულიყავი, ჩემს სახლთან ვიდექი. მაგრამ ქუჩაში დგასო, გარიცხულია და არ გვინდაო… გარიცხული და უდიპლომო კაცი ვის უნდოდა? დიპლომი ახლახან ავიღე, მაგრამ შურა აღარაა ცოცხალი…
ფლორა ანთიძე: თუ გოგოს სურვილი აქვს, ყველაფერს ახერხებს. ვახერხებდით მაინც შეხვედრას. ხანდახან მშობლებს ვეუბნებოდი, დაგიჯერეთ და დავშორდი-თქო. შურა ხანდახან მამოწმებდა, დავშორდი თუ არა. სამი წელი რომ გავიდა და ჩემსას არ ვიშლიდი, მამამ მითხრა, კარგი, რაკი არ იშლი, გაყევიო. და აღმოჩნდა ძალიან მოსიყვარულე, ოჯახის ერთგული, კარგი მამა, კარგი მეუღლე. გარდა ამისა, აქვს ძალიან კარგი იუმორი…
ძალიან ძნელ წუთებშიც, რაც გამოგვივლია ცხოვრებაში, ძალიან მძიმე და ტრაგიკული თვეები, წლებიც კი, სულ ცდილობს, ამ იუმორით რაღაც შეამსუბუქოს… იუმორით სავსეა, მთელი ცხოვრება იუმორით გამატარებინა და დღემდე ასე მოვედით.




