
თბილისში. „ვაგზლის მოედანზე” საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
.
-სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.
იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან „მყისიერად განახორციელეს” მოქალაქეების ევაკუაცია. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.