ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის
„ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის,“-ასე ეხმაურება ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „კომერსანტთან“ მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირების საკითხს. მისი განმარტებით, მედიკამენტების 90%-ზე მეტი ევროპიდან შემოდის, მას ქვეყანა ევროზე/დოლარზე ყიდულობს, ამიტომ ლარში გამოხატული ფასები, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის ძვირი გამოდის.
როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, რეგულაციები არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეეწყოს და ისე იმუშაოს, რომ ღირსეულ ფასად მოამარაგოს ქვეყანა მედიკამენტებით. ბიზნესმენი ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ქვეყანამ ამ კუთხითაც გარღვევა უნდა მოახდინოს და რაც შეიძლება მეტი პროდუქცია ადგილზე უნდა აწარმოოს.
„მაგალითად, ბელორუსში, ადილობრივ ბაზარზე რა მედიკამენტებიც მიეწოდეებათ, აქედან 60%-მდე არის ადგილობრივი ნაწარმი და მათი ფასი ხელმისაწვდომია. თუ დაარეგულირებენ და ევროპულ, საუკეთესო გამოცდილებას გამოიყენებენ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს,“-აღნიშნავს ოქრიაშვილი.
რაც შეეხება იმას, რომ მედიკამენტები თურქეთში საქართველოსთან შედარებით გაცილებით იაფია, ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთში დაახლოებით 70-მდე დასახელების მედიკამენტი მართლაც იაფია საქართველოს ფასებთან შედარებით. ამის მიზეზი კი თურქეთში არსებული ადგილობრივი ფარმაციაა.
„ადგილზე 10-მდე ძალიან უმსხვილესი და ძალიან კარგი ფარმაცევტული საწარმოა. იქ თავის დროზე თურქეთის ხელისუფლებამ ხელი შეუწყო და წინ წამოწია ეს დარგი. სულ რაღაც 30 წელიწადში გარღვევა ჩვენთანაც უნდა გაკეთდეს. ამის შემდეგ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება,“-აცხადებს ოქრიაშვილი.
რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების მოგებას, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დღეს ამ დარგში წლიური მოგება 4-8%-ს შეადგენს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 სექტებერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ, განაცხადა, რომ სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას ფასთწარმოქმნის პრინციპით.
სოფო ქსოვრელი
წყარო: https://commersant.ge