ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავისთვის რაკეტის მოხვედრის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში.

სააგენტო „ფარსი“ ირანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავება უკავშირდება ინციდენტის გარემოებების დადგენას. საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სოციალური ქსელებით 9 იანვარს გავრცელდა, ირანის ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებამდე.

ამასთან, ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ამჟამად ლონდონში მყოფმა ნარიმან გარიბმა, რომელმაც ეს ჩანაწერი პირველმა გაავრცელა, განაცხადა, რომ წყარო, რომლისგანაც ვიდეომასალა მიიღო უსაფრთხოდაა და ირანის ხელისუფლებამ სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი დააკავა.

14 იანვარს ინტერნეტით გავრცელდა კიდევ ერთი, ვიდეომეთვალყურეობის კამერით გადაღებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, სამგზავრო თვითმფრინავს დაახლოებით 30 წამის ინტერვალით ორი რაკეტა მოხვდა. ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა ამერიკულმა გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“.

ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარები